მკვდრეთით აღმდგარი General Motors ბირჟაზე ბრუნდება

მკვდრეთით აღმდგარი General Motors ბირჟაზე ბრუნდება

ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა General Motors-მა გაბანკროტებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ბირჟაზე IPO-ს (აქციების პირველადი განთავსების) შესახებ განცხადება გააკეთა. ცხადია, ამის მთავარი მიზეზი სახელმწიფოს, რომელიც ამჟამად კორპორაციის აქციების 61 პროცენტს ფლობს, კონტროლიდან თავის დაღწევაა. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, სახელმპიფოს წილი მინიმუმ განახევრდება.

 

მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში GM მსოფლიო ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მაგრამ 70-იანი წლების ბოლოს ამერიკული ავტოგიგანტი თავის ევროპელ და აზიელ კონკურენტებს თანდათანობით ჩამორჩა. ახალ ათასწლეულში ეს ჩამორჩენა მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდა.

 

ადრე ერთობ შემოსავლიანმა კამპანიამ წაგება წაგებაზე ნახა. მაგალითად, 2007 წელს GM-ის დანაკარგმა 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ავტოგიგანტის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში კრახის თავიდან აცილება ხელმისაწვდომი კრედიტებით რეფინანსირებით იყო შესაძლებელი, რაც, ცხადია, კომპანიის დავალიანებას სულ უფრო ზრდიდა.

 

შემდეგ კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც კონცერნი მთლად შავ დღეში ჩააგდო. გაბანკროტების პირას აღმოჩენილმა კომპანიამ დახმარებისათვის სახელმწიფოს მიმართა. კონგრესმა GM-ისათვის დახმარების გაწევა არ ისურვა, მაგრამ საბოლოოდ თანხმა თვით ჯორჯ ბუშის ბრძანებით, სპეციალური ფონდიდან გამოიყო. თუმცა, ამით მხოლოდ დროის მოგება იყო შესაძლებელი.

 

ახალმა, დემოკრატთა ადმინისტრაციამ კი GM-ის მიმართ ერთობ მკაცრი პოზიცია დაიკავა და მის ხელმძღვანელობას ანტიკრიზისული პროგრამის სასწრაფოდ წარმოდგენა დაევალა. შედეგად, კომპანიას ისღა დარჩენოდა, სასამართლოსათვის ბანკროტად ცნობის განცხადებით მიემართა.

 

თუმცა, ეს კონცერნის სრულ განადგურებას და მისი ქონების აუქციონზე გაყიდვას როდი ნიშნავდა. საქმეში აშშ-ს სამთავრობო კომისია ჩაერთო და კომპანიის აქტივების რესტრუქტურიზაცია დაიწყო. შედეგად, დაითხოვეს ტოპ-მენეჯმენტის თითქმის მთელი შემადგენლობა. დაიხურა 47-დან 13 ჩრდილოამერიკული ქარხანა და სერვის-ცენტრი, ხოლო 91 ათასიდან 27 ათასი თანამშრომელი დაითხოვეს. გარდა ამისა, რვა ამერიკული ბრენდიდან მხოლოდ ოთხი - Chevrolet, Cadillac, Buick და GMC შეინარჩუნეს.

 

ცხადია, ყველაფერ ამას დამატებით სახსრები სჭირდებოდა. კერძოდ, აშშ-ს მთავრობამ მთლიანობაში 50 მილიარდი დოლარი დახარჯა და აქციების 61 პროცენტი მიისაკუთრა. ანუ, GM ნაციონალიზებულ იქნა. კიდევ 12 პროცენტი კანადას დარჩა, სადაც კონცერნის საკმაოდ ბევრი აქტივია თავმოყრილი.

 

ნაციონალიზაცია დიდი აუცილებლობა იყო, თორემ აშშ-ს მთავრობა ამაზე არ წავიდოდა. იანკები მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ კერძო ბიზნესი სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს და არანაირი ჩარევა საჭირო არ არის. ამიტომაც იყო, რომ კომპანიის კერძო სექტორისათვის დაბრუნების აუცილებლობაზე უმალ ალაპარაკდნენ. ცხადია, არც სახელმწიფოს სურდა წამგებიანი კონცერნი, რომელმაც ბოლო 5 წელში ასტრონომიული 88 მილიარდი იზარალა, დიდ ხანს საკუთრებაში ჰქონოდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე GM-მა თავისი ევროპული განყოფილება SAAB გაყიდა, მრავალთაგან ერთ-ერთი – 8,1 მილიარდიანი კრედიტი გაისტუმრა და ცოტა ხანში ბირჟაზე დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ.

 

სავარაუდოდ, კონცერნის აქციებს ნიუ-იორკის და ტორონტოს ბირჯებზე 18 ნოემბერს გაიტანენ. ამგვარად კორპორაცია 16 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს. თუ ვარაუდი გამართლდა, მაშინ GM-ის IPO ჩრდილოამერიკული ბაზრისათვის სიდიდით მეორე იქნება. პირველი Visa გახლავთ, რომლის IPO-მ 2008 წლის მარტში 19,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.