„ენ-დი-აი“ს კვლევის შედეგებში 40%-იანი ცდომილება არსებობს

„ენ-დი-აი“ს კვლევის შედეგებში 40%-იანი ცდომილება არსებობს

„ენ-დი-აი“-ს კვლევის შედეგები დღის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა და გასაგებია რატომაც. საუბარია პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების რეიტინგებზე, რომლებიც ამ კვლევის შედეგების თანახმად ასე გადანაწილდა -კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?" - გამოკითხულთა იმ ნაწილს შორის, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 47%; მეორე არჩევანი - 2%; კოალიცია "ქართული ოცნება" - 10%; მეორე არჩევანი - 3%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%; მეორე არჩევანი - 8%;

რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებთან მიმართებაში გამოკითხულთა სიმპათია-ანთიპათიას: გიორგი თარგამაძე მოსწონს 54%-ს; არ მოსწონს - 29%-ს; ინგა გრიგოლია მოსწონს 49%-ს; არ მოსწონს - 30%; ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%-ს; არ მოსწონს - 31%-ს; ირაკლი ალასანია მოსწონს 30%-ს; არ მოსწონს - 43%-ს; გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%-ს; არ მოსწონს - 29%-ს.

სწორედ ამ შედეგებმა გამოიწვია ყველაზე მეტი კითხვები საზოგადოებაში, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ინგა გრიგოლიასა და გიორგი თარგამაძეს ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხიც - როდესაც საუბარია პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზე, მთლიანად რომ შევკრიბოთ ის პროცენტული რაოდენობა, რაც კვლევის შედეგებში ასახული (ნაცმოძრაობის რეიტინგი - 47%, „ქართული ოცნების“ – 10% , „ქრისტიან - დემოკრატები“ – 3%) გამოდის გამოკითხულთა 60%. სად არის დანარჩენი 40% პასუხები, და ვის უჭერენ მხარს ეს ადამიანები, გაურკვეველია.

ამ ფაქტზე presage.tv -სთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, რომელთაც საუბარიც კვლევის შედეგების სანდოობით დავიწყეთ.

სოსო გალუმაშვილი: „პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მე ვერ ვისაუბრებ ამ ციფრების სარწმუნოობაზე, ეს შეუძლია გააკეთოს პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ჯგუფმა. თუმცა ჩემთვის ეს არის ინფორმაცია არა თვითონ განწყობების შესახებ, არამედ „ენ-დი-აი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. როგორც პიარის სპეციალისტმა, ასე მივიღე მე ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სარწმუნოობაზე და ნდობა - არ ნდობაზე საუბარი ძალიან ძნელია, რადგან „ენ-დი-აი“-ს მიერ მხოლოდ ფრაგმენტულად არის მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ რომ გვქონოდა კვლევის სრული შედეგები, კვლევის სრული ე.წ. „რეპორტი“, რასაკვირველია ამ შემთხვევაში უკეთესად შეიძლებოდა გარკვეული დასკვნების გაკეთება. არა მარტო მე, არამედ ნებისმიერ სოციოლოგისთვის, ნებისმიერ ადამიანისთვის, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, ძალიან ძნელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება. გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, არა მარტო ჩვენ, არამედ ასეთი ტიპის ინფორმაცია საზოგადოებასაც სჭირდება, რათა ნდობის საკითხი უფრო მაღალ ხარისხში, მაღალ რეესტრში დადგეს.

ანუ თქვენი აზრით, მთავარი პრობლემა კვლევის შედეგების ფრაგმენტულობაა?

- დიახ, პრობლემა არის სწორედ კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფრაგმენტულობაში და არა იმაში, რამდენად სწორია თუ არა ამ კვლევის შედეგები.

აქამდე როდესაც ასეთი კვლევები ტარდებოდა, კონკრეტულ პარტიას მიეწოდებოდა კვლევის შედეგების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ამ პარტიას ეხებოდა. დღეს კვლევის შედეგები ყველა პარტიის შესახებ გადაეცა ყველა პარტიას. როგორ შეაფასებდით კვლევის შედეგების საზოგადოებამდე მიტანის ამ ფორმას?

