უმრავლესობისდაზეპირებული პასუხი

უმრავლესობისდაზეპირებული პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება მოქალაქეობის არქონის შემთხვევაშიც შეეძლება. არადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს. საფრანგეთი კი ივანიშვილს მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე არ უწყვეტს.

რის საფუძველზე ამბობს ამას გაბაშვილი, რომ ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეეძლება და რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას იურისტების იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო რეესტრმა უკანონო დასკვნა მიიღო ივანიშვილის მოქალაქეობის თხოვნაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv გოკა გაბაშვილს ესაუბრა.

გოკა გაბაშვილი: აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განმარტებაა სამოქალაქო რეესტრის მხრიდან, რომ ის პროცედურა, რომელიც წამოწყებული იყო ივანიშვილის და მისი იურისტების მიერ მოქალაქეობის მიღების თაობაზე, არის არასწორი. მაგრამ, ამავე დროს, რეესტრი აკეთებს განმარტებას, რომ ასეთ შემთხვევებში არსებობს სწორი პროცედურაც. ის გზა, რომელ გზასაც, წესით, უნდა დაადგეს ივანიშვილი, თუკი მას სურს მოქალაქეობის მიღება მიუხედავად იმისა, რომ ის არის სხვა ქვეყნის მოქალაქე.

საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ნათელი პროცედურა და იუსტიციის სამინისტრომ ეს პროცედურა თავის განცხადებაში მიუთითა.

ეს რაც შეეხება იურიდიულ მხარეს და ეს არის მართლაც მთლიანად სამართლებრივი საკითხი. მეორე საკითხია პოლიტიკური და ამ თვალსაზრისით ივანიშვილი არის ქართულ პოლიტიკაში. მან შექმნა პოლიტიკური პარტია, შექმნა პოლიტიკური კოალიცია, ის არის ოპოზიციის ერთი ნაწილის ერთპიროვნული ლიდერი. ასე რომ, მას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის პრობლემა არა აქვს.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს, ამის გადაწყვეტის გზა არის სხვა გზა და არა ის, რაც მას აქამდე ჰქონდა შერჩეული და ამის შესახებ მას იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ნათლად მიუთითა.

იურისტები ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და ამის დამადასტურებლად ელემენტარულად იმაზე მიუთითებენ, რომ მას არ სურს ორმაგი მოქალექობა და საფრანგეთის მოქალაქეობას დატოვებს მაშინვე, როგორც კი საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება.

- პასუხი, რომელიც მას იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გასცა, არის აბსოლუტურად იურიდიულად გამართული და ეს პასუხი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს.

კონსტიტუციის და კანონის მაღლა ვერ დადგება ვერავის პოლიტიკური მოსაზრება, ვერავის კაპიტალი, ან პოლიტიკური ან ფინანსური შესაძლებლობა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ჩვენი კანონმდებლობით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მიღების ორი გზა. ერთი გზა ივანიშვილის შემთხვევაში არის არასწორი და ეს მიეთითათ გარკვევით და მეორე გზა არის სწორი და ამის შესახებაც გარკვევით მიეთითათ.

შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მოქალაქეობის მიღების თაობაზე ივანიშვილი საკითხს დასვამს სწორი პროცედურის მიხედვით.

თქვენ ამბობთ, რომ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობას ვერ მოითხოვს. მაგრამ იმ ფორმულარში, რითაც ხდება მოქალაქეობის მიღების თხოვნა ამ ფორმით, ცალკე გრაფა აქვს დათმობილი პირის მოქალაქეობას. ეს ფორმულარი არასწორად არის შედგენილი? შეგახსენებთ, რომ ფორმულარი პრეზიდენტის ბრძანებულებით მტკიცდება.

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონმდებლობის მიხედვით არსებობს მოქალაქეობის მიღების ორი გზა. ერთი არის იმ პირებისთვის, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ და ნატურალიზაციის გზით სურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამ გზით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მოთხოვნა არის არასწორი იმიტომ, რომ მას გააჩნია საფრანგეთის მოქალაქეობა.

