სხვაობა სააკაშვილისა და ივანიშვილის ოცნებას შორის

სხვაობა სააკაშვილისა და ივანიშვილის ოცნებას შორის

Presage.tv-ს პრეს-კლუბის სტუმარი დღეს პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იყო. მისი საუბარი ძირითადად შეეხო ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა, სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს განცხადება შეიძლება განვიხილოთ ორ ჭრილში - როგორც იურისტ ადეიშვილის დაბალკვალიფიციური ნაშრომი, ან რეალური მცდელობა, რომ ტალახში ამოისვაროს ქვეყნის პრეზიდენტის ავტორიტეტი.

აქვე ცისკარიშვილი აღნიშნავს - „როდესაც მყისიერად ჩნდება ამერიკის ელჩის კომენტარი ამ თემაზე და რეაგირება ამერიკის ელჩისა გახლავთ ივანიშვილთან დაუყოვნებლივ შეხვედრა, აქ კითხვის ნიშნები აღარ ისმის. ზოგისთვის ეს წერტილია, ზოგისთვის მძიმე, ზოგისთვის ძახილის ნიშანი. ჩემთვის ეს უფრო მრავალწერტილია, რაც სხვადასხვა გაგრძელების საშუალებას აძლევს ამ სიტუაციაში ყველა მოქმედ პირს. რასაკვირველია, გადაწყვეტილების საფუძველი გახლავთ არა მხოლოდ იურიდიული უმეცრება, არამედ როგორც ჩანს, ამ პიროვნების მიმართ არაადამიანური შიში. უფრო მეტად კი საკუთარი სავარძლის დაკარგვის კოშმარის მოლოდინი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი საწყენია, მით უმეტეს, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვეძახით დემოკრატიულს. კიდევ ერთი ძახილის ნიშანია ეს დოკუმენტი იმ წინადადებაში, რომელშიც ისმის ქართული დემოკრატიის კრიტიკა.

ამდენად, ვერაფერი ავტორიტეტი და ღირსება შემატა საკუთარ თავს ჩვენმა იურისტმა ზურიკელამ, მაგრამ არის კიდევ უფრო დიდი საფრთხე, რომ შეიძლება ასევე საკუთარ თავს ავნოს სიჯიუტის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტმაც“.

შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დარწმუნებით თქვა, რომ 21 აპრილს ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას.

Presage.tv -ს კითხვაზე, რა აძლევს ივანიშვილს ამ რწმენის საფუძველს, სოსო ცისკარიშვილი პასუხობს, თუ ვინმე იცნობს სააკაშვილის ბუნებას, ერთ-ერთი უპირველესი, მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილი, გამომდინარე იმ არცთუ იშვიათი ურთიერთობიდან წლების განმავლობაში, რომელიც საკუთარ თავში არ მოიცავდა მხოლოდ ფინანსურ საკითხებს.

„გარდა ამისა, მხოლოდ ბატონი ბიძინასთვის არის ცნობილი, თუ რა დამოკიდებულება ექნება ამ ფაქტის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებას და ალბათ, ისიც იცის, რომ სააკაშვილმა იცის, რომ ივანიშვილმა იცის. ბატონი ბიძინა არ არის შემჩნეული, რომ ემოციურ, გაუწონასწორებელ ფრაზებს წარმოთქვამდეს. რაც მე შევამჩნიე პირადი ურთიერთობისას გახლავთ ის, რომ თავად მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება თუ არა ის საქართველოს მოქალაქე. ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრესტიჟისთვის და ხელისუფლების პრესტიჟისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მან ასევე გააკეთა შეფასება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ პავლე კუბლაშვილის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის არქონის შემთხვევაშიც შეუძლია ქართულ პოლიტიკაში დარჩეს. სოსო ცისკარიშვილის თქმით, ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს უფლება იმუშაოს მაღალ თანამდებობაზე, რომელიც არ არის არჩევითი, ანუ არის დანიშვნადი. ამის მაგალითად ექსპერტმა მოიყვანა ამერიკის მოქალაქე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე სოსო ცისკარიშვილი ხაზს უსვამს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესა და ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ეკა შარაშიძეს.

საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად და კანონის ფარგლებში განიხილონ ივანიშილის მოქალაქეობის საკითხი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქართველებს გვაქვს უკუღმა კითხვის შესანიშნავი ნიჭი.

