„ჯონ ბასის განცხადების გათვალისწინება მის ავტორიტეტზეა დამოკიდებული“

„ჯონ ბასის განცხადების გათვალისწინება მის ავტორიტეტზეა დამოკიდებული“

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმამ, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსში გამოხმაურება გამოიწვია. აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“.

„შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“.

„ქართული ოცნების“ ლიდერს ნატურალიზაციის გზით ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.

სამოქალაქო რეესტრის ბოლო უარყოფითი დასკვნის შემდეგ კი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ.

„მე მათ გავაცანი ის სიტუაცია, რაზეც უფრო ადრე თქვენ მოგახსენეთ და ვთხოვე, რომ მათ პრინციპული პოზიცია დაიჭირონ, რამეთუ საქართველოში აღარ არის სასამართლო და ტყუილად ნუ ექნებათ მოლოდინი, რომ სასამართლოდან მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი გამოვთქვი, რომ საელჩოები თავის დამოკიდებულებას გამოხატავენ და პასუხს მოითხოვენ იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ განხორციელდა. გავუმეორე თხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ პრინციპული პოზიცია, რამეთუ ისინი დაინტერესებულნი არიან, საქართველოში შეიქმნას პრეცენდენტი და პირველად არჩევნების საშუალებით მოვახერხოთ, მოძალადე სააკაშვილი შევცვალოთ“.

ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ჯონ ბასის განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ავტორიტეტულია მისთვის იმ ელჩის განცხადება, რომელსაც უფლებამოსილების განხორციელების მხოლოდ ერთი თვე აქვს დარჩენილი“, – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“, თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, მის ადვოკატებს სწორი გზა აქვთ არჩეული:

„ბასის განცხადება ამ შემთხვევაში ეყრდნობა საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლითაც განსაზღვრულია პირობები პირის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აქ არ არის მოქალაქეობის აღდგენის თემა, არამედ მინიჭების თემაა, რაც ძალიან სწორად არის არჩეული მისი ადვოკატების მხრიდან.

პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გამომდინარე, არსებობს სრული საფუძველი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს მოქალაქეობა, და არ მოხდეს ხელისუფლების თემის წამოწევა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. იგი დაბადებულია და ცხოვრობს საქართველოში, შეტანილი აქვს განაცხადი საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ, რაც გაფორმებულია დოკუმენტალურად. ხელისუფლება რამდენად გაითვალისწინებს ბასის განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ავტორიტეტულია მისთვის იმ ელჩის განცხადება, რომელსაც ქვეეყანაში უფლებამოსილების განხორციელების მხოლოდ ერთი თვე აქვს დარჩენილი“.

ჯონ ბასის განცხადების პოლიტიკურ ნაწილს „პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აფასებს:

ირაკლი სესიაშილი: როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ჯონ ბასი დიპლომატიურ განცხადებას აკეთებს. ის აპელირებს კანონის უზენაესობაზე. მაგრამ ელჩის ნათქვამში ვხედავ წუხილს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი თანასწორობის პრინციპით არ მიმდინარეობდა.

ის ამბობს, რომ პროცესი კანონის წინაშე ყველასთვის თანასწორობის პრინციპით და სწრაფად უნდა წარიმართოსო. ამაში გულისხმობს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება–არ მინიჭების ჭრილში (მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონიერ ფარგლებში ჯდებოდა) მაქსიმალური ვადა იყო გამოყენებული. ამით შენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს თანაბარ პირობებში არ აყენებ; მას არ აძლევ საშუალებას, რომ თანაბრად ჩაებას პოლიტიკურ აქტივობაში; გარკვეული იყოს მისი სტატუსი, მოქალაქეობის საკითხი.

რა თქმა უნდა, ელჩი არ იქნება იმის განმსჯელი, თუ რამდენად კანონიერად არ მისცა მოქალაქეობა პრეზიდენტმა; ის სხვა ქვეყნის დიპლომატია. თუ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ეს ჩარევა იქნება სხვა ქვეყნის საქმეებში. მაგრამ ბასის განცხადება თავისთავად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს თანაბარ პირობებში არ აყენებს და მეორე მხრივ, როგორც პარტნიორი ქვეყნის დიპლომატი ჯონ ბასი დაინტერესებულია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია და ადამიანის, მათ შორის პოლიტიკური უფლებები სათანადოდ დაცული იყოს“.