„ხელისუფლება კონსტიტუციას ექცევა როგორც ქოთანს“

„ხელისუფლება კონსტიტუციას ექცევა როგორც ქოთანს“

მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა დადო, თან ივანიშვილს რჩევაც მისცა, - ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მოგვმართეო. ამ ადამიანს კი არ სურს ორმაგი მოქალაქეობა. ამასთანავე, აქ არის მეორე მომენტიც - ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია ან მოგანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, ან არა, ეს მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი პრეზიდენტი ვალდებულია მოქალაქის ეს თხოვნა დააკმაყოფილოს. ივანიშვილის იურისტების განცხადებით, სწორედ ამიტომ მოითხოვეს მათ ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა.

სამოქალაქო რეესტრის უარყოფითი დასკვნის შემდეგ „ქრისტიან - დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება - უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლიც დაბადებულია საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ათი წელი აქვს ნაცხოვრები, უფლება ეძლევა კენჭი იყაროს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ან დაიკავოს მაღალი სახელმწიფო თანამდებობა. საპარლამენტო უმრავლესობამ ამ ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი და პარლამენტში უკვე დაწყებულია ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა.

ცხადი ხდება, რომ ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც მასზე ხორციელდება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, თუმცა, მოქალაქეობა მაინც არ მისცეს და ხელისუფლებამ „ქრისტიან - დემოკრატებს“ ახალი ინიციატივა გაახმოვანებინა. ხელისუფლება ამ ინიციატივით ერთდროულად ორი კურდღელის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ, დაჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, და მეორეს მხრივ, დემოკრატიულობის მანტიასაც მოისხამს და სათქმელად ექნება - ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე კონსტიტუციაშიც კი შეგვაქვს ცვლილებაო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს, რაზეც უკვე რამდენიმე დღეა იურისტები და პოლიტიკური ექსპერტები საუბრობენ. რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ემუქრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს საქართველოდან დეპორტაცია და რას მოიმოქმედებს იგი მომავალში მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, იურისტი მანანა კობახიძე გვესაუბრება.

მანანა კობახიძე: „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თითქოსდა ეს არის ქრისტიან - დემორკატების ინიციატივა, მაგრამ ეს ცალსახად არის ხელისუფლების ინიციატივა. ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილების გზას მიმართა მხოლოდ იმიტომ, რომ ეპოვა გამოსავალი ჩიხიდან ბიძინა ივანიშვილის მოქლაქეობის საკითხთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უსამართლოდ მოხდა სამოქალაქო რეესტრის მიერ ამ ცნობილი გადაწყვეტილების მიღება და მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აღმოჩნდა ჩიხში, გადაწყვიტეს კონსტიტუციური ცვლილებების გზით მისცენ ამ ადამიანს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

ეს ცალსახად არის პოლიტიკური ნაბიჯი და სამართლისგან ძალიან შორს არის. ამავე დროს, ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი რამ. გასაგებია, რომ ბატონ ბიძინას ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული აქვს მხოლოდ კარგი, იგი არის ქველმოქმედი და პოლიტიკაში შემოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანოს, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე. მომავალში უამრავ ადამიანს, რომელიც არის ევროკავშირის მოქალაქე და რაღაც პერიოდი იცხოვრა საქართველოში, ძალიან მარტივად ეხსნებათ გზა, შემოვიდნენ, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და დაიკავონ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა.

ამ ფონზე სრულიად შესაძლებელია, ფორმალურად ჩვენ დავუშვათ, რომ პარლამენტის ყველა წევრი შესაძლებელია იყოს არა საქართველოს მოქალაქე. ამდენად, მივდივართ იქით, რომ ეს ადამიანები არ იქნებიან არანაირ იურიდიულ კავშირში სახელმწიფოსთან. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი ჩაიდენს რაიმე დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე, მისი ქვეყანა დაიცავს მას, გაიყვანს საქართველოდან და ჩვენ კი სამართლებრივად აღმოვჩნდებით ჩიხში, როდესაც ხელისუფლებაში გვეყოლება უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ გვექნება ბერკეტი მის მიერ ჩადენილი რაიმე უკანონო ქმედებისთვის პასუხი მოვთხოვოთ საქართველოში. ეს არის აბსურდი და ამიტომ, მე ძალიან სერიოზულ საფრთხეს ვხედავ ამ კუთხით.

