ლაცისების ოჯახის ძლევამოსილი იმპერია

ლაცისების ოჯახის ძლევამოსილი იმპერია

საბერძნეთის უმდიდრესი ლაცისების ოჯახის ბიზნესი მოიცავს ნავთობს, უძრავ ქონებას, საბანკო საქმეს და საზღვაო გადაზიდვებს. თუმცა, ბერძენ მილიარდერთა წარმატების მთავარი საიდუმლო ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან მეგობრობაა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ბერძნული ენიდან შემოსული ბარბარიზმი გახლავთ სიტყვა ოლიგარქი.

 

როგორ წესი, ბერძენი მილიარდერები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და ძირითადად ბულვარულ ქრონიკებში თუ გამოჩნდებიან. ლაცისების ძლევამოსილ ოჯახზეც ბილო დროს პარის ლაცისის და პერის ჰილტონის რომანის გამო ალაპარაკდნენ. პარისი გახლავთ დისშვილი Forbes-ის რეიტინგში 5,3 მილიარდი დოლარით შესული 63 წლის სპირო ლაცისის, რომელმაც ააყვავა მამის, იანის ლაცისის მიერ დაწყებული ოჯახური ბიზნესი.

 

ლაცის პირველის ოლიმპო

დინასტიის დამაარსებელი იანის ლაცისი 2003 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საკმაოდ ხელმოკლე და ძალზე მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა – იანისს არც მეტი, არც ნაკლები, 21 და-ძმა ჰყავდა. მომავალი მილიარდერის მამა რკინიგზაზე მუშაობდა, იანისმა კი გადაწყვიტა გამხმარი ტროპიკული ხილით ევაჭრა, მამას ცოტაოდენი ფული სთხოვა, კრედიტი აიღო, მეგობრებშიც მოისესხა და პატარა გემი იყიდა. მან კარგად იცოდა, რომ ამ უეშმაკო ბიზნესში მთავარი დანახარჯები ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა.

 

იანისის საქმე მშვენივრად წავიდა. მისი გემი ეგვიპტიდან საბერძნეთში ათასგვარ ნუგბარს ეზიდებოდა და ლაცისის ჯიბე სქელდებოდა. მაგრამ, ორიოდე წელში მეორე მსოფლიო ომმა ბიზნესი შეაფერხა. თუმცა, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, იანისი უსაქმოდ არც ომის დროს იჯდა და თავისი გემით გერმანელებს ემსახურებოდა.

 

ომის შემდეგ ლაცისის საქმე მშვენივრად წავიდა. ხილის გარდა მას მგზავრებიც გადაჰყავდა. იგი უკვე საკმაოდ გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. მალე იანისმა არაბული ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია მიიღო. თავის მთავარ საყრდენ პუნქტად მან არაბული პორტი რაბიტი აირჩია, სადაც ცოტა ხანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააგო. 60-იან წლებში ლაცისმა ლიხტენშტეინში დაარეგისტრირა კომპანია Petrola International, თავად კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონს მიაშურა.

 

70-იანების დასაწყისში რაბიტში ღუზა ჩაუშვა დიდებულმა “მარგარიტამ”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლაცისის იახტების კოლექციას. სწორედ იახტები იყო ძლიერთა ამა ქვეყნისა დამუშავების და მათთან დაახლოების საშუალება. მაგალითად, “მარგარიტაზე” არაერთხელ მშვენიერი დრო გაუტარებიათ საუდელ მონარქებს. შედეგად, ლაცისმა სამეფო სასახლის, ავტობანის და პორტის მშენებლობის შეკვეთა მიიღო.

 

შედეგად, ლაცისის კაპიტალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. 80-იანი წლების დასაწყისში მის ფლოტირიაში რამდენიმე ათეული ტანკერი და სავაჭრო გემი შედიოდა. გარდა ამისა, იგი ფლობდა რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. აღსანიშნავია, რომ ლაცისის აღზევება საეჭვოდ დაემთხვა საბერძნეთში “შავი პოლკოვნიკების” მმართველობის პერიოდს. საერთოდ, იანისი ყველა ხელისუფლებას იყენებდა. მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ მთავრობები იცვლება, ბიზნესის პრინციპები კი უცვლელია და სრულყოფილებისაგან შორს არის.

