ხელისუფლებამ არაადექვატური ნაბიჯების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა. ბიძინა ივანიშვილს ჯერ უარი უთხრა საქარველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის თანახმადაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს უფლება ექნება, პოლიტიკური პარტიაც დააფუძნოს, საარჩევნო რეგისტრაციაც გაიაროს და საარჩევნო სიაში ნომერ პირველ კანდიდატადაც იყაროს კენჭი. პოლიტიკოსები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობას“ საკუთარი გეგმების ბოლომდე შესრულებაში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ შეუშალა ხელი და ეს მასკარადიც ამიტომ შემოგვთავაზა.
4 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ივანიშვილის თხოვნა მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მინიჭების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა. 5 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად უნდა ეთქვა უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე. სავარაუდოდ, პრეზიდენტი საბოლოო სიტყვას 8 ან 9 აპრილს იტყვის, რადგან სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხების მოგვარებას 3-4 დღე დასჭირდა და ეს დღეები ივანიშვილის თხოვნის განხილვის ვადას დაემატებოდა.
აშშ-ს ელჩი იმდენად აღაშფოთა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ, რომ დიპლომატიური თავშეკავებულობა დაივიწყა და პირდაპირ განაცხადა: „შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა, ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“, - განაცხადა ჯონ ბასმა.
სამაგიეროდ 5 აპრილს ხელისუფლებამ საზოგადოებას საპარლამენტო ოპოზიციის მეშვეობით მისი ახალი ინიციატივის შესახებ გვამცნო. როგორც ექსპერტები ამბობენ, „ხელისუფლებამ ერთ სულელურ ნაბიჯს უარესი სისულელე დაუმატა“.
გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას წინადადებით გუშინვე მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე, პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება გააგრძელოს.
თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ინიციატივა ეყრდნობა ევროკავშირის პრეცედენტს და ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის – საფრანგეთის მოქალაქეს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ცენზი გააჩნია, ჰქონდეს ის პოლიტიკური უფლებები, რაც საქართველოს მოქალაქის სტატუსის ადამიანებს, კერძოდ, გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, იყოს არჩეული პოლიტიკურ თანამდებობაზე, სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას და ა.შ.
ხელისუფლება ქრისტიან-დემოკრატთა ინიციატივას სასწრაფოდ დაეთანხმა და როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას საყოველთაო სახალხო კომისია ხვალიდან შეუდგება. კუბლაშვილის განცხადებით, ეს წინადადება მნიშვნელოვანია, რათა დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებლივ პროცედურებთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება.
რაც შეეხება ცვლილების განხილვის ვადებს, კუბლაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია სავარაუდოდ მაისის თვემდე დაასრულებს მუშაობას, რის შემდეგ ცვლილებაზე საბოლოო ფორმულირება ჩამოყალიბდება და პარლამენტს წარედგინება.
მოკლედ, კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასე ჩამოყალიბდება: პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს 21 წლის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
Presage.tv-სთან საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამით პრობლემა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით გაჩნდა, ვერ მოიხსნება.
„ეს პრობლემა მოიხსნება ძალიან მარტივად, მიხეილ სააკაშვილმა და ქართულმა სახელმწიფომ კანონების დაცვა უნდა ისწავლონ და არა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებების, ახირებების და შიშების აღსრულება.
ასეთ შემთხვევაში ნახევარი წუთის პროცედურაა უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა. ჩემთვის კატერგორიულად მიუღებელია ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ერთ ადამიანზეა აწყობილილი და მორგებული. ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი მე ამ რეჟიმს, ეს არის მიზეზი ამ რეჟიმის გარყვნის, და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვისთვის ყალიბდება კონსტიტუცია და ვისთვის ხდება კონსტიტუციის ჭრა და კერვა - აცხადებს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხელისუფლება, რომელიც „იმის გამო, რომ მთელმა მსოფლიომ პროტესტი გამოუცხადა, და კატეგორიუილად მოითხოვა პასუხი მისგან ამ უგუნური ქმედებისთვის, თავის შეცდომაში გაჯიუტდა და ახლა იძულებულია რაღაც მოიგონოს“.
როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, როდესაც კონსტიტუციაში ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებას იღებ, რომ ევროკავშირის მოქალაქეს აძლევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ქვეყანაც და ხალხიც იმსახურებს იმას, რომ მისი აზრიც გაიგო და მასთან კონსულტაციები გაიარო.
ყველასათვის ნათელია, რომ ჯერ მოქალაქეობის ჩამორთმევით, შემდეგ მოქალაქეობის მინიჭებაზე ფაქტობრივი უარით მმართველი გუნდი ივანიშვილისთვის ხელის შეშლას ცდილობდა და მიზანი მისი პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოცილება იყო. თუმცა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება რომელიც ფაქტობრივად საპირისპირო ნაბიჯია, ივანიშვილს სრულფასოვანი პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალებას აძლევს. რამ გამოიწვია ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ამას ხიდაშელი თვით სააკაშვილის ბუნებით ხსნის.
„კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამაზე სერიოზულად საუბარი ნამდვილად არ შემიძლია. სააკაშვილი ახლა გამოსავალს ეძებს თან ისე, რომ თავისი მდგომარეობა არ დაამძიმოს. მას ძალიან უჭირს დანაშაულის აღიარება და თავისი ხელით ამ დანაშაულის გამოსწორება და ამიტომ ეძებს რაღაც არაადეკვატურ გამოსავალს სახის შესანარჩუნებლად, რაშიც ეხმარებიან ქრისტიან-დემოკრატები“ - აცხადებს ხიდაშელი.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ივანიშვილის მოძრაობის ბოლომდე ბლოკირება მაინც ვერ მოხერხდებოდა, „მაგრამ პერსონალური ეფექტი მაინც სხვა არის არჩევნების დროს და თუ არ იქნებოდა დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია, ეცდებოდნენ გაეტარებინათ ასეთი ინციდენტების ხარჯზე. როგორც ჩანს, დასავლელი პარტნიორებიდან კიდევ უფრო მძაფრი იყო რეაქცია, ვიდრე გახმაურდა“, - მიიჩნევს საყვარელიძე.
ეჭვი არავის შეპარვია, რომ ინიციატივა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა წამოაყენეს, სინამდვილეში ნაცმოძრაობის წიაღში მომწიფდა, თუმცა, როგორც ჩანს, დემოკრატიის პატივსაცემად, ან სხვა მიზეზებით, მისი გახმოვანება ქრისტიან-დემოკრატებს დაევალათ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე კი თვლის, ისე უჭირს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქრისტიან-დემოკრატებს იყენებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
„თურმე თარგამაძე საუბრობს იმაზე, რომ ალტერნატივა შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის, საფრანგეთის მოქალაქეს შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს არის გამოსავალი. ანუ, რაზე ვსაუბრობთ, რომ საქართველოზე გადაგებულ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მასზე ზრუნვით არის დაკავებული, თურმე არ უნდა მივცეთ მოქალაქეობა, მაგრამ არის გამოსავალი და როგორც საფრანგეთის წარმომადგენელს მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს არის უბრალოდ, საზოგადოების დაცინვა“, - აცხადებს აბაშიძე.
ერთი და იგივე არსებისთვის ძნელია, რომ ერთდროულად ნაბიჯი გადადგას ორი სხვადასხვა მიმართულებით, ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, მისი შეფასებით, ხელისუფლება მხარს უჭერდა აქამდე მიმდინარე პროცესებს, ამიტომაც ხშირია ხოლმე, როდესაც განსხვავებული ნაბიჯების გადადგმა უწევს. ვინც ადრე მხარს უჭერდა შავ ფერს, ახლა რომ არ გამოაცხადოს, თეთრი ჯობიაო.
„იმ ცოდნის ფონზე რა ცოდნაც გაგვაჩნია, ერთადერთი ვარაუდი ჩნდება, რომ ამერიკულმა მხარემ ის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც გახმაურდა, უფრო ადრე გადასცა ხელისუფლების მაღალ ეშელონებს და მათ დაიწყეს გამოსავლის ძებნა საიმისოდ, რომ არც ამერიკასთან გადებული ხიდი დაეწვათ და არც საკუთარი მუნდირი. ამიტომ, ქრისტიან-დემოკრატებს ააღებინეს ეს ინიციატივა საკუთარ თავზე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ხელისუფლება შეშინებულია, - „საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მკაცრად აფასებს ამ ვითარებას, კოალიციას ერქმევა ბიძინა ივანიშვილის სახელი და მასში გაერთიანებული ყველა ძალა აპირებს ბოლომდე ბრძოლას. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ეს ხელისუფლება ახორციელებს მიანიშნებს, რომ ეს არის შეშინებული ძალა, არ მეგულება ჯანსაღი ხალხი საქართველოში, რომელიც არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. ახლა ვარ ყაზბეგში, მოხევეებს ვხვდები და ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ. მათ ეცინებათ სააკაშვილის ქმედებებზე, ვიცოდით სააკაშვილი მშიშარა და მხდალი რომ იყო, მაგრამ ასეთი თუ იყო, არ გვეგონაო“, - აცხადებს აბაშიძე.
პოლიტიკოსები და ექსპერტები იმაშიც თანხმდებიან, რომ დასავლეთის ზეწოლის გარეშე სააკაშვილი ნაბიჯსაც არ დათმობდა.
„სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია მისი ვერაგი და მზაკვარი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ თანამეგობრობის ასეთი აღშფოთების გამო ქრისტიან-დემოკრატებს გამოატანინა ეს ინიციატივა, თითქოს, მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ პარლამენტში არსებობს ოპოზიციური ძალა. ეს არავის არ სჯერა და არავის არ უნდა ის ინიციატივები, რასაც ქრისტიან-დემოკრატიული-ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს. ეს ერთი და იგივე ძალაა და ეს ძალიან კარგად იცის ხალხმა. გვჯერა, რომ ივანიშვილი გაიმარჯვებს, გახდება პრემიერ-მინისტრი და შეუდგება ქვეყნის აღმშენებლობას“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ფაქტია, რომ ქვეყანა საკმაოდ რთულ ვითარებაშია და საქმე იმაზე ბევრად ცუდადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რამდენ ხანს ეყოფა დასავლეთის მწვავე განცხადებები გონზე მოსასვლელად ხელისუფლებას, რომელიც უცხო ქვეყნის ელჩებსაც კი, თუკი საქმეს დასჭირდა, აუგად მოიხსენიებს, ძნელი სათქმელია