- ამ შემთხვევაში კვლევა არ არის მხოლოდ კითხვარის მოფიქრება, ველზე გასვლა და კონკრეტული ადამიანების გამოკითხვა. კვლევა არის გარკვეულ დიზაინში მოცემული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორებმა და შესაძლოა, კვლევის შემკვეთებმაც სწორედ ასეთი ტიპის დიზაინი მოიფიქრეს. ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რაიმე სტანდარტი დარღვეული არ არის. ნებისმიერ მკვლევარს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს ამ კვლევის შედეგები, აქ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა უფრო იმაშია, თვითონ „ენ-დი-აი“-ზე საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კომპანია საზოგადოებას წარმოუდგენია რაღაც ისეთ კომპანიად, რომლის კვლევები იქნება თუ რაღაც კონკრეტული საქმიანობა არის ჩვენთვის დაწერილი ან დაუწერელი კანონი. საზოგადოების მხრიდან ამ კვლევის შეფასებაში სწორედ ასეთ პრობლემას ვხედავ. საზოგადოებაში ვგულისხმობ როგორც მოსახლეობას, ასევე კონკრეტულ პარტიებსაც.

პრობლემა არის იმაში, რომ ალტერნატიული დასკვნები, მოსაზრებები, კვლევები არის ძალიან მცირედი. ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც დღეს ბაზარზე მოღვაწეობს იცის, რომ წელიწადში ორჯერ „ენ-დი-აი“ აკეთებს ასეთ კვლევას, ერთი არის შემოდგომაზე და მეორე - გაზაფხულზე. ძალიან მარტივად პოლიტიკურ პარტიებსაც შეეძლოთ გაეკეთებინათ კვლევა. მით უმეტეს დღეს ძალიან ბევრ პარტიას უკვე აქვს ის ფინანსური შესაძლებლობები, რომ ასეთი ტიპის კვლევები ჩაატაროს. ასე რომ მომხდარიყო, უკვე აღარ იქნებოდა მსჯელობა იმაზე, ვენდოთ თუ არა ამ კონკრეტულ კვლევას. იქნებოდა ერთი შედეგი, შემდეგ იქნებოდა მეორე შედეგი, მესამე და ა.შ. საზოგადოებაც უკვე თვითონვე მიხვდებოდა და თვითონვე გააკეთებდა არჩევანს, რომელი კვლევა იქნებოდა სარწმუნო. როდესაც არსებობს მხოლოდ ერთ ასეთი კვლევა და მისი ალტერნატივა არ არსებობს, რასაკვირველია მის სარწმუნოობაზე ან რელევანტურობაზე დღევანდელ სიტუაციასთან, ან რამდენად ასახავს ის ამომრჩევლების განწყობას, ძნელია საუბარი.

კვლევით ორგანიზაციებს შორის კონკურენცია გადაპირობებდა იმას, რომ რომლიღაცას ენდობოდა საზოგადოება და რომელიღაცას - არა. აქედან გამომდინარე აიღებდა სწორებას რომლიმე ერთზე. ეხლა ერთია ასეთი ორგანიზაცია და გინდა ენდე და გინდ არა, ანუ გინდა „ენ-დი-აი“ და გინდა არა „ენ-დი-აი“.

ამ კვლევების გამოქვეყნებამ, მისმა პრეზენტაციამ ისიც აჩვენა, რომ პოლიტიკური კულტურა საზოგადოებაში და უფრო მეტად პოლიტიკურ პარტიებში, ფაქტობრივად არ არსებობს. კვლევამ აჩვენა, რომ დღეს ბაზარზე პოლიტიკური პარტიებიც არ არსებობს, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ეს ყველაფერ ექნებოდათ დაგეგმილი, ვენდობი-არ ვენდობით კი არ დაიწყებდნენ საზოგადოებასთან საუბარს, არამედ დადებდნენ ალტერნატივებს.

თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნო იქნება საზოგადოებისთვის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ დადებული რეიტინგები?

- ახლა არჩევანის გარეშეა დარჩენილი საზოგადოება, ასეთ შემთხვევაში კი ექნებოდა არჩევანის საშუალება. ერთია როდესაც პოლიტიკური პარტიის დაკვეთით კეთდება ეს კვლევა და მეორე - შესაძლებელია გაკეთებულიყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია. პოლიტიკური პარტიები შეგროვილიყვნენ, დაედოთ გარკვეული თანხები (მით უმეტეს მათ ბიუჯეტიდან კომუნიკაციებთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსებები მიიღეს, მაგალითად კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურის პარტიებმა და ა.შ.), თუ აქაურ კვლევით ორგანიზაციებს არ ენდობიან, ჩამოყვანათ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კვლევითი ორგანიზაციები, მათთვის დაეკვეთათ ამ ტიპის კვლევა და საზოგადოებისთვის ალტერნატიული კვლევის შედეგები წარედგინათ.

