თანამედროვე „ლოკოკინა“ ძველი პარლამენტის ნაცვლად

თანამედროვე „ლოკოკინა“ ძველი პარლამენტის ნაცვლად

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალია საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის ინიციატივით გამოდის.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის ცენტრალური ადგილი დედაქალაქში, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს შენობა გახდეს ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება, იმიტომ რომ ამის საშუალება არის. ეს არის შენობა, რომელიც შეიძლება, ინვესტორისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, რომ მომავალში პარლამენტის შენობა ისეთი ცენტრი გახდეს, სადაც დიდი რაოდენობის ადამიანი დასაქმდება“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ ქობალიამ.

მოგეხსენებათ, პარლამენტის შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გახმაურდა, როგორც კი გადაწყდა, რომ პარლამენტი ქუთაისში გადავიდოდა. შარშანაც იყო ამ თემაზე საუბარი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან სტუმრობისას ერთ-ერთი არაბი ინვესტორი პარლამენტის შენობით დაინტერესდა. მაშინ პარლამენტის კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ ბაქრაძემ არაბ ბიზნესმენს შენობა დაათვალიერებინა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. დღეს კი უკვე ეკონომიკის მინისტრი გამოდის ამ ინიციატივით.

Presage.tv შეეცადა გაერკვია, თავად პარლამენტში იციან თუ არა რამე შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ. ამისათვის, პარლამენტის აპარატის უფროსთან დავით ჯანიაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ვერ შევძელით. შემდეგ კი პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს მაკა გიგაურს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და დაგვიკავშირდებოდა. ცოტა ხნიშ შემდეგ იგი მართლაც დაგვიკავშირდა და გვითხრა, - „დავით ჯანიაშვილს კი ვესაუბრე, მაგრამ მან მითხრა, რომ პარლამენტის შენობის გაყიდვა - არ გაყიდვი შესახებ არაფერი იცის. იგი მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს და მის კომპეტენციაში ეს საკითხი არ შედისო“.

პარლამენტის შენობის გაყიდვის მიზანშეწონილობაზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება ჩქარობდეს ხელისუფლება მის გასხვისებას, presage.tv ეკონომიკის ექსპერტ ვლადიმერ პაპავას ესაუბრა.

ლადო პაპავა: „პარლამენტი საბოლოოდ ქუთაისში გადავა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რეგლამეტში ცვლილების თანახმად, მანამდე შეიძლება ქუთაისშიც გაიმართოს საპარლამენტო სხდომები. „შეიძლება გაიმართოს“ ეს არ გამორიცხავს, რომ თბილისშიც გაიმართება. ამიტომ ამ ეტაპზე ქალბატონი ქობალიას განცხადება შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს, რომ ხვალვე უნდა გაიყიდოს პარლამენტის შენობა. თუმცა თეორიულად არც ეს არის გამორიცხული. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი, საზოგადოებრივი აზრისადმი „წაკეკლუცების” მიზნით რაღაც დრო მაინც უნდა იყოს გამოყოფილი ამ პროცესისთვის. ამიტომ სანამ ეს განცხადება ოფიციალურად გამოქვეყნდება, ინტერენეტში განთავსდება, ინვესტორებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, ამას სჭირდება გარკვეული დრო. ბუნებრივია, რომ ეს დრო იქნება გასათვალისწინებელი და ამიტომ ეს განცხადება უნდა მივიღოთ, როგორც მთავრობის სურვილი, რომ ეს შენობა გაყიდოს.

აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი - ვეჭვობ, რომ სერიოზულმა უცხოელმა ინვესტორმა ეს შენობა იყიდოს ახლა, თუნდაც ახლა რომ დააპირონ გაყიდვა, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, წინასაარჩევნო პერიოდია და არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს არჩევნები, მოხდება თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებები იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და ა.შ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ხელისუფლებას სურდეს ამ შენობის ნაჩქარევად გაყიდვა იმიტომ, რომ მისმა ფარულმა კომპანიებმა იყიდონ, თორემ სერიოზული ინვესტორი ნამდვილად თავს შეიკავებეს ამისგან, რადგან ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის საქართველოს პოლიტიკური მომავალი, თუნდაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში.

პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის შესყიდვით არაბი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.