ამასთან, არის მეორე გზა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის მათთვის, ვისაც აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ივანიშვილის შემთხვევაში ეს არის სწორი გზა.

იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილს და მის იურიდიულ „სტაფს“ განუმარტა, რომ არსებობს ორი გზა და ურჩია, რომელი არის მისთვის სწორი გზა.

გეცოდინებათ, რომ ივანიშვილმა საფრანგეთს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა და მათი პასუხი იყო, რომ ისინი დაელოდებოდნენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან ამ პერიოდში ეს ადამიანი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე არ ყოფილიყო.

- საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სხვა შემთხვევას, გარდა ამ ორი გზის, რაზეც ვილაპარაკე.

ამ დასკვნისთვის ორი თვე იყო საჭირო? რატომ გაყავს ხელისუფლებას დრო?

- ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ხელისუფლებას დრო გაყავს. საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ვადები და ამ ვადების დარღვევა არის ყველა უწყებისთვის აკრძალული. ამ ვადებში პასუხის გაცემა არის კანონიერი გზა.

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ვადებს განგებ აჭიანურებთ, რადგან ივანიშვილის გეშინიათ...

- ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს სინამდვილეში სირიის სცენარს ვამზადებთ. თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ეს არის სრული სისულელე. ივანიშვილი არის პოლიტიკაში და იურიდიული პროცედურების გარეშეც იგივეს ეუბნება ამომრჩეველს, რასაც ეტყვის იურიდიული პროცედურების გავლის შემდგომ. ანუ, არავის არაფრის შიში არა აქვს და ეს არის სამართლებრივი პროცედურა, რომელზეც მაღლა ვერ დადგება ვერავინ, ვერც ფული და ვერც პოლიტიკური ამბიცია.

ივანიშვილი პოლიტიკაში არის და მას საშუალება აქვს, რომ ნებისმიერ დროს მიმართოს ამომრჩეველს. მისი კოალიციის წევრებს აქვთ საშუალება, რომ ნებისმიერ საკითხზე ისაუბრონ და ჩემდა სამწუხაროდ, ისინი ამ დროს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ სირიასა და მსგავს საკითხებზე ისაუბრონ.

თუ ივანიშვილს არ ექნება საქართველოს მოქალაქეობა, საარჩევნო კამპანიაში როგორ მიიღებს მონაწილეობას?

- თქვენ არ გინახვთ ივანიშვილის განცხადებები და არ იცნობთ მის პოლიტიკურ პოზიციას? ეს ცნობილია, ხომ? ე.ი. ეს ადასტურებს იმას, რომ მას აქვს საშუალება, მოსახლეობას გააგებინოს თავისი პოზიცია.

არსებობს პოლიტიკური საკითხი და ივანიშვილი პოლიტიკაში არის. მეორე საკითხი არის სამართლებრივი პროცედურა და ამას სჭირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების გავლა. ეს წესები უნდა გაიაროს ყველამ, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ის მილიარდერი. იმის გამო, რომ მას აქვს ფული, კანონზე მაღლა ვერავინ დააყენებს.

საარჩევნო პროცესში მას პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვის საშუალება ისევ ექნება?

- ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ყველას შეუძლია, ეს გააკეთოს.

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს პოლიტიკაში ჩართვის უფლება არა აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს ამის უფლება ექნება?

- ივანიშვილი უკვე არის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგიანი ოპოზიციური ძალის ლიდერი. შესაბამისად, საერთოდ აბსურდულად მიმაჩნია კითხვა, შეეძლება თუ არა ივანიშვილს, იყოს პოლიტიკაში.

ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ მას ამის საშუალება ექნება?

- რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ მას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის საშუალება ექნება და უფრო მეტიც, მას ამის საშუალება დღესაც აქვს.