დღეს ვინც ამბობს, რომ არ ენდობა ამ კვლევებს, საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ არ ენდობა ამ კვლევას, მაგრამ თვითონ რას სთავაზობს საზოგადოებას? საზოგადოებაზე მანიპულაციის ეს ხერხი აღარ მუშაობს. მაშინ შენ მანახე რას წარმოადგენ, რა გავაკეთოთ? ვიმკითხაოთ? საქმე ასე არ კეთდება, ეს არის შეცდომა, რომელიც უკვე მერამდენედ დაუშვა პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ ამ კვლევის შედეგების ზედმეტად ტირაჟირება მოხდა და საზოგადოებამ მას ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭა?

- ტირაჟირების ინტენსივობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოწვეულია იმით, რომ ალტერნატივა არ არსებობს. მაშინ მოხდებოდა ერთის ტირაჟირებაც, მეორესიც და ამ კვლევის შედეგები არ იქნებოდა ამდენი სჯა-ბაასის და დისკუსიის საგანი. რა ისეთი საოცარი შედეგები დაიდო, მით უმეტეს ყოვლად უმნიშვნელო დროს, მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ფაქტობრივად არაფერი წყდება ამით, რომ ამხელა ამბავი ატეხილიყო. რეალურად ჩანს, რომ ოპოზიცია მოუმზადებელია პოლიტიკური ბრძოლისთვის.

საერთოდ ამგვარი კვლევის შედეგებს სახელისუფლო სატელევიზიო არხები ფართოდ აშუქებენ ხოლმე, რაც ამჯერად არ მომხდარა. თქვენი აზრით რას უკავშირდება ეს?

- ფართოდ გაშუქება იმიტომ არ მომხდარა, რომ „ენ-დი-აი“-ს ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია არანაირი კვლევის შედეგი და მხოლოდ პარტიებისთვის გადაცემული კვლევის მონაცემებია გახმაურებული.

თუმცა სხვა შემთხვევებშიც, სანამ „ენ-დი-აი“ ოფიციალურად გამოაქვეყნებდა შედეგებს, გაშუქება სწორედ მანამდე ხდებოდა ხოლმე

- ამ შემთხვევაში არც ერთი მხარისთვის სახარბიელო არ არის ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა. ძალიან გთხოვთ აღნიშნოთ - მე არ ვიცი, ეს მართლა „ენ-დი-აი“-ს შედეგებია თუ არა. თავად ეს კომპანია გაცხარებით ამბობს თითოეულ ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ მათ ჯერ ოფიციალურად კვლევის შედეგები არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ-ჯერობით ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ დღეს არსებული მონაცემებით, არც ერთ მხარეს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, სახარბიელო შედეგები არ აქვს. თუ ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით ვიმსჯელებთ, შემოდგომიდან მოყოლებული მათ რეიტინგებში ძალიან დიდი პროცენტი აქვთ დაკლებული.

თუ ოპოზიციის მიმართულებით ვიმსჯელებთ, მათი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მათი რეიტინგი არ არის მაღალი. თუ ვიმსჯელებთ იმ პოლიტიკური პარტიების მიხედვით, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ კვლევის შედეგებში, რადგან ერთ პროცენტზე მეტი ვერ დააგროვეს, წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ კვლევის შედეგები, რომლითაც საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური სპექტრის თითოეული წარმომადგენელი უკმაყოფილოა.

