„დაიცავი მედია“

„დაიცავი მედია“

„დაიცავი მედია“ ამ ლოზუნგით სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში ავლაბრის მოედანზე მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მოედანზე არსებული შადრევნის გარშემო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, რაც აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სიმბოლურად სამოქალაქო ერთიანობას გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ორგანიზატორები „მედია კლუბი“ და „ტფილისის ჰამქარი“ არიან. თანაორგანიზატორები კი - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია - „ეს შენ გეხება“ და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ავლაბრის მოედანზე აქციის ორგანიზატორებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აქციას შეუერთდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებმაც presage.tv–სთან საუბარში განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორებს საერთოდ არ იცნობენ, აქციის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყვეს და უბრალოდ მედიისა და მთლიანად სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიისთვის მხარდასჭერად მოვიდნენ აქციაზე. აქციაზე იმყოფებოდა ასევე „აირექს.ჯი მედია“ –ს წარმომადგენელი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და არც კომენტარი გაუკეთებია, უბრალოდ განაცხადა, რომ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არის აქციაზე მოსული და მოვლენებს აკვირდება.

აქციის ერთ – ერთი ორგანიზატორმა, ჟურნალ „ლიბერალი“–ს მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილმა presage.tv–სთან საუბარში განაცხადა, რომ დღეს არის სოლიდარობის კამპანიის ერთგვარი სტარტი და აქტივობები კიდევ გაგრძელდება არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და გაიზარდოს მოქალაქეების გავლენა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე.

„დღეს არის სოლიდარობის კამპანიის პირველი დღე. ეს იქნება ბევრად უფრო გრძელვადიანი, ვიდრე ერთდღიანი აქცია. დღეს აქ ავლაბრის მოედანზე ლოზუნგით - „დაიცავი და გაანთავისუფლე მედია“, შეკრებილები არიან არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. იმის მიხედვით არ შევკრებილვართ, ვინ მედიის წარმომადგენლები ვართ და ვინ - არა. ეს არის სიმბოლური ჯაჭვი იმის აღსანიშნავად, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხდება ერთიანი და სოლიდარული. როგორც იცით, ჩვენი აქციის პარალელურად თბილისის ხუთ სხვადასხვა მოედანზე მიმდინარეობს აქციები სხვადასხვა მოთხოვნებით.

კამპანია „ეს შენ გეხება“ ერის ერთ–ერთი პარტნიორი და ორგანიზატორი ამ აქციის და არის ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერი ამ კამპანიის, მაგრამ ეს კამპანია არ ეხება მხოლოდ იმ კანონებს, რასაც „ეს შენ გეხება“ აპროტესტებს. საარჩევნო გარემო არის ჩვენი ერთ–ერთი მოთხოვნა. რეალურად, ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა პრობლემების და თემების მთელ სპექტრს, განათლებიდან გარემომდე, ამაშია სოლიდარობა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ რაღაცნაირად ერთიანი ფრონტით დაიწყოს ბრძოლა თავისი უფლებებისთვის და თავისი აზრის გამოსახატად იმისათვის, რომ რეალურად მივიღოთ რაღაც შედეგი, გაიზარდოს ჩვენი, მოქალაქეების გავლენა პოლიტიკურ პოცესებზე“, – აცხადებს შორენა შავერდაშვილი.

მისი თქმით, მთელი ამ კამპანიის მიზანი არის მაქსიმალურად ბევრი მოქალაქის ჩართვა ამ პროცესში, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი უკვე დაწყებულია და თუ საზოგადოებამ ამ გარემოში რაღაცეები არ შეცვალა, ვერ მივიღებთ სამართლიან არჩევნებს. შორენა შავერდაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ აქედანვე უნდა მოვემზადოთ იმისათის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანის თავისუფლება.

მისი თქმით, ვინაიდან ცალკეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ცალკეულ პრობლემებზე, საწუხაროდ ვერ აღწევენ შედეგს ხელისუფლებასთნ მოლაპარაკების გზით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ამ კამპანიაში იმისათვის, რათა ხელისუფლებამ გაიზიაროს საზოგადოების აზრი და თავისი ხუშტურების მიხედვით არ მიიღოს გადაწყვეტილებები.

აქციის მონაწილე, ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი (სტუდია „მონიტორი“) აცხადებს, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ჟურნალისტს და არაჟურნალისტს, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი იყოს მაღალი.

„მედია უნდა იყოს უფრო თავისუფალი, უფრო ობიექტური და სათანადოდ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს ეხება მაინც უფრო ტელევიზიებს, ნაციონალურ მაუწყებლებს, მაგრამ სამწუხაროდ, არის რადიოებიც და გაზეთებიც, რომელთა თავისუფლების ხარისხიც სასურველია იყოს უფრო მაღალი“, – ამბობს მაგდა მემანიშვილი.

აქციის ერთ – ერთი ორგანიზატორი თამარ გურჩიანი (მედია–კლუბი) კი ამბობს – „აქ იმიტომ მოვედი, რომ ვაპროტესტებ პროპაგანდას სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს მთლიანად მონოპოლიზებული აქვს სატელევიზიო მედია, სარეკლამო ბაზარი და ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს ამას. მე ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ გაანთავისუფლოს მედია.“

ჟურნალ ცხელი შოკოლადის ლიტერატურის რედაქტორი რატი ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ბირთვი შემდეგ ქმნის იმ განწყობილებას, იმ მუხტს, რომელიც საზოგადოებისთვის არის აუცილებელი.

„ასეთი ბირთვი ხელს უწყობს საზოგადოებას, რომ თავისი დამოკიდებულება გამოიმუშავოს პოლიტიკური და სოციალური პროცესების მიმართ. საზოგადოება ხშირად არის პასიური და ამ პასიურობას გარკვეულწილად ხელს უწყობს მედია, ძირითადად ვგულისხმობ საქართველოში არსებულ მას–მედიას. საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, ნებისმიერი კონკრეტული გამოხატულების მიმართ, უსამართლობის მიმართ გამოხატულება ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიზაციის პროცესისათვის. რეალურად დღეს ამის ნაკლებობა გვაქვს“, – ამბობს რატი ქართველიშვილი.

Presage.tv გაესაუბრა აქციაზე მისულ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ არიან მედიის წარმომადგენლები და უბრალოდ სოლიდარობის კამპანიაში სურთ ჩართვა.

„აქ მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად. სოლიდარობას ვუცხადებ მედიასაც და იმ დანარჩენ ხუთ აქციასაც, რომელიც დღეს კიდევ ხუთ სხვადასხვა მოედანზე იმართება“, – ამბობს მოქალაქე მარინა გოგიჩაიშვილი.

„მოვედი მედიის უფლებების დასაცავად და იმის გასაპროტესტებლად, რომ ხმამაღლა აზრის გამოხატვის სერიოზული პრობლემა გვაქვს. მე ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობ ამ პროფესიით. პირადად მე არ მექმნება ეს პრობლემა, რადგან ისეთ მსუბუქ თემებზე ვმუშაობ, მაგრამ ზოგადად იგი არსებობს და ვაპროტესტებ, რომ სამ ტელევიზიას შეუძლია მოგვიყვეს ერთი და იგივეა ამბავი ერთნაირად და, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული ქვეყნის თავისუფალ მედიად“,– აცხადებს აქციის ერთ – ერთი მონაწილე მარიამ სამადაშვილი.