დემოკრატიული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები ქართული მედიის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ორგანიზაცია IREX -ის ინფორმაციით, მედიის მდგრადობის ინდექსით საქართველოს კავკასიის რეგიონში ბოლო ადგილზეა. ორგანიზაციის მიერ მედიის მდგრადობის განსაზღვრა რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. ესენია - სიტყვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი ნორმები; ჟურნალისტების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხი; ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად ინფორმაციის მრავალფეროვანი წყარო; კარგი მედიამენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა; მედიის დამოუკიდებლობის პროფესიული ინტერესის დამხმარე ინსტიტუტების ფუნქციონირება.
საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ დასკვნას ქართული საზოგადოების გამარჯვებად მიიჩნევენ, რადგან თუ ადრე დასავლეთი საქართველოში დემოკრატიის დაბალ მაჩვენებელზე თვალს ხუჭავდა, დღეს ასე აღარ ხდება. ამას მოწმობს თუნდაც ამერიკის ელჩის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის მომავალი არჩევნები დემოკრატიის გამოცდა იქნება და წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკა ქართული მედიის მუშაობას ყურადღებით დააკვირდება.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ IREX-ს ამ დასკვნაში დაფიქსირებულია ყველა კრიტიკული მომენტი, ანუ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი, საკანონმდებლო ველის თავისუფლების ხარისხი, ინფორმაციის მოპოვების პრობლემა და ა.შ. ექსპერტი ამბობს, რომ ამაზე ქართველი ჟურნალისტებიც საუბრობენ, ხოლო ჟურნალისტების პრობლემურ დონეზე კი სხვები საუბრობენ. ამასთანავე, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, შესაძლებელია, რომ პრობლემური მედია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს საინფორმაციო სივრცეში ისე, როგორც არის. ამიტომ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით IREX-ის ანგარიში კარგად ასახავს რეალობასაც და დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
„საქართველოში საარჩევნო წელიწადია და ფსიქოლოგიური ყურადღება იგრძნობა, თუ შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგიური ზეწოლა იმაზე, რომ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა დემოკრატიის თვალსაზრისით, დასავლეთისგან კრიტიკას იმსახურებს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ სურვილი, თუ შენიშვნა, რომ არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული. ასევე არაერთხელ (ადრეც და ახლაც ამაზეა საუბარი) ვისმენთ შენიშვნას სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების ხაზით. ჩვენ ახლა გვატარებენ დემოკრატიის რენტგენში და ამ რენტგენში, მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე presage.tv -სთან საუბარში.
მისი თქმით, ეს არის დაკვირვება დემოკრატიაზე, ვინაიდან დასავლეთში კარგად იციან, რომ არჩევნების დემოკრატიული ინსტიტუტი პრაქტიკულად ეყრდნობა მედიის თავისუფლებას, რადგან მოსახლეობას თუ ობიექტური ინფორმაცია არ აქვს, იგი ადექვატურ და სწორ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ასე რომ, არჩევნებამდე მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოს მოსახლეობამდე მისული ინფორმაცია. ამიტომ, ექსპერტის თქმით, ფაქტიურად არჩევნებზე მონიტორინგი მედიიდან იწყება.
ჟურნალისტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ IREX-ის კვლევის თანახმად, საქართველო არის ბოლო ადგილზე მედიის მდგრადობის თვალსაზრისით. მას 0.1%-ით უსწრებს აზერბაიჯანი, რომელიც არასოდეს ყოფილა ლიდერი რეგიონში მედიის თავისუფლებისა და მდგრადობის თვალსაზრისით. თუმცა ჩაფიძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ მედიის მდგრადობა, გარდა პოლიტიკური სიტუაციისა, განპირობებულია მისი ეკონომიკური უზრუნველყოფით.
„მედიაში სარეკლამო ბაზარი და მედია, როგორც ბიზნესი, საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამის ჩანასახები არსებობდა 2003 – 2004 წლებში, როდესაც იხსნებოდა ახალი ტელეკომპანიები, ახალი გაზეთები, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა, როგორც საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტა, ასევე ქართული სახელმწიფოს მხრიდან მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევა, ბუნებრივია, მედიის განხილვა, როგორც მომგებიანი ბიზნესის, ვეღარ ხდება. შესაბამისად, ამ ბაზარზე შემოსვლას ერიდებიან დამოუკიდებელი მოთამაშეები. თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ინიციატივები ჩნდება“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, დაბალი ინდექსი განპირობებულია ერთი მხრივ, მედიის უფლებრივად მძიმე მდგომაროებით, ანუ მედიასაშუალებებს აქვთ ძალიან დაბალი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რეკლამაზე და ბაზარზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, როგორც სარეკლამო, ასევე სხვა ტიპის შემოსავლებით ქართული ბაზარი გახლავთ ძალიან შეზღუდული. ჩაფიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ჩაერია ამ პროცესში და მედიასაშუალებების დიდი ნაწილი, რომელიც მთელს საქართველოში ვრცელდება და ხელმისაწვდომია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, სხვადასხვა გზებით აღმოჩნდა ხელისუფლების მფლობელობის ქვეშ.
