საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოსა“ და „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია ათდღიანი პატიმრობის შემდეგ ჩხოროწყუს პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან დღეს გაანთავისუფლეს. მისი განცხადებით, საკანში ყოფნისას ზედამხედველობის თანამშრომლების მხრიდან უხეშ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იზოლატორში ცუდი პირობები იყო.
პატიმრობიდან განთავისუფლებულმა მიქაიამ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში დაკავების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა ხელისუფლების მიერ სამეგრელოში შექმნილ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„ჩემი დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მე „გამანდო“ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ლევან ქირიამ, რომელმაც მითხრა, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ამოტრიალება, რომელიც არ ისვენებს, რომელიც აკეთებს რუსეთის საქმეს, არის რუსეთის აგენტი და ჯერ სად ხარ, უარესი მოგივაო. ბოლოს მან თავის ხელქვეითებზეც გასცა ბრძანება, სიგარეტიც არ მოაწევინოთო მიქაიას.
ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიას მიერ ამ თემის აქტუალიზაციამ წონასწორობა დაუკარგა და გონება დაუბნელა ისედაც გონებაშეზღუდულ საქართველოს ხელისუფლებას. მე არასოდეს გავჩერებულვარ და ქირიას ერთ რამეში ვეთანხმები, არ გავჩერდები და არ მოვისვენებ მანამ, სანამ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში”,-განაცხადა მიქაიამ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან ჩხოროწყუს პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას კახა მიქაია ხელისუფლებაში საპროტესტო აქციების მიმართ არსებულ შიშს უკავშირებს. მისი თქმით ხელისუფლება სწორედ სერგო ჩაჩიბაიასა და მის მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ დააფრთხო.
იგი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი უკანონო პატიმრობა გააპროტესტა.
კახა მიქაიას დაპატიმრებასა და შემდეგ განთავისუფლებას „სასაცილოდ“ აფასებს გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც საკნიდან გამოსულ თანამებრძოლს სხვა მეგობრებთან ერთად დახვდა.
მისი განცხადებით, ციხისა და დაპატიმრებების შიშმა საზოგადოებაში უკვე გადაიარა და ხელისუფლებას მეთოდები დაუძველდა.
„ხელისუფლებამ კახა მიქაიას თითქოს თავისუფლება შეუზღუდა, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ, მისნაირ პიროვნებებს ამ მეთოდებით ვერ შეებრძოლებიან. როცა საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ამ ადამიანების, რომლებსაც დიდი დოზით გააჩნიათ თავისუფლების ხარისხი და ღირსების გრძნობა, დაშინების ასეთი ფორმით მცდელობა ტყუილია“, - განაცხადა ჩხოროწყუს პოლიციის შენობასთან მისულმა ბიძინა გეგიძემ.