შესაძლოა, ხელისუფლებას უნდოდეს კიდეც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა, მაგრამ როდესაც ტელევიზიით გადის სარეკლამო რგოლები რამდენი დღე დარჩა ივანიშვისთვის მოქალაქეობის აღდგენამდე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორივე მხარე ამ საკითხს უყურებს როგორც მოგება-წაგებას. როგორც კი ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენენ, ოპოზიცია გამოვა და იტყვის, პირველი ეტაპი მოვიგეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძლევამოსილება დასრულდაო.
არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა presage.tv-სთან საუბრისას წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარება და მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ნაბიჯები შეაფასა:
კათოლიკოს პატრიარქმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსთვის რთულ პერიოდში არჩევნებში დახრება სთხოვა. ექსპერტების შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პატრიარქი პოლიტიკაში ერთვება. რატომ, რა საფრთხე დაინახა მან?
- არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით პატრიარქი პოლიტიკაში ჩაერია. თხოვნა ელჩებისადმი, რომ აქტიურად დააკვირდნენ 2012 წლის არჩევნებს, პრევენციაა. პატრიარქი გრძნობს, რომ არჩევნები დაძაბული იქნება. ამ არჩევნების მონიტორინგში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობამ შესაძებელია აგვაცილოს ის დაძაბულობა, რაც მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ცოტა დამკვირვებელი ჩამოვა.
2012 წლის არჩევნები ისტორიული არჩევნებია. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ყველა შეგუებული ვიყავით, რომ წლევანდელი არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში. პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ, შეგუებულნი იყვნენ, რომ საუკეთესო შემთხევაში მხოლოდ 5%-იანი ბარიარის გადალახვის შანსი ჰქონდათ. ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკური გარემო შეცვალა და ვითარება დაიძაბა.
პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენისთანავე კანონმდებლობის გადახედვა დაიწყო. თუ შესაძლებელი იყო რაიმე ცვლილების შეტანა კანონში, რომელიც გააკონტროლებდა ივანიშვილის თანხების მოძრაობას - შეიტანეს. ცვლილება შეიტანეს ყველა კანონში, დაწყებული კანონით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, დამთავრებული სისხლის სამართლის კოდექსით. ცვლილება შევიდა „ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ“ კანონშიც. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვამბობდი, რომ კონტროლის პალატა მასობრივად დაწყებდა ხალხის გამოკითხვას, რომ წინასაარჩევნოდ მეტად დაძაბული ვითარება იქნებოდა, ვიდრე კერნჭისრის დღეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. კოალიცია „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ არაფერს დათმობს. ეს ფონი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ უფრო რთული ვითარება კიდევ წინ გვაქვს და ამიტომაც მიიჩნია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარების გარანტი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება. ეს არის პრევენცია, რომ არ მოხდეს ექსცესები და დაპირიპირება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდების მოტივი ეს იყო და არა ის, რომ იგი რომელიმე პოლიტიკურ მხარეს ემხრობა. ერის სულიერი მამა ცდილობს ხიფათი ააცილოს თავის თანამოქალაქეებს, თავის საწყმსოს.
ირაკლი ალასანიას განცხადება საქართველოს რეგიონებში არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობის შესახებ შემაშფოთებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მაგრამ უშიშროების საბჭომ ალასანიას განცხადებას „არასერიოზული“ და „დიდი სისულელე“ უწოდა. როგორ შეფასებთ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის განცხადებებს?
- კარგი იქნებოდა ირაკლი ალასანიას ამ საკითხის გამოძიებისათვის მთავარი პროკურატურისათვის მიემართა, რადგან უშიშროების საბჭოს არ აქვს გამოძიების კომპეტენცია. უშიშროების საბჭოს ალასანიას მიწოდებული დოკუმენტები გამოძიებისათვის მთავარ პროკურატურაში უნდა გადაეგზავნა, გამოძიება კონტროლზე აეყვანა და გამოძიების დასრულების შემდეგ გაეკეთებინა დასკვნა. ალასანია იურისტია, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უშიშროების მინისტრის მოადგილედ და იცის, რომ უშიშროების საბჭო არ არის ის ორგანო, რომელიც განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეს გადაამოწმებდა, რადგან არ აქვს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების ჩატარების უფლება, მაგრამ ამ განცხადების მიღებიდან 10 წუთის მერე არც უშიშროების საბჭოს მდივანს უნდა განეცხადებინა, რომ მოწოდებულ მასალებში დანაშაულის შემცველ ელემენტებს ვერ ხედავს.
