ბიძინა ივანიშვილის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებასათან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებული აბსურდული გადაწყვეტილება იმდენად შორს დგას საღი აზრისაგან, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი კუთხით განხილვაც კი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამოქალაქო რეესტრს რაიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება და ნება არა აქვს. ეს ყველაფერი, ცხადია, მომდინარეობს შიშით შეპყრობილი სააკაშვილისა და მისი გარემოცვისაგან, რომელიც, - დგას რა ძალაუფლების დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე, - ყოვლად უკანონო და უღირსი ხერხებით ცდილობს, არ დაუშვას კონკურენტული საარჩევნო გარემო და ამ გზით მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია.
გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია კანონი, მან აბუჩად აიგდო საქართველოს ის 300 ათასი მოქალაქე, რომელმაც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნას, საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ადამიანის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, გამოკითხულთა ის 70%, რომელიც NDI-ის მიერ, ჩვენი აზრით, ისედაც მიკერძოებული კვლევის შემდეგ მხარს უჭერს ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, - მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, - რჩევები თუ რეკომანდიციები და ა.შ.
სავარაუდოა, რომ მოკლე ხანში საქართველოს ხელისუფლების უკანონობასა და საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ადეკვატურ შეფასებას მისცემენ როგორც მეგობარი ქვეყნების მთავრობები, ისე ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დემოკრატიის ბედით საქართველოში.
ამ მხრივ, სიმპტომატურია ბ-ნი ჯონ ბასის განცხადება, რომელშიც ამერიკის მთავრობის პოზიციაა გამოხატული: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“.
ცხადია, რომ ივანიშვილის, როგორც რეალური კონკურენტის არდაშვება საარჩევნო პროცესში, მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია ავტომატურად დააყენებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, რაც დიდი ალბათობით, უმძიმეს შედეგებს მოუტანს არა მარტო უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, არამედ ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს რეგიონში. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო პოლიტიკურმა წრეებმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
„ქართული აკადემია“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აღვირახსნილ უსამართლობასა და ხელისუფლების უზურპაციის დაუფარავ მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ თავისი პროტესტი უნდა დაუპირისპიროს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილსა და მის კარიკატურულ საპარლამენტო უმრავლესობას, დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩენის ყველა მათი ცდა განწირულია და, თუ სააკაშვილმა უკან არ წაიღო თავისი უკანონო და უგნური გადაწყვეტილება, მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას ხალხის ნება მიანიჭებს.