„ამიტომ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ განცხადებას დიდი ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს ჩვენი პარლამენტის კაჭკაჭთა ნაკრები და იტყვიან-დიახ, სწორედ კანონს ვანიჭებთ უპირატესობას და ამიტომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას. მოწოდება ხომ ის არის, რომ ერთნაირი საშუალება ჰქონდეს ყველას, კანონით ისარგებლოს ასეთ ვითარებაში. ფრაზაზე - „რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს“, - იტყვიან - არ გადავაჭარბებთ კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადასო და ექვს თვეში, ანუ არჩევნების შემდეგ შეიძლება იყოს ამაზე ლაპარაკი“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

აქვე იგი ამბობს, რომ ერთ-ერთ სალეტევიზიო ინტერვიუში გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ობამასთან ვიზიტის დროს სააკაშვილს უთქვამს, რომ ივანიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ექნება მოქალაქეობა. ცისკარიშვილმა არ იცის, რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ინფორმაცია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უფრო სარწმუნოდ ეჩვენება, ვინაიდან ხელისუფლებას აუცილებლად ექნება სურვილი, რომ ეს ასე მოხდეს.

აქვე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის დღევანდელი ელჩი იქნება, თუ შემდეგი ელჩი, ამერიკის საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება და საქართველოს უკვე მიანიშნეს, რომ ელოდებიან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას.

სოსო ცისკარიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სურვილზე, რომ ქვეყანაში ეუთოს გრძელვადიანი მისია ჩამოვიდეს წინასაარჩევნოდ. ექსპერტს სააკაშვილის ეს განცხადება აგონებს გაკვეთილის არმცოდნე მლიქვნელ მოსწავლეს, რომელიც მასწავლებელს სთხოვს, რაც შეიძლება მეტი დავალება მისცენ მაშინ, როდესაც ის გაკვეთილიც არ აქვს ნასწავლი, რაც საშინაო დავალებად ჰქონდა.

„ასეთ ვითარებაში თანდათან მკაფიო ხდება ყველასთვის, ვისაც მეტნაკლები ინტერესი გააჩნია საქართველოს მიმართ, რა ხდება რეალურად ამ ქვეყანაში. ამიტომ, აღარც ბრიუსელს, აღარც ვაშინგტონს სიტყვების აღარ სჯერათ. დარწმუნებული ვარ, რომ რაც კი შენიშვნა იქნება დასვლეთიდან დღევანდელი მმართველობის მიმართ, ყველაფერზე იქნება აღმატებული რეაგირება, დაახლოებით ისეთი, თამადამ დაგვიანებული სუფრის წევრი ერთი ჩაის ჭიქით რომ დააჯარიმოს, დასაჯარიმებელმა კი მოითხოვოს - არა მე სამ ყანწს დავლევ, ბოდიში დაგვიანებისთვისო“, - ამბობს ცისკარიშვილი.

აქვე ექსპერტი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც პრეზიდენტი თავის ოცნებაზე საუბრობს:

„ნახეთ მის მიერ ტელეკომპანია „Дождь”-სთვის მიცემული ინტერვიუ. იქ სააკაშვილი საკუთარ ოცნებაზე საუბრობს და ძალიან საინტერესოა იმ ჟურნალისტის სახის გამომეტყველების ნახვა, რომელიც მასთან ინტერვიუს იწერს. უნდა ნახოთ, როგორ ხალისით ყვება სააკაშვილი ბათუმში უნივერსიტეტის 170 მეტრი სიმაღლის შენობა რომ უნდა აშენდეს, მას თავზე უნდა ჰქონდეს სფერო, რომელშიც იქნება ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“. მანამდე, ბოლო სართულზე იქნება კაფე, სადაც სტუდენტები იყიდიან ჰამბურგერებს, შემდეგ ავლენ, თავისი კომპიუტერებით დასხდებიან ამ „ეშმაკის ბორბალზე“ და დედამიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მიირთმევენ ჰამბურგერებს და იმეცადინებენ თავიანთი ლეპ-ტოპებით. ამას ვიღაც ხაზავს, ვიღაც აფინანსებს, ვიღაც სხდომებს ატარებს და ა.შ. ოცნება კარგია, როდესაც შენთვის სახლში ოცნებობ, მაგრამ როცა საკუთარ ოცნებაზე ხარჯავ მილიონებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შეიძლება ეს ბოლოს კოშმარი გამოდგეს“, - აცხადებს ექსპერტი.

