ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დატოვოს. 90 დღე დასჭირდა იმის თქმას, რომ სხვა ქვეყნის ქვეშევრდომი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობას ვერ მიიღებს. ივანიშვილს ორმაგი სტატუსის მინიჭებაზე განცხადების შეტანას სთავაზობენ; თუმცა, ორმაგი მოქალაქე საქართველოში პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ვერ დაიკავებს.
პოლიტიკური ოპოზიცია უკანდახევას არ აპირებს. კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ სახელით მიიღებს მონაწილეობას. საუბარია ხელისუფლების შიშზე, რომ მას ავანსცენის დატოვება მოუწევს. ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილისთვის უარი თითიდან გამოწოვილია და მის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ისახავს მიზნად.
ამ თემაზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით.
როგორ აფასებეთ იმ მიზეზს, რომელიც სამოქალაქო რეესტრმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმისას გამოიყენა?
რამაზ საყვარელიძე: უარის მიზეზი, უდაოდ საბაბად არის მოყვანილი. არ მგონია, ვინმე რეალურ მოტივად აღიქვამდეს იმას, რაც ამასთან დაკავშირებით ითქვა. ხელისუფლებას ამ მოტივით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა, პირველივე დღეებში შეეძლო. ოთხმოცდაათი დღე ამ ფორმულირებისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო. საქმე სხვა მიმართულებით გადაიტანეს; ამისთვის, კიდევ რამდენიმე თვე უნდა დაიხარჯოს, რაც საარჩევნო ვადას გადააბიჯებს.
ე.ი. ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებთ ცდილობს, რომ ამ არჩევნებიდან ივანიშვილის ფიგურა გათიშოს.
ეს სიტუაცია პოლიტიკურ კოალცია „ქართულ ოცნებას“ დასახული მიზნების განხორციელებაში რამდენად ხელს შეუშლის?
– თუ მარტო ამ ასპექტს განვიხილავთ, იქნება თუ არა ივანიშვილი საარჩევნო სიის სათავეში, ეს ნამდვილად სუსტი ფაქტორია. მაგრამ ივანიშვილმა რომ ვერ მოახერხა თავისი მიზნის მიღწევა და ხელისუფლებამ ეს შეძლო მოქალაქეობის გარშემო ორთაბრძოლაში, ეს კოალიციისთვის, მათი რეიტინგისთვის გარკვეულწილად წამგებიანი იქნება.
ხალხს პოლიტიკოსებიდან მოსწონს, ემხრობა და მიჰყვება არა იმდენად მართალს, რამდენადაც ძლიერს.
შექმნილ ვითარებაში რა გამოსავალი რჩება ოპოზიციურ გაერთიანებას; ხომ არ უნდა გაკეთდეს ერთ–ერთი მთავარი აქცენტი საპროტესტო გამოსვლებზე?
– ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში მრჩეველი ვერ ვიქნები. მითუმეტეს, საკმაოდ ბევრი დაშვებული შეცდომის ფონზე. მარტო იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანი პოლიტიკაში თუ მოდიოდა, ამ ტიპის საკითხები იქამდე უნდა მოეგვარებინა. შემდეგ უკვე წმინდა პიარული ნაბიჯები არასწორი იყო. ერთგვარი მოლოდინის შექმნა, რომ დარჩა ათი, ცხრა, რვა და ა.შ. დღე, რასაც მუდმივად ეთერიდან ვისმენდით; ასევე განცხადებას – აბა გაბედოს!
ეს ყველაფერი აჩენს დიდ მოლოდინს, რომელიც არ სრულდება. აი გაბედა და აღმოჩნდა, რომ დარჩენილი დღეები სწორად გათვლილი არ ყოფილა. ახლა რას ვშვრებით? ეს ისევეა, როგორც მეტოქეებს უყურებს მაყურებელი სტადიონზე ან სხვა სპორტული შეჯიბრების დროს. ერთმა მხარემ რაღაც ილეთი ჩაატარა, ახლა გაიხედავენ მეორე მხარეს; თუ მან ვერაფერი მოიმოქმედა, ქულა ავტომატურად პირველს დაეწერა.
მაგრამ ასეთი ტიპის ნაბიჯები, საარჩევნოდ ხელისუფლებას თუ მოუტანს რაიმე დივიდენდს, თუნდაც დღეს არსებული ფონის გათვალისწინებით?
– ვხედავთ, რომ ხელისუფლებას რეიტინგის თვალსაზრისით დივიდენდი დიდად არ აინტერესებს, ანუ რას ფიქრობენ გულში ადამიანები, მთავრობას ეს ნაკლებად აღელვებს. მას აინტერესებს, რას იტყვიან, როდესაც მათთან სოციოლოგიური გამოკითხვის ინტერვიუერი მივა, და კიდევ უფრო აინტერესებთ, რას შემოხაზავს ადამიანი საარჩევნო ბიულეტენში.
ამისთვის ის იყენებს მექანიზმებს, რომლებითაც მოქალაქეს აიძულებს გააკეთოს ის, რაც მას სურს. რაც ხელისუფლებას უნდა და არა ის, რასაც თავად მოქალაქე სწორად და მართებულად მიიჩნევს. საერთოდ, მოქალაქის თვალსაზრისს, მისი შეხედულებას, სახელისუფლებო გუნდი არსებითად არ განიხლავ ამა თუ იმ პოლიტიკური ნაბიჯის სამიზნედ.