ამის მაგალითად მას მოჰყავს ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ამ ტელეკომპანიის 45%-ს მფლობელი გახლავთ გიორგი არველაძე, ყოფილი მინისტრი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. ელისო ჩაფიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სულ რამდენიმე წელია, რაც არველაძე ეკონომიკის მინისტრობიდან გადადგა და მას, თავისი ფინანსური დეკლარაციებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა საშუალება „იმედი“-ს რამდენიმე მილიონიანი ქონების წილის მეპატრონე გამხდარიყო.
ჩაფიძის თქმით, ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, თუ რა გზებით აღმოჩნდა ტელეკომოპანიის აქციები 45% მის ხელში. მას ასევე მაგალითად მოჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი2“.
„სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი არსებობს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანსა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მფლობელებს შორის. დღემდე ის და ბატონი გეგეშიძე ერთობლივად არიან კომპანია „მაგი სტილი“-ს დამფუძნებლები და სარეკლამო ბაზრის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ამჟამად კი მიმდინარეობს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის თავმოყრა ერთ კონრეტულ კომპანიაში, ეს გახლავთ „ჯენერალ მედია“. ეს სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლება არ აძლევს ტელეკომპანიებს განსხვავებული ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და ამის კიდევ ერთი მაგალითია ის ისტორია, რომელიც „გლობალ თი-ვი“-ს და ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მაუწყებლობის და ასევე „მაესტროს“ მაუწყებლობისათვის შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. ეს რაც შეეხება სატელევიზიო ბაზარს, რომელიც ბუნებრივია, უფრო მეტად გავლენიანია, ვიდრე ბეჭდური მედია.
ახლა რა ხდება ბეჭდურ მედიაში? მის გავრცელებასაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქრა გასულ წელს და რომ არა ბეჭდური მედიის წარმომადგენლების აქტიურობა და ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარება, დღეს ბეჭდური მედია არალეგალურ ლიტერატურასავით იშვიათი ეგზეპლარების სახით გაიყიდებოდა მთელი თბილისის მასშტაბით, რომ აღარაფერი ვთქვათ, რეგიონებზე, სადაც ბეჭდური მედიის ხელმისაწვდომობა დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება, მათ შორის ისეთი გამოცემებისაც კი, რომელიც უფასოა.
მაგალითად, ბევრ ადამიანს არ აქვს უფლება გაეცნოს „ქართული ოცნების“ გაზეთს. მოგეხსენებათ, ფოთში სკოლის დარაჯი გაანთავისუფლეს ამ გაზეთის კითხვის გამო. ჩემს მშობლიურ რეგიონში, ტყიბულში კი, როგორც ვიცი ადამიანები, პარკებში მალავენ ამ გაზეთს, ასე მიაქვთ სახლში და ჩუმად ეცნობიან მას“,- ამბობს ელისო ჩაფიძე.
იგი ხაზს უსვამს დასავლეთის დამოკიდებულების შეცვლას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტორი. ელისო ჩაფიძე თვლის, რომ ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გამარჯვება, რადგან უკვე თვეების განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპული ქვეყნების საელჩოებისგან, როგორც გრძელვადიან მონიტორინგს, ასევე წინასაარჩევნოდ გრძელვადიან მედიამონიტორინგს.
ჩაფიძის თქმით, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და როდესაც ხელისუფლებას ასეთი ღია ტექსტებით ეუბნებიან დასავლური ორგანიზაციები, რომ მათ არ მოსწონთ ქართული მედიის მდგომარეობა და ის საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თვალს აღარ დახუჭავენ არც მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, და აღაც არჩევნების გაყალბებაზე.
„ეს ნამდვილად იმედის მომცემია და ეს არის ჩვენი გამარჯვება.“- აცხადებს ელისო ჩაფიძე.
Presage.tv შეეცადა IREX-ის კვლევასთან დაკავშირებით ნაციონალური მაუწყებლების პოზიციაც გაეგო. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს საინფორმაცი სამსახურის უფროსმა ნინო შუბლაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. „იმედი“-ს დაინფორმაცი სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ კი, როდესაც გაიგო რაზე ვურეკავდით, ასეთი პასუხი გაგვცა - „დღეს მაქვს ბავშვის დღე და ამიტომ არ ვიცნობ IREX-ის დასკვნას და ვერც გავეცნობი მას“.