გზას ვუხსნით ფრანგ პრემიერ-მინისტრს

გზას ვუხსნით ფრანგ პრემიერ-მინისტრს

ყოფნა, არ ყოფნა ქართველად? – მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილისათვის, საკითხავი აი ეს არის. თვეებია არაფერი იყო ცნობილი იმის შესახებ, აღიდგენდა თუ არა მოქალაქეობას ივანიშვილი და აი, გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პასუხი მოამზადა.

ივანიშვილი, რომელმაც მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკოსების რიგებს უერთება, არ ექვემდებარება ნატურალიზაციას, დაადგინა სამინისტრომ. მაგრამ მან კარი ღია დატოვა და დასძინა, რომ შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება – ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

მანამდე, სწორედ ორმაგი მოქალაქეობა გახდა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების ოფიციალური მიზეზი. მაგრამ, ისე ჩანს, რომ მთავრობა ახლა ასე აღარ ფიქრობს.

შესაძლოა ის საერთაშორისო საზოგადოებას უწევს ანგარიშს, განსაკუთრებით კი ნატოსა და აშშ-ს. 21 მარტს სენატის მოსმენებზე, აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე წარდგენილმა რიჩარდ ნორლანდმა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ნატოში გაწევრიანებისთვის ”ლაკმუსის ქაღალდი” უწოდა.

ნატოდან ახლად დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გზნებით მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუდგნენ სამუშაოს (და რაც უფრო მეტნი, მით უკეთესი), რაღა თქმა უნდა ნატოს ფაქტორი ახსოვს.

ამიტომ ძალიან გასაოცარი არ იყო, როდესაც მისმა მმართველმა პარტიამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს განაცხადა, რომ კენჭს უყრის კონსტიტუციის ცვლილების პროექტს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მოქალაქეს, თუ ის საქართველოშია დაბადებული და 10 წელია საქართველოში ცხოვრობს (ანუ ივანიშვილს), უფლება აქვს პარლამენტში იყაროს კენჭი.

თუ ეს ცვლილება გავიდა, მაშინ ერთი ბარიერი, რომელიც ივანიშვილს მისი მიზნის აღსრულებაში უშლიდა ხელს, აღარ იარსებებს. ივანიშვილის მიზანი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრობაა – პოსტი, რომლის დაკავებასაც უმრავლესობით მოსული პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

მაგრამ მიდის თუ არა ამდენად შორს მმართველი პარტია ამ საკითხზე ფიქრისას, გაურკვეველია. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გეგმები აქვს მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

სანაცვლოდ, მან ლირიკა არჩია: “გპირდებით , როგორც ნებიერად მოვიდა გაზაფხული, ასევე ნებიერად დადგება შემოდგომა და გპირდებით, ის იქნება უხვმოსავლიანი”, განაცხადა მან.
foreignpress.ge