იგი ასევე შეეხო „სახალხო კრებისა“ და ნინო ბურჯანაძის ერთიანობის საკითხს და განაცხადა, რომ ეს ორი ძალა ერთიან სიბუექტად აღიქმება. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, - მასაც ჰქონდა ილუზია, რომ კრება იქნებოდა მრავალპარტიული კოალიციის ინტერესების გამომხატველი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან პოლიტიკოსების ამბიციები იყო შეუთავსებელი. ამის შემდეგ მან დატოვა „სახალხო კრების“ საბჭო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნინო ბურჯანაძესთან ურთიერთობაზე უარის თქმას, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ივანიშვილი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, შესაძლოა მან ყველა ჩვენგანზე მეტი იცის ნინო ბურჯანაძის მმართველობის კლასის შესახებ და სწორედ ამიტომ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას.

რაც შეეხება „ქრისტიან - დემოკრატების“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სოსო ცისკარიშვილი ამბობს: „ჩემთვის ეს უპირველეს ყოვლისა მაჩვენებელია იმისა, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსია, ვიდრე ზოგიერთი მისი კოლეგა ოპოზიციური სპექტრიდან, რომელიც გაებუტა რა ბატონ ივანიშვილს მხოლოდ მის მიმართ ისრების სროლით არის დაკავებული. ჩემის აზრით, ეს წინადადება არის იმ ფილოსოფიის ნიმუში, რასაც ჰქვია „არც მწვადი დაიწვას და არც შამფური“. ასეთი კანონის შემოტანა იქნებოდა გარკვეული შვება ხელისუფლებისთვის, რომ არ ჩაღრმავებულიყო სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილთან და მის ადვოკატებთან და შესაბამისად, საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებთან, იქნებოდა უმტკივნეულო, რადგან ეს ავტომატურად მოხდებოდა კანონის საფუძველზე.

ამაში დაინტერესებული არის არა იმდენად პირადად გიორგი თარგამაძე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, არამედ არაერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და შესაძლოა, ფიქრობდეს რაიმე სიკეთის მოტანას თავად ქართული რეალობისთვისაც. ამიტომ ჩემთვის ეს წინადადება საინტერესოა და საინტერესოა ის რეაგირებაც, რაც მასზე ექნებათ ჩვენს საპარლამენტო კაჭკაჭებს“.

presage.tv -ს კითხვაზე, რატომ საუბრობს ხელისუფლება ბოლოს დღეებში რუსეთთან შესაძლო ომზე და ხომ არ აპირებს თავად საქართველოს ხელისუფლება ამ ომის წამოწყებას, თუკი დაინახავს, რომ არჩევნებში წაგების რეალური შანსი აქვს, სოსო ცისკარიშვილი პასუხობს ცნობილი ფრაზით:

„მიზანი ამართლებს საშუალებას“. მისი თქმით, თუ უპირველესი მიზანი იქნება სავარძლის შენარჩუნება და არა ქვეყნის გადარჩენა, მაშინ ასეთი პოლიტიკოსი ყველაფერზე წასმველია. ექსპერტს მაშფოთებს მაღალი თანამდებობის პირების ასეთი გუნდური განცხადებები რუსეთიდან შესაძლო აგრესიის შესახებ. ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ არსებობს მრავალ ვერსიათაგან ერთ-ერთი ნაციონალთა გონებაში, რომ საერთოდ არ შედგეს არჩევნები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო. ამიტომ რაც ადრე დაიწყებენ საზოგადოების მომზადებას რაიმე უბედურებისთვის შემოდგომაზე, მით უფრო დამაჯერებლად მოეჩვენებათ ამ იდეის ავტორებს ეს და იტყვიან - ხომ ვამბობდით, რომ ასე იქნებოდაო.

აქვე ცისკარიშვილი ხელისუფლებას უსვამს კითხვას - თუკი მათ აქვთ ამგვარი ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეიძლება ომი დაგვიწყოს, როგორ ემზადება საქართველოს ხელისუფლება ამისთვის?

„ომის შემდეგ ამბობდნენ - არ გვეგონა რუსეთი აქ თუ შემოვიდოდაო. ახლა ხომ ჰგონიათ, რომ შემოვა და რა მზადება მიმდინარეობს, ამაზე გაგვცენ პასუხი, რომ მოქალაქეებმა მშვიდად ვიგრძნოთ თავი. მე რომ მაშინებენ, ამით რუსეთი შეფერხდება? უი სოსოს შეშინებია და მოდი ნუღარ შევიჭრებით საქართველოშიო. ამიტომ, ჯერ საჭიროა საქმე და შემდეგ ლაპარაკი. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ქვეყანა მზად არის ნებისმიერი აგრესიის მოგერიებისთვის, მაშინ უფრო კონსოლიდირებული იქნება ერი და უფრო ადექვატური იქნება ხელისუფლება. თუ რამე ინფორმაციას ფლობ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და ამის განსაჯაროება სულაც არ არის საჭირო.