მართალია ოპოზიციამ ამ კვლევის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი აღიარეს და ისიც თქვეს, რომ საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, ანუ ერთი მხარე საერთოდ უნდობლობას უცხადებს კვლევის შედეგებს, მეორე კი - აღიარებს. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- კვლევის შედეგებს ყოველთვის აღიარებს ის მხარე, რომელსაც მეტი შედეგი აქვს. სხვათაშორის 46% ზოგადად ცუდი არ არის პოლიტიკური პარტიისთვის. აქედან გამომდინარე, რატომაც არა, იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს, თავი უნდა მოიწონოს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ოფიციალურად არ გამოქვეყნდება „ენ-დი-აი“ -ს კვლევის შედეგები, ძალიან რთულია საუბარი ამ თემაზე, შეიძლება ეს მაჩვენებელი 46 კი არა, 45 %-ია, ან 39%. შეიძლება ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ აბსოლუტურად სხვა შედეგები დაიდოს. ამ შემთხვევაში მე იმ შედეგებზე ვსაუბრობ, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი.

ვინაიდან დღესდღეობით სწორედ ეს ინფორმაცია გვაქვს და სხვა სამსჯელო მასალა ჯერ არ გაგვაჩნია, ისევ ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმ მაჩვენებლებთან, რომლებმაც საზოგადოებაში ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია, ეს არის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგები. ამჟამად არსებული ინფორმაციით, რეიტინგები ასე გადანაწილდა - გიორგი თარგამაძე მოსწონს გამოკითხულთა 54%-ს, ინგა გრიგოლია - 49%-ს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი 40%-ს. თქვენი აზრით შესაძლებელია, რომ ინგა გრიგოლიასა და გიორგი თარგამაძეს ბიძინა ივანიძვილზე მეტი რეიტინგი ჰქონდეთ?

- ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ის დარჩენილი ორმოცი პროცენტი, ვის უჭერს მხარს, საითკენ იხრება.

ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ იმ 40%-ზე, რომელიც რჩება მას შემდეგ, რაც შევკრებთ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების პროცენტულ მაჩვენებლებს - ნაცმოძრაობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 43%, „ქართულ ოცნებას“ – 10%, „ქრისტიან - დემოკრატებს“ – 3% და რჩება დაახლოებით 40%-მდე ამომრჩეველი, რომლებზეც თქვენ საუბრობთ ხომ?

- დიახ, თუ გამოვრიცხავთ ამ პროცენტს, რასაკვირველია საეჭვო ხდება ეს საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ზემოთ ვისაუბრე, დღეს პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, რეალურად თითოეული პარტია აღქმულია, როგორც პოლიტიკური ლიდერის გარკვეული ჯგუფი. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას აქვს 10% და „ქრისტიან - დემოკრატებს“ აქვთ 3%, მაშინ ცოტა ძნელი სათქმელია მოწონების რეიტინგში ქალბატონი გრიგოლია და გიორგი თარგამაძე (მიუხედავად მათი მაღალი რეიტინგისა) ბიძინა ივანიშვილს უსწრებდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, 40% იმდენად დიდი ცდომილებაა, რომ შესაძლოა სწორედ ამ 40%-ს მოსწონს ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე. ამიტომ არის ძნელი კონკრეტული დიაგნოზის დასმა და ცალსახა რეკომენდაიის მიცემა, თუ რატომ მოხდა ასეთი ცდომილება, ამას მე დავარქმევდი დისბალანსს. გარკვეული დისბალანსი კვლევის სხვადასხვა პასუხებს შორის არსებობს და თქვენ რაზეც ყურადღება გაამახვილეთ, სწორედ ამ დისბალანსზეა საუბარი. თუმცა კიდევ ერთხელ გუბნებით, რადგან კვლევის შედეგებში არ ჩანს ეს 40%, შესაძლოა დისბალანსი სწორედ ამ პროცენტებმა გამოიწვია.

თუკი კვლევის შედეგებში არ მოხვდნენ პარტიები, რომლებმაც ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს, გამოდის, რომ მაშინ უნდა არსებობდეს მინიმუმ 40 პარტია მაინც, რომელზეც ეს პროცენტები გადანაწილდებოდა და მთლიანი მონაცემები 100 პროცენტამდე შეივსებოდა. დამერწმუნებით, რომ საქართველოში არ არის ასეთი 40 პარტია, ანუ ეს ხმები სადღაც არის გადანაწილებული. შესაძლოა ვიღაცამ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ მაშინ რატომ მოხვდა საერთო რეიტინგში მათი ხმა? ამდენად, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა კვლევის ავტორებთან. მეტს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, რომ ძალიან დაბნეულები ვართ.

როდესაც გვექნება ოფიციალური ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ უფრო თამამად შეგვეძლება საუბარი ამ კვლევის შედეგებზე.