მთავარი კითხვა: როგორი იქნება აშშ-ს „ნამდვილი“ პრეზიდენტი 2013 წელს?

მთავარი კითხვა: როგორი იქნება აშშ-ს „ნამდვილი“ პრეზიდენტი 2013 წელს?

მართალია, სეულში, ბირთვულ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის ჩართული მიკროფონის დროს ნათქვამ სიტყვებს დიდი ხმაური მოჰყვა, თუმცა, სინამდვილეში იმაში, რომ არჩევნებთან დაკავშირებული შეხედულებები საერთაშორისო პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, გასაკვირი არაფერია. აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ობამა, რომელიც ხელახლა არჩევის რთული კამპანიისთვის ემზადება, ცდილობს არ შეეჯახოს დღეს კრიზისებს – მით უფრო, თუკი ამ კრიზისების არჩევნების შემდეგ გადადება შეიძლება. იგივე ლოგიკა იკითხება მისი მცდელობის უკან დაარწმუნოს ისრაელი არ დაარტყას ირანს, რაც შეიძლება სერიოზულად აისახოს ამერიკის ეკონომიკაზე სწორედ ნოემბრის არჩევნების წინ.

მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე ვერ იქნება კარგი სახელმწიფო მოღვაწე, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის შიგნით ოპონენტები მის სურვილს მოძებნოს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები, სისუსტედ მონათლავენ. უახლოეს თვეებში ობამა ვერ შეძლებდა ისეთ კომპრომისზე წასვლას, რომელიც START-ის ახალი ხელშეკრულების ირგვლივ პროცესების წინსვლას შეუწყობდა ხელს. ამიტომ საეჭვოა მოსკოვმა წარმატებას მიაღწიოს, თუკი ნატოს უახლოეს სამიტზე ჩიკაგოში, ანტისარაკეტო თავდაცვაზე აქტიურად შეეცდება ამერიკელების დათმობებზე დათანხმებას. ეს შესანიშნავად უნდა ესმოდეს ვლადიმერ პუტინსაც, რომელიც მაისში კვლავ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. მისი ბოლოდროინდელი თავადასხმები აშშ-ს პოლიტიკაზე, რამაც ზოგიერთი დასაველელი ანალიტიკოსი რუსულ-ამერიკული „გადატვირთვის“ დაისზე აალაპარაკა, წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც, პუტინის ნაციონალისტური იმიჯის განმტკიცება გახლდათ.

საქმე ის არის, მოისურვებენ თუ არა უცხოელი ლიდერები, და მათ შორის პუტინიც, ობამას მხარდაჭერას. დაეხმარებიან თუ არა ისინი პრეზიდენტს იმით, რომ პოტენციურად პრობლემურ საკითხებს არჩევნების შემდგომ პერიოდამდე გადადებენ? თუ პირიქით, გადაწყვეტენ, რომ მათ აწყობთ,თუკი 2013 წლის იანვარში თეთრ სახლში სხვა ადამიანი დასახლდება?

პრობლემის ნაწილი ის არის, რომ ძალიან რთულია იმის გაგება, თუ ვინ არის „ნამდვილი ობამა“. 2007-2008 წლების კამპანიის დროს, ობამა, რომელიც იმ დროს სენატორი იყო, ნაწილობრივ უფროსი ჯორჯ ბუშის დემოკრატიულ ვერსიას წააგავდა. ის პრაგმატიკოსს გავდა, რომელიც აპირებდა ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებას გარე სამყაროსთან – არამხოლოდ მოკავშირეებთან, არამედ იმ დიდ სახელმწიფოებთანაც, რომლებსაც ვაშინგტონთან უთანხმოება აქვთ, მაგრამ რომლებთანაც თანამშრომლობა აუცილებელია მსოფლიო მასშტაბის უამრავი პრობლემის გადასაწყვეტად. როგორც სტივ კლემონსი წერდა, ობამას მმართველობის პირველ წლებში „რეალისტური“ საგარეოპოლიტიკური კურსი კარგად მუშაობდა. თუმცა სამხედრო ოპერაცია ლიბანში, ობამას საგარეო პოლიტიკური შეხედულებების ამ ინტერპრეტაციასაც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მისი რეალიზმი და პრაგმატიზმი იძულებითი იყო და არა პრინციპის საკითხი, და როგორც კი ამისთვის იაფფასიანი და უსაფრთხო შესაძლებლობა გამოჩნდა, ობამაში უმალ შინაგანმა უმცროსმა ბუშმა გაიღვიძა „თავისუფლების პროგრამის“ ახალი ვერსიით.

