ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის მიერ ლამის კონსპირაციულად ჩატარებული სოციოლოგიური „კვლევა“ თავისი სკანდალური შედეგებით სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციის მცდელობა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ გამიზნული გაყალბებისათვის ნიადაგის მომზადება.
დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად მოსყიდულ ორგანაზაციებს, რომლებიც ამ ტიპის „კვლევებს“ ატარებენ, დაემატა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორსაც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისი წარმოადგენს და იგი ქართველი საზოგადოების უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულების (პირდაპირ ვიტყვით - დაცინვის) საგანი ხდება.
ჩვენ შეიძლება ამ „კვლევისა“ და მისი აბსურდული შედეგებისათვის საგანგებო ყურადღება არც მიგვექცია, რომ არა ერთი არსებითი მნიშვნელობის გარემოება - ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ზემოაღნიშნული „კვლევა“ ქართველი ხალხის თვალში სერიოზულ დარტყმას აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს, იმიჯს.
სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობამ და, კერძოდ, ბ-ნმა ნავარომ, რომლის „თავის მართლების პოლიტიკა“ ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, რომ არა ის ზიანი, რომელიც მას და მის მიერ დაქირავებულ კომპანიებს შეუძლიათ მიაყენონ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე ქართულ-ამერიკულ პარტნიორულ ურთიერთობებსაც.