დიტერ ბოდენი-„სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს მთავრობა ჩემთან კი არა, მხოლოდ ჩემზე საუბრობს“

დიტერ ბოდენი-„სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს მთავრობა ჩემთან კი არა, მხოლოდ ჩემზე საუბრობს“

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და რობერტ ბოშის ფონდის (გერმანია) კონსულტანტი დიტერ ბოდენი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა და უარი თქვა იმ დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელშიც დიტერ ბოდენი იმყოფებოდა.

როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის „სტუმართმოყვარეობას“ და რას ამბობს იმ ბრალდებების საპასუხოდ, რასაც მას საქართველოში უყენებენ, ამ კითხვებზე პასუხები Presage.tv-მ თავად დიტერ ბოდენისგან მიიღო.

ბატონო ბოდენ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა მიეღო დელეგაცია, თუ მის შემადგენლობაში იქნებოდით თქვენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, „მარშალის ფონდმა“ ქართულ მხარეს თავად აცნობა, რომ მათ თავად მიიღეს ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება და მიზეზად დელეგაციაში თქვენი ყოფნა დაასახელეს.

- ეს ეხება სასწავლო ვიზიტს რომელიც გერმანული რობერტ ბოშისა (RBS) და ამერიკული გერმან მარშალის (GMF) ფონდების მიერ 1-6 აპრილს თბილისში, გალსა და სოხუმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ადრევე იყო ინფორმირებული. მაღალი რანგის დელეგაცია 15 წევრისგან უნდა შემდგარიყო. შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ ორივე ფონდის დირექტორი, გერმანიის ბუნდესტაგისა და ევროპის პარლამენტის წევრები, ამერიკის კონგრესის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები პარიზისა და ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან.

დელეგაციის შემადგენლობის გაცნობის შემდეგ, ქართულმა მხარემ 2 წევრის, კერძოდ გერმანული ბუნდესტაგის წარმომადგენლის, ქალბატონ ვიოლა ფონ ქრამონისა და ჩემს წინააღმდეგ პრეტენზია გამოხატა. პრეტენზიების საფუძვლები დავდაპირველად არ განმარტებულა. ორგანიზატორებს, ბოშისა და მარშალის ფონდებს, ორივე პიროვნების სიიდან ამოღება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში დელეგაციას ოფიციალურ სამთავრობო დონეზე არ მიიღებდნენ. ორგანიზატორი ფონდები არ დათანხმდნენ ქართული მხარის მოთხოვნებს და გააუქმეს ვიზიტი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თქვენ საჯაროდ აკრიტიკებთ ქართული მხარის ინიციატივებს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებთ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, თქვენ საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას ადარებთ მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას. რამდენად ლოგიკურია მისი პრეტენზიები, რომელსაც თქვენს მიმართ გამოთქვამს?

- ქალბატონ კალანდაძის განცხადება, თითქოს, მე საქართველო ნაცისტურ გერმანიას შევადარე, გამოგონილია. ამასვე ვიტყვი ამ საქმესთან დაკავშირებით მისგან გამოყენებულ ციტატაზე-„ბოდენი ამბობს, რომ საქართველომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ“,- რომელიც, თითქოს მე მეკუთვნის.

ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს მე საქართველოს „სტრატეგია“ სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით „ილუზიურად“ მოვიხსენიე.

სიმართლე ისაა, რომ ხშირად, საჯაროდ, პოზიტიური აზრი გამომითქვამს ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით და წარმატებაც მისურვია ხოლმე. თუმცა, კრიტიკული კომენტარი და გადასინჯვის სურვილი მხოლოდ მას შემდეგ გამოვთქვი, რაც სტრატეგიამ დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკული შედეგები ვერ გამოიღო.

კალანდაძემ, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ნებისმიერ დროს უმასპინძლოს დელეგაციებს, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შემადგენლობითაც, თუმცა „თუ იქნება საუბარი კვლავ დიტერ ბოდენზე, მათი არჩევანი იმის თაობაზე, რომ მას მაღალ დონეზე არ შევხვდეთ, იქნება კვლავ ძალაში“. რით არის საქართველოს ხელისუფლების ასეთი თქვენდამი განწყობა განპირობებული, ხომ არ არის ეს იმის შედეგი, რომ რამდენიმე ხნის წინ შეხვდით ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს?

- ამ შეკითხვით, წესით, ქალბატონ კალანდაძეს უნდა მიმართოთ. მიზეზები, როს გამოც საქართველოს მთავრობამ ჩემი პიროვნება უარყო, ჩემთვის ცნობილი არაა. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს მთავრობა ჩემთან კი არა, მხოლოდ ჩემზე საუბრობს.