ალბათ მთელს მსოფლიოში ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც Pepsi ერთხელ მაინც არ გაესინჯოს. მართლაც, ეს სასმელი საყოველთაოდ არის განთქმული, მისი მწარმოებელი კომპანია Pepsi Co კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჩვენს პლატეტაზე. იგი თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერია და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 111,5 მილიარდ დოლარს უტოლდება.
პირველი ნაბიჯები და პირველი გაბანკროტება
107 წლის წინ მავანმა კალებ ბრედჰემმა დაარეგისტრირა ახალი სავაჭრო მარკა Pepsi-Cola და საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ გამაგრილებელ სასმელს და წარმატებულ ბრენდს. თუმცა, Pepsi-ის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. ეს 1898 წლის ზაფხულში მოხდა, როცა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ნიუ ბერნში ბრედჰემმა ხუთწლიანი მცდელობა წარმატებით დააგვირგვინა და გაზიანი წლის, შაქრის, ვანილის, კოლას კაკლების და იშვიათი ზეთების შერევით გამაგრილებელი სასმელი შექმნა.
კალებმა თავის ქმნილებას „ბრედის სასმელი“ უწოდა და გასაყიდად აფთიაქში ჩააბარა. მისმა გამოგონებამ ძალიან სწრაფადმოწონება დაიმსახურა. მალე კალებმა სასმელს Pepsi-Cola დაარქვა იმის ნიშნად, რომ მის შემადგენლობაში პეპსინი და კოლას კაკალი შედიოდა და მას რეკლამა გაუკეთა როგორც გამახალისებელ, ჯანზე მომყვან და საჭმლის მომნელებელი სისტემის მასტიმულირებელ სასმელს. Pepsi-Cola Company-ის რეგისტრაციის მომენტში წელიწადში უკვე 30 ათასი ლიტრი სასმელი იყიდებოდა.
თუმცა, ბრედჰემმა წარმატებით სრულად დატკბობა ვერ მოახერხა. 1921 წელს აშშ შაქრის ბაზრის კრახმა შეძრა, რამაც მისი კომპანია გაბანკროტების წინაშე დააყენა. ბრედჰემი კომპანიის გადარჩენას ცდილობდა, ვალებს იდებდა, აქტივებს და აქციების დამატებით წილებს ყიდდა. თუმცა, ვერაფერმა უშველა და 1923 წელს Pepsi-Cola Company პირველად გამოცხადდა ბანკროტად. პირველად იმიტომ, რომ
შემდგომშიც რამდენჯერმე კომპანია ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა, დასახელება და მფლობელი რამდენჯერმე გამოიცვალა, სანამ ჩარლზ გუტის და მისი საკონდიტრო ფირმა Loft Inc-ის ხელში არ აღმოჩნდა.
დიდი სარეკლამო სტრატეგია
ხერხი, რომლითაც Pepsi ფეხზე დადგა, საკმაოდ მარტივი იყო - 1934 წელს 12 ცენტიანი ბოთლის 5 ცენტად გაყიდვა დაიწყეს. ეს კომპანიას კონკურენტებთან უპირატესობას ანიჭებდა, რადგან ისინი 6 ცენტს ითხოვდნენ. დიდი დეპრესიის პერიოდში გადარჩენა მხოლოდ ამგვარი მეთოდებით შეიძლებოდა.
ამასთან, Pepsi-ის აღორძინებას ხელი შეუწყო სწორმა სარეკლამო პოლიტიკამ. კომპანია დღესაც განთქმულია თავის სარეკლამო რგოლებში განთქმული ვარსკვლავების მიწვევით. ამ ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ კალებ ბრედჰემმა ჩაუყარა, რომელმაც რეკლამაში გადაღება ამერიკული ავტორბოლების პიონერს
ბარნლი ოლდფილდს შესთავაზა.
თუმცა, რეკლამაზე აქცენტი სერიოზულად უოლტერ მაკმა გააკეთა, რომელიც Pepsi-ის მეპატრონე 1939 წელს გახდა. მან სარეკლამო კამპანიის წარმოებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც Lord & Thomas-მა მოიგო. ამ კომპანიამ სარეკლამო ბიზნესის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 1940 წელს სწორედ მან შექმნა პირველი სარეკლამო სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცა და 55 ენაზე ითარგმნა. ეს ძველი ინგლისური ბალადის სტილში დაწერილი სინგლი სწორედ Pepsi-ის ეძღვნებოდა და ერთი წლის განმავლობაში რადიოეთერში 300 ათასჯერ გაჟღერდა. 1941 წელს Pepsi-ის ფერებად ცისფერი, წითელი და თეთრი შეარჩიეს.
უნდა ითქვას, რომ Pepsi ყოველთვის კარგად გრძნობდა დროს. 40-იან წლებში სარეკლამო კამპანიაში ჩართეს განთქმული კომიკური პერსონაჟები, 50-იან წლებში კი, როცა ამერიკა სპორტულმა ბუმმა მოიცვა, ცნობილი სპორტსმენები. ამასთან, აქცენტი სასმელში კალორიების მცირე შემცველობაზე გაკეთდა.
60-იან წლებში Pepsi-ის ძირითადად უფროსი თაობა ეტანებოდა, სანამ საქმეში არ ჩაერთო სარეკლამო კომპანია BBDO, რომელმაც შექმნა ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია «Pepsi-ის თაობა». 70-იან წლების დასაწყისში Pepsi Co-ს პრეზიდენტი დონალდ კენდალი შეხვდა საბჭოთა პრემიერს კოსიგინს. ხანგრძლივი
მოლაპარაკების შედეგად 1972 წლიდან ძალაში შევიდა ხელშეკრულება საქონელთგაცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც Pepsi-Cola პირველი დასავლური პროდუქტი გახდა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში გაყიდვაში შემოვიდა.
80-იან წლებში Pepsi-ის სარეკლამო კამპანიაში როკ-მუსიკის მეგა-ვარსკლავები მიიწვიეს. ამავე პერიოდში შეიქმნა განთქმული სლოგანი „ახალი თაობა ირჩევს Pepsi-ის“. აღსანიშნავია, რომ ჯერალდინა ფერარომ, რომელიც აშშ-ს პირველი
ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მონაწილეობა მიიღო რგოლში Diet Pepsi. 1985 წელს Pepsi Co გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ შეიძინა 7Up International.
სასმელის წარმოება და სარეკლამო ინდუსტრია კი სულ უფრო და უფრო იფურჩქნებოდა. Pepsi-ის რეკლამა ღია კოსმოსში გავიდა. ამასთან, გადაიღეს სარეკლამო რგოლი „მუსტანგი“, რომელიც პირველად ისტორიაში ჩაიწერა ფილმ „სასიკვდილო იარაღის“ ლიცენზირებულ ვიდეოკასეტაზე. ამჟამინდელი სარეკლამო კამპანია „მიიღე ცხოვრებისაგან ყველაფერი“, რომელშიც სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები მონაწილეობენ, 1999 წელს დაიწყო.
ახალ ათასწლეულში კომპანიის პროდუქციას Pepsi Blue შეემატა. ეს ციფერი და გემრიელი სასმელი 2002-2004 წლებში ბაზარზე ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა. სწორედ ამგვარი სწორი მარკეტინგული და სარეკლამო სტრატეგიის წყალობით იქცა Pepsi მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ კომპანიად.