თუ იცი, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ შნო არ გაქვს, რომ რამე საწინააღმდეგ გააკეთო, მაშინ კი არ უნდა გადადგე, უნდა გაიქცე და აცადო სხვებს, მიხედონ სიტუაციას“, - ამბობს ექსპერტი და აქვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან არანაირი ქმედება არ მოსდევს, ამ ეტაპზე არის წინასაარჩევნო ნიჰილიზმის დანერგვის ერთ-ერთი საშუალება და პრიმიტიული პიარ სვლა.

Presage.tv-ს კითხვაზე, ხომ არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად გამოიყენოს ირაკლი ალასანიას განცხადება შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ ალასანიამ რუსეთს საფუძველი მისცა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის, სოსო ცისკარიშვილი პასუხობს, რომ არავის არ უარყვია ალასანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ არსებობენ შეიარაღებული ადამიანები. უბრალოდ კამათი არის იმაზე, არის ეს უკანონო თუ კანონიერი.

„რა მნიშვნელობა აქვს აფხაზისთვის, ან თუნდაც საქართველოს მოქალაქისთვის, კანონიერი ტყვიით იქნება განგმირული, თუ უკანონოთი? პრინციპული საკითხი, რომელზეც ალაპარაკდა ბატონი ალასანია, არ იწვევს დავას. როდესაც ქვეყანაში არსებობს ამდენი სტრუქტურა, მათ შორის რეზერვიც, რა საჭიროა მოხალისე რეზერვების და პარტიზანული აქტივობების დაგეგმვა დიდი ალბათობით, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ?“ - ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, არაფერი დაბრალდება ალასანიას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად ბოკერიას განცხადება, რომ ალასანიას მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ახალი, სოსო ცისკარიშვილის თქმით, არის ხელისუფლების თვითლუსტრაცია.

„რასაკვირველია, ეს მათთვის ახალი ვერ იქნებოდა, რადგან მათ შექმნეს ეს სტრუქტურები. თუ მე შევქმენი რამე, მე თუ განვაწყე რაიმე სისტემა კონკრეტული ქმედებისაკენ, შევმოსე, დავაბინავე, დავაფინანსე, და ამ დროს სხვას ვაბრალო - შენ რატომ თქვი, რომ მე ასეთ რამეს ვფლობო, რაღა გითხრათ, თავად მკითხველმა განსაზღვროს ვინ ვინ არის, და ვინ რასა იქმს.“ - ამბობს ექსპერტი.

იგი ასევე საუბრობს დასავლეთის დამოკიდებულების შეცვლაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ცისკარიშვილის თქმით, თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ პერსპექტივას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩრდილოეთით ურთიერთობის პერსპექტივა აღარ არის და ამას მოწმობს ორსაუკუნოვანი გამოცდილება. მით უმეტეს, ბოლო რამდენიმე ათეულ წელიწადს თუ გადავხედავთ, ნათელია, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მშვიდი, მდგრადი განვითარების არანაირი გარანტი, უპირველეს ყოვლისა საკუთარი აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე. სამხრეთით არაფერი გვესაქმება, რადგან არა მხოლოდ რელიგიური განსხვავებულობა გვზღუდავს, არამედ ზოგადად ცნობიერების განსხვავებულობა, კულტუროლოგიური სხვაობა.

აღმოსავლეთით არც ჩვენ გვიზიდავს რამე და არც არავინ გველოდება. დასავლეთი არის ჩვენი ერთადერთი რეალური სამიზნე, რომლისკენაც გონიერად, ზომიერად უნდა გადაადგილდებოდეს საქართველო, რათა შევითვისოთ საუკეთესო, და არა ყველაფერი თავის ნაგვიანად.

„ვეცადოთ გვქონდეს დასავლური სტანდარტები დემოკრატიის და არა ისეთი დემოკრატია, რომელშიც ლიდერად მოვიხსენიებით. ჩემის აზრით, შეურაცხმყოფელია, როდესაც სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს სჯობიხარ დემოკრატიაში, ანუ ქვეყნებს, სადაც კიდევ უფრო ნაკლები დემოკრატიაა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.