ვერავინ ამიხსნის უშიშროების საბჭოს მდივანმა როგორ მოიპოვა ცნობები, როგორ აწარმოა გამოძიება, როდესაც არ არის გამოძიების ჩატარების სუბიექტი. ასე რომ, ორივე მხრიდან ჩვენ ვნახეთ უფრო პოლიტიკური განცხადებები, ვიდრე საკითხის შესწავლის მცდელობა.
რამდენად გიჩენთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოლოდინს პრეზიდენტის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის?
- ამ განცხადებაში დავინახე ის, რომ არც პრეზიდენტი და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ. ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, - სააკაშვილის წასვლა გადაწყვეტილიაო, მაგრამ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა (უპირველესად თავისი მხადამჭერების გასაგონად, რომ არ მოდუნდნენ), რომ არსად მიდის. მეორე მხრივ ეს იყო გზავნილი საზოგადოებისადმი, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლაში რა მეთოდებს გამოიყენებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, რამდენად აქტიური იქნება ის.
აქტიურობაში ქუჩას ხომ არ გულისხმობთ?
- პოლიტიკური პროცესები ჩიხში ქუჩაში უაზრო დგომამ შეიყვანა. ოპოზიცია ქუჩაში რომ იდგა, სააკაშვილის გადაგომა კი არ უნდა მოეთხოვა (რაზეც წინასწარ იცოდა, რომ სააკაშვილი არ დასთანხმდებოდა) არამედ უნდა ესარგებლა ხელისუფლების დათმობით, რომელიც ოპოზიციას უშიშროების საბჭოს მდივნის, პირველი არხის გენერალური დირექტორისა და მინისტრების მოადგილეების თანამდებობებს სთავაზობდა. ოპოზიციას უნდა დაეკავებინა ეს თანამდებობები და სახელისუფლებო მანქანა უფრო საჯარო გაეხადა. დღეს ვხედავთ, რომ ზღვარი ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არ არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნებოდა თუ ოპოზიცის წარმომადგენლები სამთავრობო რგოლებში იქნებოდნენ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დღეს ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, ალასანიას მიერ დასმული საკითხის გამოძიება ხომ უფრო უკეთ მოხდებოდა და ხომ უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი უშიშროების საბჭოს? ასევე შეცდომა იყო ის, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი შევიდა. რადგან იქ რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდა, დანარჩენებიც უნდა შესულიყვნენ. პარლამენტში მისულ პრეზიდენტს 30 ოპოზიცონერი დეპუტატი რომ დახვედროდა, ასეთი დებატები ხომ არ იქნებოდა, როგორიც ახლახან ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ბოიკოტის რეჟიმშია, ამ პარტიიდან პარლამენტში გასული დეპუტატებიც უნდა მისულიყვნენ პარლამეტში და პრეზიდენტისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ.
ოპოზიციამ იმდენი შეცდომა დაუშვა, ხელისუფლება დაიმედებული იყო, რომ 2012 წლის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებდა, მაგრამ ივანიშვილის ფაქტორმა ვითარება შეცვალა. ჯერ არ ვიცი ეს პროცესი როგორ დამთავრდება, რადგან დრო არ მუშაობს ივანიშვილის სასარგებლოდ.
ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი როგორი იყო პოლიტიკაში მისი გამოჩენისას და როგორია დღეს.
იმ რეიტნგს გულისხმობთ, რომელიც NDI-მა გამოქვეყნა და სადაც ივანიშვილს 10% უჭერს მხარს?
