ხუთშაბათს დილით საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება გავრცელდა, სადაც ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, „წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად.
შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“, - აცხადებს ბასი.
ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დუმდა. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კი მიკარებაც შეუძლებელი იყო.
მოგვიანებით უმრავლესობას მხსნელად „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი მოევლინა. მართალია, გიორგი თარგამაძის ინიციატივა, რომ ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებს გაუთანაბრდნენ, ჯერ კიდევ ოთხშაბათს საღამოს გავრცელდა, მაგრამ უმრავლესობამ კომენტარის გასაკეთებლად მხოლოდ მას შემდეგ „მოიცალა“, რაც თარგამაძემ ეს იდეა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
თუმცა, უმრავლესობა ბასის ამ განცხადებაზე საუბრისას მაინც ცდილობდა, რომ პასუხისთვის თავი აერიდებინა.
პავლე კუბლაშვილი: არ მინახავს ეს განცხადება, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
გოკა გაბაშვილი: ბასის პოზიციაა, აშშ-ს პოზიციაა, ევროკავშირის პოზიციაა და მთელი ცივილიზირებული სამყაროს პოზიციაა, რომ ისინი მხარს უჭერენ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს. მაგრამ ეს, პირველ რიგში, არის ჩვენი სურვილი, რომ საქართველომ დემოკრატიის ეს ტესტი ღირსეულად ჩააბაროს და ისევე როგორც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ არჩევნებმაც დაიმსახუროს მაღალი შეფასებები დემოკრატიულობის მხრივ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ასევე, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ყველანაირ სპეკულაციას წერტილი უნდა დავუსვათ იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება რაიმე სახის არათანაბარი მდგომარეობა. რასაც ვამბობდით, ვიმეორებთ იმას, რომ არანაირი არათანაბარი მდგომარეობა არ იქნება და ყველას შეეძლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდეს ის უფლებები, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში.
აშშ-ის ელჩის განცხადებაზე გეკითხებით. ეს პოზიცია არის თუ არა იმის დადასტურება, რომ ხელისუფლებამ აშშ-ის შენიშვნა თუ რეკომენდაცია გაიზიარა?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოქალაქეობის პროცესი არის სამართლებრივი პროცედურა და, თუ ახლა ვიღაცას ჯიუტად არ უნდა, ამ პროცედურას გაყვეს იმ წესისა და კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი, ეს ერთია და ეს არის წმინდად იურიდიული მხარე. მეორე მხარე კი ის არის, რომ ამ ვითარებას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ვერავინ ვერ გამოიყენებს.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, რაც შეეხება ღია დემოკრატიულ პროცესს, აქ არსებობს სხვა გადაწყვეტებიც და ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ წარმოადგინეს, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. დღევანდელი დღიდან ყველამ ესაუბროს ამომრჩეველს იმაზე, თუ რას პირდება მათ და არანაირი არათანაბარი ველი საქართველოში არ არის და არ იქნება. ეს იყო ყოველთვის ჩვენი პოზიცია და ეს რჩება ჩვენს პოზიციად.
ბასის განცხადებაში საუბარი არის მოქალაქეობის მინიჭების საკითხეზე და ხაზგასმულია, რომ მას ისევე უნდა მიენიჭოს მოქალაქეობა, როგორც სხვებს ენიჭება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის უფლებები დაირღვა?
- ბასის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს კანონის მიხედვით. ყველაფერი მოქალაქეობასთან დაკავშირებით წყდება კანონის მიხედვით და კანონის დადგენილი პროცედურებით, მაგრამ გიორგი თარგამაძის ინიციატივა გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ სრული დეპოლიტიზაცია მოხდეს ამ საკითხისა და ყველანაირ სპეკულაციას დაესვას ერთი დიდი წერტილი.
ხელისუფლებამ ბასის ამ განცხადების შემდეგ პოზიცია არ შეიცვალა?
- მე გუშინაც ზუსტად ეს გითხარით. ამას გეუბნეოდით გუშინწინაც, ერთი თვის წინაც და ერთი წლის წინაც. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მას არანაირი შენიშვნა არ ჰქონია და მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ყველაფერი მიდის კანონის მიხედვით. სწორედ ეს იყო და ეს არის ყველა დიპლომატიური მისიის და ყველა ცივილიზირებული პოლიტიკური მოთამაშის, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მეგობრების პოზიცია. ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანაბარი.
მთავარი ის არის, რომ თარგამაძის ინიციატივით მისი უფლებები არ იქნება შეზღუდული არანაირად. ამით საბოლოოდ ესმება წერტილი იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მოქალაქეობის პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს აქტუალურ პოლიტიკასთან და პოლიტიკურ, საარჩევნო სივრცეში ყველა იქნება თანაბარი ამ ინიციატივის მიხედვით. ჩვენ გავეცანით ამ ინიციატივას და დავუჭერთ მხარს უმრავლესობით.