მედვედევისთვის იმის თქმით, რომ ნოემბრის შემდეგ მას მეტი „მოქნილობა“ ექნება, ობამამ ბევრს გაუჩინა კითხვა იმის შესახებ, თუ რას აპირებს იგი. პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მას გარკვეული პირადი პოლიტიკური სურვილები აქვს, რომელიც არ განუხორციელებია, რადგან ამით შეიძლება საფრთხე შეექმნა არამხოლოდ საკუთარი, არამედ ზოგიერთი მისი საკვანძო მოკავშირის ხელახლა არჩევისთვის. ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება შექმნოდა ვინმეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ობამა „ხელთათმანს გაიხდის“ და ამერიკული პოლიტიკის სერიოზულ გარდაქმნას დაიწყებს. რა თქმა უნდა, კონგრესი ძველებურად განაგრძობს მის შეკავებას, მით უფრო თუ რესპუბლიკელები კვლავ გააკონტროლებენ ერთ-ერთ პალატას მაინც. თუმცა, ობამას ექნება სახელმწიფო გემის კურსის შეცვლის შესაძლებლობა, გამოიყენებს რა აღამასრულებელი ხელისუფლების გაზრდილ უფლებამოსილებას, რომლის ნაწილიც, ბედის ირონიით, მას მემკვიდრეობით ერგო მისი წინამორბედისგან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, მიმომხილველები და ანალიტიკოსები შეიძლება მთელი ძალით შეეცადონ იმის პროგნოზირებას, თუ როგორი იქნება „ნამდვილი ობამა“, თუკი მას მეორე ვადით აირჩევენ. ახლახანს დენიელ დრეზნერმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა, აღნიშნა რა, რომ ბოლო დროს, პრეზიდენტები მეორე ვადის დროს არამხოლოდ არ უბრუნდებიან თავიანთ საწყის იდეოლოგიურ პოზიციებს სრულად, არამედ პირიქით, შესამჩნევად შორდებიან მას. ეს მოულოდნელი შენიშვნა ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ობამა უფრო ლიბერალური პოლიტიკის გზას დაადგება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ობამა, როგორც ჩანს, 2009 წლის ობამა არ იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მეტოქე რესპუბლიკელი უფრო პროგნოზირებადი და თანმიმდევრული შეიძლება იყოს. იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკური პარტიის კამპანია, მისი კანდიდატი, როგორც ჩანს გუბერნატორი მით რომნი გახდება, ხოლო თანმიმდევრულობის მოყვარულთათვის ის – ისეთივე გამოცანაა. წინა საპრეზიდენტო კამპანიის დროს და 2012 წლის კამპანიის დასწყისში, რომნი ბიზნესმენი-ტექნოკრატის იმიჯს იქმნიდა, ადამიანის, რომელიც პრობლემებს წყვეტს და იდეოლოგიაზე ფოკუსირებული არ არის. ის თავის თავს ისეთ ადამიანად წარმოაჩენდა, რომელიც პოლიტიკოსისგან განსხვავებით იმოქმედებდა ცივად, კორპორატიული მმართველივით და დაინტერესდებოდა მხოლოდ პრაქტიკული შედგებით და არა დოგმებით. როდესაც აღმოჩნდა, რომ პრაიმერიზში მონაწილე ორთოდოქს რესპუბლიკელებს ეს იმიჯი არ იზიდავთ, რომნი უმალ „მკაცრ კონსერვატორად“ გადაიქცა, რომელიც გამალებულად აპროტესტებს მის წარმოჩენას ჩრდილო-აღმოსავლეთის ტიპის „პერიფერიული კლუბის ზომიერ რესპუბლიკელად“. თუმცა, გასულ კვირაში რომნის მრჩეველმა ერიკ ფერნსტრომმა იმაზე მიანიშნა, რომ ის პოზიციები, რომელიც რომნის უკავია, ისეთივე მყიფეა, როგორც სურათი „ჯადოსნურ ეკრანზე“, და რომ პრაიმერიზის შემდეგ მას ახალი პოზიციები შეცვლის, უფრო მიმზიდველი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობენ. ამან ყველას გაუჩინა კითხვა: ვინ არის „ნამდვილი რომნი“?

პუტინმა და მსოფლიოს ბევრმა სხვა ლიდერმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვისთან ისურვებდნენ საქმის დაჭერას. ობამას დამოკიდებულება პუტინის მიმართ დასაწყისშივე გრილი იყო, მას შემდეგ, რაც ობამა 2009 წელს მოსკოვს ეწვია. როგორც არ უნდა უნდოდეს ობამას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისეთი მეგობრობის „გადატვირთვის“ გადარჩენა, როგორიც მედვედევთან ჰქონდა, პუტინთან ვერ ექნება. თავის მხრივ, რომნის ბოლო დროს მკვეთრად ანტირუსული პოზიცია უკავია და რუსეთს შეეერთებული შტატებისთვის მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხეს უწოდებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როდესაც უმცროსი ჯორჯ ბუში პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, რუსეთზე ანალოგიური სკეპტიციზმით საუბრობდა, თუმცა 2001 წლის ლუბლიანას სამიტის შემდეგ მას პუტინთან კარგი პერსონალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ამგვარად, მსოფლიოს ლიდერებისთვის საკითხი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ ვინ გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში – ობამა თუ რომნი – არამედ იმაში, თუ „როგორი“ ობამა ან „როგორი“ რომნი დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. რომელი მხარე გადაწონის – პრაგმატული თუ იდეოლოგიური? თუმცა, ყველა შემთხვევაში, იმას, თუ ვინ გახდება აშშ-ს პრეზიდენტი მაინც ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტს საარჩევნო ურნასთან, ხოლო უცხოელ ლიდერებს ნებისმიერი შესაძლო ვარიანტისთვის მოუწევთ მზადება.
foreignpress.ge