 

ბანკეტის გაგრძელება

იანის ლაცისის სიცოცხლის ბოლოს მისი ბიზნესი თანდათანობით საფინანსო და საბანკო საქმისაკენ გადაიხარა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ სვეიცარული ბანკის Banque de Depot de Geneve-ის კონკურენტი ონასისებისაგან შეძენა. იანისის გარდაცვალების შემდეგ იმპერიას სათავეში ჩაუდგა მისი უფროსი შვილი სპირიდონ (სპირო) ლაცისი. ამ უკანასკნელის საყვარელი საქმე საბანკო ბიზნესი არმოჩნდა და მას გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობდა. გარდა იმისა, რომ ლაცის მეორეს საჭირო კავშირების გაბმის უნარი მამისაგან მეკვიდრეობით დაჰყვა, შესანიშნავი ფინანსური ალღო აღმოაჩნდა. სპიროსმა განახორციელა ბიზნესის დივერსიფიკაცია და განყოფილებებს სათავეში ოჯახის წევრები ჩაუყენა.

 

შვეიცარულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება აღინიშნოს, რომ ლაცისების ოჯახის საკუთრებაშია საბერძნეთის სიდიდით მესამე ბანკის EFG Eurobank Egrasias-ის 41 პროცენტი და შვეიცარული EFG International-ის 66,5 პროცენტი. ლაცისების ოჯახი ძირითადად სპეციალიზირებულია ე.წ. private banking-ზე – მსხვილი კაპიტალის მართვაზე, რასაც მშვენიერი სემოსავალი მოაქვს.

 

სპირო ლაცისი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს უცხოური ბაზრების ათვისებას. მისი ჰოლდინგი უკვე გავიდა თურქულ, ბულგარულ, რუმინულ, სერბულ, პოლონურ და უკრაინულ ბაზრებზე. თავისთავად ცხადია, სპირომ შეინარჩუნა სამშენებლო და ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესი. გარდა ამისა, საზღვაო გადაზიდვების ბიზნესს კომერციული ავიაციაც შემატა.

 

მესამე თაობა

მაგნატი სპირო ლაცისი საბერძნეთსა და შვეიცარიაში ცხოვრობს. ხშირად კი ინგლისში ჩადის, როცა ჰარვარდში ლექციებს კითხულობს, ან თავისი საქველმოქმედო ფონდის საქმეებს განაგებს. კაცმა არ იცის, როგორ ასწრებს ბიზნესის გაძღოლას, ქველმოქმედებას და სამეცნიერო საქმიანობას. თუმცა, ბოლო დროს ბიზნესის გაძღოლაში მას გვარიანად ეხმარება დისშვილი პარისი. დაბადებიდან იგი მამის გვარს – კაციდოკოსტას ატარებდა.

 

თავის დროზე დედამისი მარიანა ცოლად მალულად გაჰყვა წყლის თხილამურების ინსტრუქტორს, რამაც აწ განსვენებული იანისი ისე განარისხა, რომ კაციდოკოსტაზე ლამის ნადირობა გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავისას მიაღწია და შვილი ქმარს გააშორა, შვილიშვილი აღიარა და თავისი გვარიც მისცა.

 

და აი, განათლებით კინემატოგრაფისტი პარისი თანდათანობით ოჯახურ ფინანსურ საქმეში იწაფება. ამბობენ, რომ ბიძია სპირო, რომელიც მისთვის მეორე მამად იქცა, პარისს მეორე ფრონტს - აღმოსავლეთ ევროპული ემისირების საქმეს ჩააბარებს. ალბათ, სწორედ პარისი გახდება მომავალში ოჯახური ბიზნესის თავკაცი. ძნელი სათქმელია, ისეთივე ალღოიანი იქნება თუ არა იგი, როგორიც მისი ბიძა და ბაბუა იყვნენ, თუმცა, ის კი ცხადია, რომ ლაცისების ოჯახური ბიზნესის ძირითადი მიმართულებები არ შეიცვლება.