უმრავლესობა ყურადღების გადატანას აშკარად იმაზე ცდილობს, რომ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს და მას მოქალაქეობის საკითხი აღარ უნდა ადარდებდეს.
პავლე კუბლაშვილი: დღეს იურიდიულ კომიტეტში ნამდვილად შემოვიდა ქდმ-ს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერის გაკეთების მიზნით. ეს წინადადება ითვალისწინებს საარჩევნო უფლებების მინიჭებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას იმ პირთათვის, ვინც დაბადებულია საქართველოში, ათი წელია ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს მოქალაქე. შესაბამისად, იურიდიული კომიტეტი და კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას, ხვალიდან დაიწყებს ამ საკითხზე მსჯელობას.
მე ვფიქრობ, ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებრივ პროცედურებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ან იყოს თავისი სიის პირველი ნომერი, ან იყოს წარდგენილი ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად და ა.შ.
ეს უფლება არის გარანტირებული ყველა პირისთვის, ვინც დაბადებულია საქართველოში, ცხოვრობს საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში და არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე.
რაც შეეხება ვადებს, ხვალიდან კომისია დაიწყებს მსჯელობას ამ საკითხზე და თქვენ იცით, რომ არსებობს ერთთვიანი ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის და შესაბამისად, სავარაუდოდ, მაისის თვემდე იქნება საზოგადოებაში ამ საკითხის განხილვა და მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ განხილვები იქნება რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ განხილვების შემდეგ უკვე საბოლოო ფორმულირებები ჩამოყალიბდება და ის იქნება პარლამენტის სხდომაზე წარდგენილი.
მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი პოლიტიკურ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს არა აქვს უფლება ან შეეზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ეს წერტილი დაისმევა სწორედ იმ წინადადებით, რაც წარმოადგინეს სწორედ ქრისტიან-დემოკრატებმა.
მოქალაქეობის მინიჭება არანაირად არ უკავშირდება რაიმე ფორმით შეფასებებს და ამ მხრივ ის შეფასება, რაც არის წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა კითხვის ნიშანს მოხსნის.
თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ინიციატივით ივანიშვილს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება. კონსტიტუციაში კი ცალკე მუხლია იმასთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება ვის არ შეუძლია. ამ ჩამონათვალში შედის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირიც და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირიც.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას საქმე იქითკენ მიყავს, რომ ივანიშვილმა პრემიერმინისტრობა ვერ შეძლოს. თუმცა, კუბლაშვილი ამბობს, რომ „განხილვის პროცესში სხვა მუხლებიც შეიცვლება“.
პავლე კუბლაშვილი: ნებისმიერი უფლების თვალსაზრისით, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქის უფლებებს, იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, იყოს პოლიტიკაში, ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას, იყოს საჯარო თანამდებობის პირი, ეკაოს ნებისმიერი თანამდებობა, ყველა ამ უფლების თავლსაზრისით, ასეთი პირი, ანუ ის პირი, ვინც დაბადებულია საქართველოში, ათი წელია ცხოვრობს საქართველოში, აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, გათანაბრებული იქნება საქართველოს მოქალაქესთან.
ანუ ცვლილება სხვა მუხლებშიც უნდა შევიდეს?
- რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ არის კომისია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ამ საკითხებზე იმსჯელოს.
თუმცა, ჯერჯერობით, არსებული კანონპროექტი მხოლოდ საარჩევნო უფლებას ითვალისწინებს და ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ თარგამაძის ინიციატივა ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.
უმრავლესობაც და თარგამაძეც, ცხადია, ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ.
„არ ვიცი, ვინ როგორ აფასებს ამ ინიციატივას. მე ვიცი ერთი რამ, - ვიღაცას უნდა, რომ ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყოს. ამ წინადადებით დასრულდება პოლიტიკური სპეკულაციების არეალი და არავის აღარ ექნება უფლება და შესაძლებლობა, რომ თქვას, ვიღაცას შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.
მაგრამ საინტერესოა ის, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ის პროექტი იქნა ინიცირებული, რომლის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი მცირდება, სააგენტო „ინტერპერსნიუსისა“ და „პირველის“ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მისცეს კანონპროექტი, რომელსაც ხელს „ქრისტიან-დემოკრატების“ მთლიანი ფრაქცია აწერდა.
მოგვიანებით კი კომიტეტიდან მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ კომიტეტის წევრები მათ ეხუმრნენ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ პროექტისთვის ხელი არ მოუწერიათ.
ეს ყველაფერი კი, ცხადია, აჩენს ეჭვს, რომ მათ ხელი მართლა ჰქონდათ მოწერილი იმ ვარიანტზე, რაც ახლა შეთანხმების საგნად უნდა გაფორმდეს და ჟურნალისტებს წინასწარ შეცდომით მისცეს.