ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი ქართული მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პერევიდან ჯარებს უახლოეს მომავალში გაიყვანს. განახლდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმებზე მუშაობაც.
და მაინც, რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან სარკოზისთვის მიცემული კარტბლანში და ამერიკისთვის “გადაჭერილი სახრე”.
რუსეთის მხარის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. “პერევიდან ჯარების გაყვანა მცირე ნაბიჯია, რომელსაც შემდგომში უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს”, - განაცხადა მან.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენენ.. პერევი მხოლოდ მცირე ნაწილია ოკუპირებული ტერიტორიებისა, თუმცა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მედიასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ.
“პერევიდანაც გაიყვანენ ჯარებს და ახალგორიდანაც, მაგრამ ამ ეტაპზე კოდორზე არც კი შეიძლება ლაპარაკი, იქ სხვა ინტერესებია ჩადებული”, - აცხადებს პრესა.გე-თან ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი ვანო მაჭავარიანი. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
ბატონო ვანო, თქვენი აზრით, მხოლოდ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ის, რომ რუსეთმა ჟენევის ფორმატში დააფიქსირა თავისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პერევიდან ჯარები გაჰყავს?
ვანო მაჭავარიანი: - “მე ვფიქრობ, რომ გარდა ქართული მხარის ძალისხმევისა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რუსეთის ეს გადაწყვეტილება უფრო უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპის სამი დიდი ქვეყნის – საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პირველი პირები იკრიბებიან სამიტზე, რომელიც ევროპულ უსაფრთხოებას ეძღვნება. სხვათაშორის, ამ არაფორმალურ სამიტზე არ არის მიწვეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
სარკოზი, მერკელი და მედვედევი ისაუბრებენ, როგორც ევროპის უსაფრთხოების თემებზე, ასევე – ზოგადად, ევროპის მომავალზე. გარდა ამისა, სამიტზე აგრეთვე მოხდება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტ მედვედევის ხედვის დეტალური განხილვა.
თავისთავად ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ, რამდენადაც იქ უნდა იყოს საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე, აუცილებლად დაისმევა კითხვა - ე.წ სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების შესრულებაზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიდო.
ანუ რუსებისთვის სამიტის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, ბოლოსდაბოლოს, გარკვეულ დათმობებზე წავლენ? რატომ აკეთებენ ამას და ვის დასანახად?
- ჯერ ერთი, როცა ასეთ სამიტზე მიდიხარ, თავად უნდა იყო უსაფრთხოების გარანტი. ამიტომ, რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთვალისწინებინა საფრანგეთის მხარის თხოვნა აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რადგან ამ თემაზე კითხვის დასმის შემთხვევაში - რუსეთი თავადვე არ ჩავარდნილიყო უხერხულ სიტუაციაში და ამავდროულად, სარკოზის ჰქონოდა კარტბლანში.
აქ, აუცილებლად. ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ სარკოზის თავისივე ქვეყანაში საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაცია აქვს. მის წინააღმდეგ, საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის - 65% გამოდის. ამავდროულად, საერთაშორისო არენაზე მას ხშირად ახსენებენ ამ დოკუმენტს, რომლის შესრულებსაც სარკოზიმ ვერ მიაღწია.
თუმცა, ამის პარალელურად, საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტი რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურაა. გარკვეულწილად, მასაც გაუწიეს ანგარიში და ჟენევაში პერევიდან ჯარების გაყვანის განცხადების გაკეთებაც სწორედ ამ სამიტის წინა პერიოდს დაამთხვიეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მრავალჯერ გაუკეთებია რუსეთს და შეიძლება, რეალურად არც მოხდეს ჯარების გაყვანა. თქვენი აზრით, მართლა შეასრულებს რუსეთი თავისივე გადაწყვეტილებას და გაიყვანს ჯარებს 15 დეკემბრისთვის პერევიდან?
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს, თუ ამას არ მოჰყვა ადგილზე მოვლენების მკვეთრი ესკალაცია, მხედველობაში მაქვს ოსური მხარის ქმედებები. თუმცა, ესეც ნაკლებად სავარაუდოა, სარკოზი მედვედევის პოლიტიკური, თუ პიროვნული დამოკიდებულებებიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უკვე გითხარით, რომ სარკოზი პერსონალურადაც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა რუსეთისთვის.
კლიმატურ პირობებს რაც შეეხება, ზამთარში - პერევსა და ოსურ სოფლებს შორის მიმოსვლა რთული ხდება. რუსეთმა, თუ მოინდომა, შეიძლება, ერთ დღეში გაიყვანოს იქიდან ჯარები, სწორედ - სარკოზი-მედვედევის პიროვნული შეთანხმებიდან გამომდინარე.
რატომ მარტო პერევიდან და არა - ახალგორიდანაც?
- ომის შემდგომ სიტუაციებს თუ გავიხსენებთ, მაშინ ევროკავშირი და აშშ კატეგორიულად ითხოვდნენ სწორედ პერევიდან და ახალგორიდან ჯარების გაყვანას, კოდორზე ხაზგასმა არ ხდებოდა. გაგახსენებთ საფრანგეთის ელჩის ვიზიტს პერევში, სადაც მან ადგილზევე კატეგორიულად მოითხოვა მედვედევის მხრიდან იმ დაპირების შესრულება, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მისცა. ანუ ამ მომენტიდან აქტიური თემა გახდა პერევი.
