საქართველოში პარლამენტარობა გაახალგაზრდავდა. ახალგაზრდული ენერგიით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავის დროზე უარი თქვა მამების თაობის გამოცდილებაზე და დღესდღეობით უკვე სიჭარმაგეში შევიდა, ახალი ნოვაცია შემოგვთავაზა. პარლამენტარის ტვირთვის ზიდვა ამიერიდან 21 წლის ახალგაზრდებისთვის იქნება შესაძლებელი.
თავის დროზე ივანე ჯავახიშვილი პარლამენტარობას ტვირთს უწოდებდა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ უნივერსიტეტის დამაარსებელი დიდი მეცნიერი დეპუტატობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ერისთვის ჭაპანი გაეწია.
რამდენად მზად არიან დღევანდელი ახალგაზრდები პარლამენტარობისთვის?! ალბათ, მათი გარკვეული ნაწილი შეიფერებს ამ პოსტს და იტყვის, რატომაც, არა - მე პარლამენტარობისთვის ვარ დაბადებული, თუმცა გაცილებით თავმდაბალნიც იქნებიან, რომლებიც ასეთ შეთავაზებას მათი ასაკისთვის ნაადრევად ჩათვლიან. იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს ახალბედა მომავალი დეპუტატები, რომლებიც „გადამკვდარი“ ნაციონალები არიან, თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით, არ სახელდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს სურვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახმიანდა, როცა მან განაცხადა, რომ, ბავშვებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონდეთ, უთუოდ მისი ამომრჩევლები იქნებოდნენ, ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებზე დიდ იმედს ამყარებს. რატომღაც იგი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებში ჯერ კიდევ პოპულარულია. ისინი ხომ არ არიან „ჩარეცხილები“, უსამსახუროდ დარჩენილი და შიმშილის პირას მყოფი მხცოვანი ადამიანები, რომლებსაც რეალობის დანახვა ბევრად უკეთ ხელეწიფებათ.
Presage.tv-სთან საუბარში ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი ხელისუფლების ამ ნოვაციას „გენიალურ“ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მისი თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვობის პერიოდი 21 წლის ასაკში მთავრდება. მე-16 საუკუნეში კი 21 წლის ასაკი უკვე ხანდაზმულად ითვლებოდა იმისთვის, რომ ადამიანი გათხოვილიყო. რაც შეეხება საქართველოს, მარინე ჩიტაშვილის თქმით, საქართველოში ბავშვობა 18 წლის ასაკში მთავრდება, რადგან ჩვენ მიერთებული ვართ საერთაშორისო კონვენციას და ასაკობრივი ზღვარი ამით რეგულირდება.
„მართალია, 18-დან 21 წლამდე ბავშვობის ასაკი დამთავრებულია, მაგრამ სამ წელიწადში უკვე პარლამენტის წევრად გახდომა, რომლის ძირითადი ფუნქციაც კანონშემოქმედებითი სამუშაოა, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია. ან რა განათლების, რა გამოცდილების კვალობაზე შეიძლება, ადამიანმა წვლილი შეიტანოს კანონშემოქმედებაში?! რაც შეეხება წმინდა ფსიქოლოგიურ სტატუსს, დიაგნოსტიკურ-სტატისტიკურ კრიტერიუმთა მიხედვით, მთელ რიგ ქცევით პრობლემებთან მიმართებით, ითვლება, რომ, თუ 21 წლის ასაკის შემდეგ ეს ქცევები გაჰყვა ადამიანს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ეს ინფანტილიზმის, ანუ ბავშვობის მაჩვენებელია.
ეს ნიშნავს, რომ წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მთელი რიგი ქცევები, რასაც 21 წლის ასაკში ახორციელებს ადამიანი, დარღვევად არ განიხილება და ის ითვლება ბავშვისთვის დამახასიათებელ ქცევად. ჩემთვის პირადად ასეთი გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია და ნამდვილად ვერ გავიზიარებ დასაბუთებას, თითქოს ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტას. ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტისთვის ახალგაზრდული ასაკი საჭირო არ არის,“ - აცხადებს მარინე ჩიტაშვილი.
აქვე მას აინტერესებს, განა, რამდენი ბავშვი შეიძლება, შეიყვანონ პარლამენტში?! რამდენადაც ცნობილია, პარლამენტში სულ 150 ადგილია, ამ დროს კი საქართველოში ყოველ წელიწადს 57 ათასიდან 60 ათასამდე ახალშობილი იბადება. ჩიტაშვილის ინფორმაციით, წელს ახალგაზრდულმა კოჰორტამ, დაახლოებით, 60 ათასი ადამიანი შეადგინა, აქედან ბევრი მათგანი ახალგაზრდულ ასაკში რომ შევიდეს პარლამენტში, პირველ რიგში, ალბათ, თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდება, რომ თავის ძველ გვარდიას დაემშვიდობოს და მათ მაგივრად ახალგაზრდები შეიყვანოს.
შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა, რომ საქართველოში შუახნის ასაკს მიტანებული ადამიანები ხშირად ბავშვებად გვევლინებიან, რადგან მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს:
„ოჯახზე დამოკიდებულების ხარისხი მაშინ იზრდება, როდესაც ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება და არ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, ცალკე, როგორც დამოუკიდებელი შიდა მეურნეობა, განვითარდნენ. პარლამენტართა ასაკის დაწევა ეს გახლავთ მორიგი „გენიალური“ გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ახალი დამრტყმელი ძალა შეიყვანონ ან იმედის მომცემი ახალგაზრდებით ჩაანაცვლონ. შესაძლოა, ხელისუფლებამ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფებისგანაა დავალებული, მათი თხოვნით, ვიღაცეები პარლამენტში შეიყვანოს.
„ქართული ოცნების“ იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს, როცა ადრეულ ასაკში გახდა დეპუტატი, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, თვლის, რომ მისმა მცდელობამ არ გაამართლა.
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრთა მინიმალური ასაკის შემცირების ინიციატივას საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და ახალგაზრდების წახალისებისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს. იურისტის აზრით, ახალბედების წახალისება უნდა მოხდეს არა დაუმსახურებლად, თანამდებობრივი მდგომარეობის დაკავებით, არამედ თანაბარი პირობების შექმნით, რათა ნიჭით და შრომით შეეძლოთ გარკვეული პოსტის დაკავება.
ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია, რადგან საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს. ამერიკაში კი შეიძლება, კონგრესმენი 25 წლიდან იქნას არჩეული, სენატორი კი - 30 წლიდან.
„ამერიკაში დიფერენცირებულია მინიმალური და მაქსიმალური ასაკი. ჩვენ კი ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს და დეპუტატებს 25 წლის ასაკიდან ვირჩევთ. ამის 21 წლამდე შემცირება ნიშნავს, რომ ახალგაზრდების თემით ხდება მანიპულირება, რათა წააქეზონ ეს ჯგუფი, თითქოს ხელისუფლება ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და მათზე ფიქრობს. სინამდვილეში, 20-21 წლის ახალგაზრდა, თავისი ცოდნით, გამოცდილებით, შეუძლებელია, აკმაყოფილებდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის პირობებს“.
ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილს ეეჭვება, რომ ეს ინიციატივა ახალგაზრდებში სააკაშვილის პოპულარობით იყოს განპირობებული. მისი აზრით, ეს უფრო მანიპულირებითაა განპირობებული.
„ის მანიპულირებს ახალგაზრდების განწყობით და დეპუტატად 21 წლის ასაკის ერთ-ორ ახალგაზრდას დაასახელებს. ამით შეეცდება, შექმნას სურათი, თითქოს ახალგაზრდებზე ზრუნავს. ხოლო „ქართული ოცნება“ თურმე მხოლოდ მამათა თაობაზე გადამკვდარი კოალიციაა. თურმე ბიძინა ივანიშვილი მამებზე ზრუნავს, ხოლო სააკაშვილი - შვილებზე. ეს ახალგაზრდების წაქეზებაა, რაც მათი ასაკის გრძნობებსა და ხვალინდელ დღეზე თამაშია. ამით სურთ, ეს ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ცვლილებებს მიაბან, რა ცვლილებებიც ივანიშვილისთვის კეთდება. ეს ცვლილებები არაფერში გვჭირდება და თავისი არსით, სასაცილოა. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის გათანაბრებას საქართველოს მოქალაქესთან“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
აქვე იგი საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს, როცა 26 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, ხოლო 27 წლის ასაკში - პარლამენტის წევრად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ასაკი 25 წლის ზემოთ იყო, ზაქარია ქუცნაშვილი დღევანდელი გადასახედიდან, მაინც მიიჩნევს, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობისთვის ეს მაინც მცირე ასაკია.
„მართალია, დეპუტატად არჩევამდე ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის აპარატში ყველა თანამდებობაზე ვმუშაობდი, რაც კი აპარატში არსებობდა, მაგრამ ამ გამოცდილების მიუხედავად, 27 წელი მაინც მცირე ასაკია ასე მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. ამ ასაკის 21 წელზე დაყვანა ნიშნავს, რომ ახალგაზრდების განწყობით ვმანიპულირებთ და მათ განვითარებას ხელს არ ვუწყობთ. ცუდი გზის წაქეზებით ვღუპავთ ახალგაზრდებს. არა მგონია, უშუალოდ ვინმეზე ჰქონდეს ეს გათვლილი ჩვენს ხელისუფალს. შეუძლებელია, 20 და 21 წლის პიროვნება, თუ ის სპორტით ან ხელოვნებით არ არის დაკავებული, პოპულარული იყოს. ყველა სხვა პროფესია, რომელიც სპორტსა და კულტურასთან არ არის დაკავშირებული, მრავალწლიან შრომას მოითხოვს. ჩვენი კოალიციის ფილოსოფია ეფუძნება მამებისა და შვილების თაობების ერთობას. მარტო მამები ან შვილები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, არამედ მათი ერთობით უნდა იყოს წარმოდგენილი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, კოალიციას ყველა თაობის წარმომადგენელი ჰყავს“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.