- უფრო ხალხის განწყობას ვგულისხმობ, რაც შეეხება NDI-ის კვლევას, მისი რეიტინგი ვერ იქნება რეალური. ქვეყანაში, სადაც ცოლი ქმარს ჩურჩულით ელაპარაკება, გამოკითხვის ჩატარება არასერიოზულია. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკითხვის ველს. მაგალითად, გამოკითხვა „კავკასიის“, „მაესტროს“ ან „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში რომ ჩავატაროთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მხადამჭერიც არ ეყოლება, მაგრამ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე რომ ჩატარდეს ანალოგიური შინაარსის გამოკითხვა, იქ ოპოზიციას ეყოლება მცირე მხარდამჭერი. რესპონდენტი თუ გამომკითხველის კეთილსინდისიერებაში არ არის დარწმუნებული, გულწრფლად არ უპასუხებს. რესპონდენტს არ უნდა ჰქონეს განცდა, რომ შესაძლოა მისი პასუხები და მონაცემები სამართალდამცავ სტრუქტურებში აღმოჩნდეს.
რამდენიმე დღის წინ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩავატარე გამოკითხვა და შემოსული 56 ზარიდან 19 იყო მხოლოდ ტელეფონით, დანარჩენები Skype-ით დაგვიკავშირდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ერიდებოდა ტელეფნის ნომრის დაფიქსირებას.
როდესაც ხელისუფლების მხრიდან ელჩების კრიტიკა გაისმა, თედო ჯაფარიძემ განაცხადა - ხელისუფლებამ დასარტყამი ობიექტების ნუსხაში ჩართო აქ აკრედიტებული დიპკორუსი, რომელიც გაყალბების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერსო. არადა გვახოვს, რომ 2008 წელს სააკაშვილის გამარჯვება აშშ-ის მხარდაჭერამ განაპირობა.
- ეტყობა, პრეზიდენტი ძალიან გააღიზიანა წერილმა, რომელიც ჯონ ბასმა „ფეისბუკით“ გაავრცელა კონტროლის პალატის ქმდებებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე იყო მისი იმპულსური განცხადებაც საელჩოების მისამართით. პრეზიდენტი იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოებში ზემოდან უყურებენ, არამედ იმაზე ფიქრობდეს, რატომ გარბის ამდენი ხალხი საქართველოდან, რატომ იხდიან უზარმაზარ თანხებსა ვიზის მოსაპოვებლად. თუ ასე აყვავებულია საქართველო, თუ ასეთი კარგი სოციალური პროგრამებია, რომელზეც ხელისუფლება ლაპარაკობს, რატომღა ეძებს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ შანსს, რომ საზღვარგარეთ წავიდეს და იქ იმუშაოს. საბერძნეთში იმდენი ჩვენი თანამემამულე მუშაობს მოხუცების მომვლელად, რომ იქაური ხანაზმულები უკვე ქართულად ალაპარაკდნენ.
ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ საელჩოებში მართლაც ძალიან ცუდად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ამის მიზეზი თვითონ არის. როგორც თვითონ ეპყრობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ეპყრობიან უცხოელებიც. განა დღევანდელმა ხელისუფლებამ არ დაამკვიდრა აზრი, რომ საქართველო ახლა გახდა სახელმწიფო, რომ 2003 წლიდან გავხდით ცივილიზებულები. ელჩების დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებისადმი, ამ ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკის გამოძახილია.
ითქვა, „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვებზე დაბარება და მათდამი უდიერი დამოკიდებულება კონტროლის პალატის მხრიდან კოალიციის პროვოცირების მცდელობა იყო, რომ მათ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათო.
- ჩემი აზრით, უფრო „ქართული ოცნება“ უკეთებდა პროვოცირებას კონტროლის პალატას და გამოუვიდა კიდეც - საერთაშორისო დონეზე შეულახა იმიჯი. თუნდაც ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 40 ათასი ლარი გადაურიცხა პრემიის სახით ერთ-ერთი ფირმის თანამშრომელს, რომელის ხელფასი 1000 ლარი იყო და სამ დღეში ეს თანხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე აღმოჩნდა, პროვოკაცია იყო კონტროლის პალატის მიმართ. ჩანს, აინტერესებდათ როგორი რეაგირება იქნებოდა ამაზე და კონტროლის პალატამაც არ დააყოვნა. „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხების შეტანას ჯერ დაკითხვები, შემდეგ კი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.
არსებობს მოსაზრება, რადგან ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე დააჯარიმეს, ამას გამოიყენებენ იმისათვის, რომ მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრანო.
- ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციული წესით რამდენჯერმე დაჯარიმება ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მას მოქალაქეობა არ მიცენ. ბიძინა ივანიშვილი დაბადებით არის საქართველოს მოქალაქე და სამოქალაქო რეესტრი ვალდებულია მას მოქალეობა აღუდგინოს. შესაძლოა, ხელისუფლებას უნდოდეს კიდეც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა, მაგრამ როდესაც ტელევიზიით გადის სარეკლამო რგოლები რამდენი დღე დარჩა ივანიშვისთვის მოქალაქეობის აღდგენამდე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორივე მხარე ამ საკითხს უყურებს როგორც მოგება-წაგებას. როგორც კი ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენენ, ოპოზიცია გამოვა და იტყვის, პირველი ეტაპი მოვიგეთ, „ნაციოლური მოძრაობის“ ძლევამოსილება დასრულდაო.
ოპოზიცია ამით ეცდება არჩევნები არჩევნებამდე მოიგოს. ხელისუფლება კარგად ხედავს ოპოზიციის ამ განზრახვას, მაგრამ ასევე არ უნდა ცუდად გამოჩდეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ეს ვითარება დუელს ჰგავს და ამ დუელში შესაძლოა ივანიშვილს ჯარიმების გამო კი არა, ნებისმიერი მიზეზის გამო მიედავონ, რადგან ეს უკვე სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური ბრძოლაა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს საბოლოოდ აღუდგენენ მოქალაქეობას, მაგრამ არა ოპოზიციის სარეკლამო რგოლებში დაანონსებულ 5 აპრილს, არამედ მოგვიანებით.
ითქვა, კოალიციის პრეზენტაცია სარისკო ნაბიჯი იყო მოქალაქეობის არმქონე პირისთვისო. ივანიშვილის ნაკლებად აქტიურობის მიზეზი მოქალაქეობის არქონა ხომ არ უნდა იყოს?
- საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ივანიშვილმა რამდენიმე პარტია მიიწვია კოალიციაში, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს, კოალიციას რატომ აკეთებო. მით უმეტეს, კოალიცია არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული და სამართალწარმოებაში არანაირ სუბიექტს არ წარმოადგენს. ეს მხოლოდ შეთანხმებაა პოლიტიკურ ძალებს შორის. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კოალიცია იქმნება მას შემდეგ, რაც გამოცემული იქნება აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ. ასეთი აქტი კი გამოიცემა არჩევნებამდე 60 დღით ადრე.
ხელისუფლება საარჩევნო კანონდებლობაში გარკვეულ დათმობებს აპირებს. კონკრეტულად რა დათმობებზეა ლაპარაკი?
- ეუთოს აქვს გრძელვადიანი მისია, რომელიც არჩევნების დაკვირვებისთვის ქვეყანაში ჩადის კენჭისყრამდე 6 თვით ადრე. ასეთი მისიები აქამდე საქართველოში არასოდეს ჩამოსულა. ხელისუფლებას ასეთი მისიის მოწვევა რომ ვთხოვეთ, გვიპასუხეს - ასეთი მისიის არსებობას ეუთო არ ითვალისწინებსო, მაგრამ ჩვენ მივუთითეთ ეუთოს რეკომენდაციაში არსებულ ამ ჩანაწერზე და ვნახავთ რამდენად გაითვალისწინებენ.
მოქმედ კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ბევრი ბუნდოვანებაა, რაც მხოლოდ კონტროლის პალატას კი არა ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურას აძლევს მიდავების საშუალებას. აუცილებელია განისაზღვროს დაფინანსების ზედა ზღვარი, რადგან არ შეიძლება ვიღაცამ საქართველო იყიდოს, მეორე მხრივ ეს კანონი არ უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ოპოზიციამ ფული საერთოდ ვერ დახაჯოს და მხოლოდ ხელისუფლებას ჰქონდეს საშუალება ფული სახელმწიფო რესურსის გამოყენებით ხარჯოს. თუკი ხელისუფლება პრინციპულად აკონტოლებს კერძო პირის მიერ თანხების ხარჯვას, ასევე პრინციპულად უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსებს გამოყენების ფაქტების შესწავლაც. ასეთივე მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენონ კანონის დამრღვევი თანამდებობის პირების მიმართ.