ფაქტია, ამ გართულებულ სიტუაციაში, რაც სარკოზი-მედვედევის დოკუმენტის შესრულებასთან არის დაკავშირებული, ისიც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენთვის, თუ მართლაც გაიყვანეს ჯარები პერევიდან.
- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთისთვის არც ისე იოლად “ჩასარეცხი” დოკუმენტია და მას იმდენად ხშირად ახსენებენ ამ დოკუმენტს, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მაინც მივიდა. ზოგადად, დასავლეთის ინეტერსებში შედის, რომ რუსეთის ქმედებები იყოს ცივილური და მას კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან.
გადადგა თუ არა მედვედევმა ეს ნაბიჯი იმისთვისაც, რომ მსოფლიოსთვის ეთქვა, რუსეთში გადაწყვეტილებებს იღებს ის (როგორც ქვეყნის პრეზიდენტი) და არა – პრემიერ-მინისტრი პუტინი? თუ ეს გადაწყვეტილება პუტინის ინტერესებშიც შედის?
- მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მედვედევის მიერ არ არის მიღებული. ჩემი აზრით, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას, გააუმჯობესოს ურთიერთობები მთლიანად დასავლეთთან, ასევე – კერძოდ, კანცლერ მერკელთან და პრეზიდენტ სარკოზისთან.
სხვათა შორის, ამ არაფორმალური სამიტის მონაწილე ეს სამი ქვეყანაა ყველაზე მეტად მომხრე იმის, რომ ევროპის უსაფრთხოების მოგვარების საკითხებში შესუსტდეს აშშ-ის გავლენა. რა თქმა უნდა, აქ რუსეთის დაინტერესება ყველაზე მაღალია. როგორ ფიქრობთ, რუსებმა, თავისი გადაწყვეტილება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის წინ რომ გააჟღერეს და არა ისეთი ფორმატის – სადაც აშშ-ც მიიღებდა მონაწილეობას, ამერიკის “ჯინაზე” ხომ არ გააკეთეს?
- როცა ამ არაფორმალური სამიტის ჩატარების შესახებ გავრცელდა განცხადება, ოფიციალურად არა, მაგრამ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მათსავე ანალიტიკურ ვებგვერდზე თავისი გაკვირვება გამოთქვა, როდის აქეთ გახდა ევროპული უსაფრთხოება მხოლოდ სამი ქვეყნის – რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის განსახილველი საკითხიო. მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის იყო ამერიკელების ინტერესების სფერო, სადაც აშშ უსაფრთხოების გარანტი გახლდათ, რუსეთი კი – საფრთხე.
საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მეტწილად არის მცდელობა რუსეთის მხრიდან, რათა იპოვნოს სტრატეგიული მოკავშირეები ევროპაში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროპის უსაფრთხოების ხაზით უნდა შემცირდეს აშშ-ის გავლენა ევროპაში.
კარგად ვიცით რუსეთის ღიად გაცხადებული მიზანიც, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი “ნატოს” როლი, შესამაბისად - შეერთებული შტატებისაც. ეს კი, რა თქმა უნდა, რუსეთს დიდ შანსს მისცემს დაიბრუნოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცესა და დანარჩენ ევროპაშიც. მაგალითად – ბალტიის ქვეყნებშიც კი.
მაგრამ, ბალტიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენმა ქვეყნებმა ყველაზე კარგად უწყიან, რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია თავად რუსეთი და იციან ისიც, რომ ის ვერ იქნება ევროპაში უსაფრთხოების გარანტი აშშ-სგან განსხვავებით..
- ამ ეტაპზე, გამორიცხულია, ევროპის უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის ფაქტორი გაიზარდოს. ეს ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც კარგად ესმით, მაგრამ საერთო ჯამში, პერევიდან ჯარების გამოყვანა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ თვალსაზრისით. ამ გადაწყვეტილებით ეს ქვეყანა, ალბათ, ამის დემონსტრირებასაც ახდენს.
ფაქტობრივად, რუსეთს ერთ წუთში შეუძლია, მოწყვიტოს ჭიათურა და საჩხერე დანარჩენ საქართველოს, მაგრამ მათ ეს არაფერში სჭირდებათ. სავარაუდოდ, დევნილ ახალგორელებსაც დააბრუნებენ თავიან სახლებში ეტაპობრივად. ჯარების გაყვანაც მოხდება, ოღონდ სხვა დონის შეხვედრების შემდეგ.
კოდორს დააბრუნებენ?
- არა, კოდორის დაბრუნება ამ ეტაპზე, გამორიცხულია, იქ სხვა ინტერესები დევს. სამაჩაბლოში რუსეთის მთავარი ინტერესი სამხედრო ბაზაა და გარკვეული საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, შესაძლოა, ახალგორში დევნილების საკითხებში დათმობებზე წავიდეს. უახლოეს პერიოდში ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე – კოდორის დაბრუნება.