- დიახ, არაბ ინვესტორებზე იყო საუბარი, თურქებზეც იყო საუბარი. როდესაც გადაწყვიტეს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენება, იმ დღიდან ნათელი გახდა, რომ ამ შენობას თბილისში მთავრობა მოიცილებდა. აქედან გამომდინარე მთავრობის ამ გადაწყევტილებაში ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის გასაკვირი არაფერია, თუმცა ის, რომ გასაკვირი არ არის, არ ნიშნავს, რომ დასანანი არ არის. თბილისში სულ რამდენიმე ფუნდამენტური შენობა გვაქვს. „იმელის“ შენობასთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს, რომ ეს შენობა, როგორც „კომუნისტური გადმონაშთი” უნდა დაანგრიონ, ხოლო პარლამენტის შენობა უნდა გაყიდონ. ასე რომ პრაქტიკულად საქართველოში მხოლოდ „ალუმინირებული” შენობები რჩება (ალუმინირებული, ანუ ერთის მხრივ ალუმინი და მეორეს მხრივ - მინა), თანაც რაღაც გაუგებარი გემოვნების შენობები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში წარსულს ჩაბარდა. რეალურად საქმე იმაშია, რომ მთავრობა ჩქარობს, რადგან ამ ვითარებაში მხოლოდ მათი შვილობილი კომპანიები იყიდიან ამ შენობას, თან, რაც შეიძლება იაფად და შემდეგ თუ მოიგეს არჩევნები, ძალიან ძვირად გაყიდიან მას, ხოლო თუ ვერ მოიგეს, ყოველ შემთვევაში, რაღაც ქონებას მაინც დაიტოვებენ. ვნახოთ, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში, როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილებათა გადასინჯვა. ჩემი ღრმა რწმენით, პარლამენტის შენობის გაყიდვა არის სერიოზული დანაშაული ქართველი ერის წინაშე და რაც მთავარია, თბილისის წინაშე.

შარშან გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა, დღეს კი თავად ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს შენობა უნდა გაიყიდოს. ასეთ შემთხვევაში როგორ გაგრძელდება პარლამენტის მუშაობა?

- ამიტომ ლოგიკურად ახლა არ უნდა მოხდეს პრივატიზაცია. ვინაიდან ამჟამად პარლამენტის სხდომების ჩატარება ქუთაისშიც ნებადართულია და თბილისშიც, ამდენად, სწრაფადაც რომ გაყიდონ ეს შენობა, არც ეს არის გამორიცხული.

ანუ შესაძლებელია, რომ მთლიანად პარლამენტის მუშაობა გაგრძელდეს ქუთაისში?

- რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ბოლომდე გამართლებული, მაგრამ რადგან რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, შესაძლებელია, რომ სხდომები მარტო იქაც გაიმართოს. იტყვიან, რომ ეს შენობა გაიყიდა და ვინაიდან რეგლამენტი არ კრძალავს ქუთაისში სხდომების გამართვას, ამიტომ ეს პრობლემა არ არისო.. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ ივლისში ჩაატარებს ბოლო სხდომას და შემდეგ უკვე გადავა წინასაარჩევნო რეჟიმში.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია სწორედ ივლისის შემდეგ მოხდეს ამ შენობის გაყიდვა?

- დიახ, რადგან მთავრობა ხომ გააგრძელებს თავის საქმიანობას.
ბატონო ლადო, თქვენ ამ შენობის გასხვისების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრეთ ასე ვთქვათ, მორალური თვალსაზრისით. ეკონომიკური თვალსაზრისით რომ განვიხილოთ მისი გასხვისება, მაშინ როგორ შეაფასებდით ამგვარი შენობების გაყიდვას?

- როგორც მოგახსენეთ, სამწუხაროდ, თბილისი არ არის მდიდარი ფუნდამენტური მონუმენტალური შენობებით, რომლებიც ტრადიციულად არის დამახასიათებელი ძველი დედაქალაქებისთვის, გინდ ევროპაში და გინდ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ასეთი ფუნდამენტური შენობების აშენება ძალიან ძვირი დაჯდება, ვინაიდან თანამედროვე არქიტექტურა და მშენებლობა უფრო სხვა მიმართულებით მიდის. ამდენად, ჩვენ ვკარგავთ თბილისის სახეს. ასეთი ფუნდამენტური შენობის, როგორიც არის პარლამენტის შენობა თბილისის ცენტრში, მისი კომპენსაცია ეკონომიკურად შეუძლებელია. ნახეთ ის არქიტექტურა, რაც არის პარლამენტის შენობა ქუთაისში, ეს არის „ლოკოკინა” მინებით და შეადარეთ თბილისში პარლამენტის ფუნდამენტური შენობა. თუმცა ამის შედარებაც კი შეუძლებელია. აქ უკვე ეკონომიკაზე არ დგას საკითხი, რადგან ამ შენობის გაყიდვით რა ფულიც არ უნდა ამოიღონ, ის შეიჭმება, მსგავსი რაღაც კი ვეღარ აშენდება.

პარლამენტის შენობა, რომელიც თავის დროზე იყო მთავრობის სასახლე, ანუ ყოველთვის იყო ადმინისტრაციული შენობა. თუ ეს შენობა გაიყიდა, რა თქმა უნდა, მას შეეცვლება პროფილი, რადგან ვერა ქობალიას განცხადებით, შესაძლებელია ამ შენობაში რაღაც ისეთი ობიექტი განთავსდეს, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. თქვენი აზრით, რა შეიძლება ვიხილოთ ამ შენობაში?

- ყველაფერი შეიძლება იყოს, რესტორნები, ოფისები, შეიძლება განთავსდეს სასტუმროც. უბრალოდ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისმა დაკარგოს დედაქალაქის ფუნქცია!