გარდა ამისა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია (თუკი ასეთს მიიღებს პარლამენტი). რა დააშავა ამერიკაში მცხოვრებმა არაერთმა ქართველმა, რომელსაც არანაკლებ შესტკივა გული თავის ქვეყანაზე და სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და რომელიც უკვე არის ამერიკის მოქალაქე, ან თუნდაც სხვა რომელიმე ქვეყნისა, რომელიც არ შედის ევროკავშირში? აქედან გამომდინარე, ეს კონსტიტუციური ცვლილება არის დისკრიმინაციული და სხვადასხვა მდგომარეობაში აყენებს საქართველოდან წასულ ადამიანებს.

ამასთანავე, რას ნიშნავს ამ კანონპროექტში არსებული ჩანაწერი - „ეთნიკურად ქართველი“? ვიღაცას გაუჩნდება პრეტენზია - მე დავიბადე საქართველოში, 10 წელი ვიცხოვრე ამ ქვეყანაში და შეიძლება არ ვარ ერთნიკურად ქართველი, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, რომ ახლა საქართველოში ვიყარო კენჭი. იმიტომ, რომ არ ვარ ეთნიკურად ქართველი, არ მექნება ამის შესაძლებლობა? რაღაცნაირად ბევრი იურიდიული ნონსენსია ამ გადაწყვეტილებაში.

პირდაპირ ვიტყვი, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანო ერთი ადამიანის გამო, ვინც არ უნდა იყოს იგი. გარდა ამისა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ არის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ან უმცირესობის გადასაწყვეტი. ხალხსაც უნდა დაეკითხონ და ეს საკითხი უნდა გახდეს საერთო - სახალხო განსჯის საგანი. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას წინ უნდა უძღოდეს მინიმუმ ერთთვიანი განხილვა მაინც. ესენი კი ასე ფორსირებულად იხილავენ ამ საკითხს, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ნახონ.

ცხადია, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს მოქალაქეობა და როგორც მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს (დამერწმუნეთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ) საპარლამენტო არჩევნებში, იმედიც გვაქვს, რომ ეს ადამიანი მიიღებს მოქალაქეობას, მაგრამ ეს რომ რაღაცნაირად მანიპულირებით ხდება, რა თქმა უნდა, ამას სათანადო შეფასება უნდა მიეცეს - ხელისუფლებას არ სურს აღიაროს თავისი მარცხი და ამის გამო ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების მარცხის აღიარება. ამას იგი აკეთებს ოპოზიციური პარტიის ხელით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ თვითონ არ გააკეთა ეს განაცხადი, და გააკეთებინა ქრისტიან - დემოკრატებს. მე მაინტერესებს, რატომ არ ხედავენ ამ საფრთხეებს ქრისტიან - დემოკრატები?

პალიკო კუბლაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ვინაიდან სამოქალაქო რეესტრმა დადო უარყოფითი დასკვნა, ამის გამო საქართველოს პრეზიდენტს აღარ მოუწევს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. კუბლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა საჭირო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთვევაში, თუკი სამოქალაქო რეესტრი დადებდა დადებით დასკვნას. ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი გუნდის წევრები ცდილობენ პრეზიდენტს პასუხისმგებლობა ააცილონ?

- ძალიან სწორად სვამთ კითხვას. პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება იმსჯელოს მოქალაქეობის მინიჭება - არ მინიჭების საკითხზე. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია პრეზიდენტი. სამოქალაქო რეესტრის უკანონო დასკვნას თუ დავუჯერებთ, თუკი პრეზიდენტი მისცემდა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას, გამოდის, რომ ის უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ხოლო თუ არ მიანიჭებდა, იმაზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივად პროცედურა არ იყო დაცული და თავისთავად დასკვნას თუ დაეყრდნობოდა, მაშინ პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რომ აი პრეზიდენტი უარს ამბობს მოქალაქეობის მინიჭებაზე. უკვე პირდაპირ დაფიქსირდებოდა, რომ სააკაშვილს არ აქვს ამის ნება. ამიტომ ეს უხერხულობა არსებობდა.

სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ ეს უხერხულობა აარიდეს მიშა სააკაშვილს და ახლა კონსტიტუციური ცვლილებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლაა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან, ხელისუფლება უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ მზად არის ქვეყნის უზენაეს კანონს მოექცნენ როგორც ქოთანს, ანუ ყური საიდანაც უნდათ იქიდან მოაბან და როგორი ცვლილებაც სურთ, ისეთი შეიტანონ. პრინციპში ეს არის საქართველოს ხელისუფლების სახე.

