საქართველო აშშ-ს სამხედრო წვრთნებზე დასასწრებად ირანს იწვევს

საქართველო აშშ-ს სამხედრო წვრთნებზე დასასწრებად ირანს იწვევს

მის ხილვას, ოფიციალური სტუმრის რანგში, აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის იქ იყო. 20 მარტს, იმ ელჩებს, დიპლომატებსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიცრებს შორის, ვინც აშშ-ს საზვაო ქვეითებისა და ქართული ჯარის ერთობლივ წვრთნებს ადევნებდა თვალს, თბილისში ირანის საელჩოს ერთ-ერთი სამხედრო ატაშეც იყო.

2012 წლის ყოველწლიური წვრთნების სტუმართა სია (Agile Spirit-ის) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოცდა იყო – და მართლაც ქართველები ხომ ცნობილნი არიან თავისი სტუმართმოყვარეობით უცხოელთა მიმართ. ქვეყნის ”ღია კარის პოლიტიკა” ირანთან ასევე კარგადაა ცნობილი.

მაგრამ კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ საქართველოს სურს ვაშიგტონს ასიამოვნოს. აშშ კი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ირანი აქტიურად მუშაობს ავღანეთში ნატოს ოპერაციების საბოტირებისთვის. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. 17 მარტს, გენერალმა მასუდ ჯაზაერიმ, ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილემ, ავღანელებს მოუწოდა ”წინააღმდეგობის ჯგუფები” შექმნან და ”ამერიკის ინტერესებს დაარტყან”, იუწყებოდა Associated Press-ი.

ჰოდა ასეთ ფონზე, თქვენ შეიძლება გეფიქრათ, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც ავღანეთისთვისაა გამიზნული, ირანელი სამხედროს დასწრება უხერხულ სიტუაციას შექმნიდა. მაგრამ აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა, რომელიც ესწრებოდა წვრთნებს, უარი უთხრა EurasiaNet.org-ს იმის კომენტირებაზე, მისცა თუ არა შეშფოთების მიზეზი სტუმართა ნუსხაში ირანელი ატაშეს შეყვანამ. რადგან თბილისში არსებობს თეირანის მიერ აკრედიტებული დელეგაცია, ირანის შეყვანა სტუმართა სიაში ”დიპლომატიური პროტოკოლის სტანდარტია,” განაცხადა მან.

მაგრამ ქართული სუფრის პროტოკოლით, ყველაფერი საპატიო სტუმრის სიამოვნებისთვის უნდა კეთდებოდეს (ამ შემთხვევაში, ასეთი სტუმარი აშშ არის); შეიძლება რომ ამ წარმოდგენის მაყურებელთა რიგებში ირანის ჩართვა წინასწარგანზრახული ტაქტიკა ყოფილიყო?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაიმეორა, რომ ირანის საელჩოს მოწვევა სამხედრო წვრთნაზე დასასწრებად სტანდრატული პროცედურა იყო, ამიტომ არ შეუძლია იმის თქმა, იყო თუ არა ეს საკითხი დებატების საგანი.

რაც შეეხება ირანის ატაშეს, მან, როგორც ჩანს, დრო კარგად გამოიყენა. მისი იმ კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნატოს წევრი-ქვეყნებიდან იყვნენ, ფაუერ ფოინთში მომზადებული 8 წუთიანი პრეზენტაციის დროს, რომელიც სამხედრო ტრანსპორტის ვიდეოკადრებსაც შეიცავდა, ის გაცხარებით ინიშნავდა რაღაცას – რამაც გაართო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი ჩინოვნკი. წვრთნის ცოცხალი ეპიზოდები ამბოხისა და ტერორისტების შეპყრობის მეთოდებს წარმოადგენდა.

ქართული ჯარი ძირითადად ავღანეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰელმანდშია დისლოცირებული, ირანელებს კი ბრალს იმაში სდებენ, რომ მეამბოხე თალიბებს უჭერს აქ მხარს.

თბილისმა ავღანეთის ნატოს საერთაშორისო მისიაში 1,685 სამხედროს გაგზავნის ვალდებულება აიღო და მალე ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მისი მისია ყველაზე დიდი იქნება.

თბილისში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ავღანეთისთვის სამხედრო წვრთნებში ხარჯის უდიდეს ნაწილს პენტაგონი იხდის. 2012 წელს $14,4 მილიონი დაიხარჯება საქართველოს ტერიტორიაზე მათ წვრთნაში და $1.9 მილიონი ქართველი სამხედროების მოსამზადებლად ამერიკულ სამხედრო აკადემიებში.
foreignpress.ge