ფაქტია, რომ NDI-ს კვლევებშიც კი არის დაფიქსირებული (მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ამ კვლევას ნაკლებად ენდობა), მანაც კი ვერ აუარა გვერდი იმას, რომ მოსახლეობის 70% უარყოფითად აფასებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ამ უარით დაუპირისპირდა ამ 70%-ს და უფრო მეტს, ვინაიდან ეს არ არის იმ ადამიანების სრული რაოდენობა, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მხარს უჭერს. ხელისუფლება უკვე არის ჩიხში. ეს ეტყობა მათ განცხადებებსაც და მათ ქმედებებსაც. საზოგადოება გონიერია, ხალხი გონიერია და დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად ადექვატურ შეფასებებს მიცემს ამ ყველაფერს და საბოლოოდ თავის ნებას დააფიქსირებს ძალიან სწორად ოქტომბრის არჩევნების დროს.

რაც არ უნდა მანიპულირება მოახდინონ, მე უკვე პოლიტიკოსის რანგში გავაკეთებ განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ნამდვილად, ოქტომბერში ამ ოცნებას ავისრულებთ ყველა ერთად.

თარგამაძის საკანონმდებლო ინიციატივას ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობა. მე მაინტერესებს, თუკი ეს ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, თქვენ ამ მიმართულებით გააგრძელებთ საქმიანობას? ანუ ვგულისხმობ სამართლებრივ ასპექტებს, დაჰყვება ივანიშვილი ხელისუფლების ამ ნებას, თუ სამართლებრივად რაიმე სხვა გზაც არსებობს იმისა, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობა მიიღოს?

- ჩვენ ვართ რაღაც ანომალიურ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში კანონს ცვლიან ერთი ადამიანის გამო და ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. რა თქმა უნდა, რა ნორმაც იმოქმედებს ქვეყანაში, ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ მას მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, სამართლიანია თუ არა. რასაც მიიღებს კანონმდებელი, ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვერ გავალთ ამ სამართლებრივი სივრციდან. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და ამის შემდეგ ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ სრულიად მოვექცეთ სამართლებრივ ჩარჩოებში.

მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემდეგ პიროვნებას ექვსი თვის განმავლობაში არ აქვს უფლება, ხელმეორედ დააყენოს ეს მოთხოვნა. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს უარი იყო აბსოლუტურად უკანონო, რადგან ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა კანონის შესაბამისად იყო დაყენებული. ადამიანს არ სურს ორმაგი მოქალაქეობა და ფაქტობრივად, სახელმწიფო მას უბიძგებს, რომ უნდა თუ არ უნდა, იყოს ორი ქვეყნის მოქალაქე. ასეთი რამ უბრალოდ გაუგონარია.

ცხადია, უარი, რომელიც სამოქალაქო რეესტრმა უთხრა ბატონ ბიძინას, იყო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ შემდგომში, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ხელისუფლება გახდა იძულებული, რომ ასეთი გზისთვის მიემართა. ეს არის ცალსახად, ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი მათი მხრიდან.

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად განიხილება აგრეთვე საკითხი, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დაპორტირებული იქნეს საქართველოდან. იქნებ აგვიხსნათ, შესაძლებელია, თუ არა ეს მართლაც ასე მოხდეს?

- ეს დეპორტაცია არის თითიდან გამოწოვილი. ის 365 დღე რომ გავა, უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ასე აკეთებს, ქვეყნიდან ერთი საათითაც რომ გავიდეს, ანუ საზღვარი გადაკვეთოს თუნდაც სომხეთის ან აზერბაიჯანის მიმართულებით, შემდეგ კი შემოვიდეს საქართველოში, ეს უკვე საკმარისია, რომ იგი კიდევ ერთი წელი იყოს აქ. მით უმეტეს, როდესაც ადამიანს საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი, აქვს ბიზნესი, ქონება და არანაირ კანონს არ არღვევს, სრულიად არ არსეობს მისი დეპორტაციის საფუძველი და მიმაჩნია, რომ ცოტა უხერხულიც კი არის, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან დეპორტაციის შესაძლებლობაზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა ასეთ უაზრო და უსუსურ გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებს. ხოლო თუ მიიღებს, კიდევ უარესი მათთვის და უკეთესი ჩვენთვის, თუმცა სამართლებრივად ამის საფუძველი არ არსებობს.

ამასთანავე, თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანს და ევროკავშირის მოქალაქეს მისცემს უფლებას, აქ საარჩევნო კამპანია აწარმოოს, არჩვნებში კენჭი იყაროს, პრემიერ - მინისტრი გახდეს, შესაბამისად, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ბატონ ბიძინას ამ ყველაფრის უფლება ექნება. ამდენად, არანაირი სამართლებრივ დაბრკოლება ამ მიმართულებით არ იარსებებს. ასე რომ ამაზე საუბარიც ზედმეტია.