„ნატოს წევრები რომ ვყოფილიყავით, აქამდე გამოგვაგდებდნენ“

„ნატოს წევრები რომ ვყოფილიყავით, აქამდე გამოგვაგდებდნენ“

„ნატოს კარი ღიაა იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებსაც მისი წევრობა სურთ და თუკი ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თავად აქვს უფლება, გადაწყვიტოს, იყოს ნატოს წევრი თუ - არა. ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს, რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება, თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოს ნატოს შესვლისთვის აუცილებელი პირობები არ დაუკმაყოფილებია“, - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვი-ბრიუსელი ტელეხიდის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, „ საქართველო წინ მიდის ამ საქმეში და ეს წინსვლა აისახება კომისია ნატო-საქართველოს ერთობლივ მუშაობაშიც. თუმცა ახლა ნაადრევი იქნებოდა რაიმე სახის გრაფიკზე საუბარი, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობას ეხება“.

საქართველოში მიმდინარე შიდა რეფორმების გატარება, დემოკრატიის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება ეს არის ის აუცილებელი პირობა, რასაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს, და რაზედაც ნატოს გენერალური მდივანი საუბრობს.

მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ჩიკაგოს სამიტზე, სადაც აშშ-სგან ღია მხარდაჭერას ელოდება. ამდენად გაურკვეველია, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა ამ ეტაპზე, ვუახლოვდებით თუ ვშორდებით ნატოს, ან რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ჩიკაგოს სამიტისგან, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ჩიკაგოს სამიტზე არ იქნება ლაპარაკი ნატოს გაფართოებაზე.

„იქ სხვა საკითხები განიხილება, მაგრამ ჩვენ ველით, და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმ აზრზე არიან, რომ ჯეროვნად აღინიშნება საქართველოს წვლილი და საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები, გადადგმული დაახლოებისაკენ. ასევე იქნება ისეთი გზავნილები, რომელიც მიმანიშნებელი იქნება, თუ შემდგომში სიარული დაახლოებისაკენ რა ეტაპზე, როდის რა წარმატებებს  მოიტანს. ველოდებით ამის ხაზგასმას, საქართველოს როლის გამოკვეთას და არა იმას რომ უშუალოდ წევრობაზე იყოს ლაპარაკი“, - აცხადებს დარჩიაშვილი presage.tv-სთან საუბრისას.

მართალია, რასმუსენმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას განაცხადა, რომ ავღანეთში საქართველოს წვლილს არანაირი კავშირი არ აქვს მის ნატოში გაწევრიანებასთან, მაგრამ როგორც დარჩიაშვილი ამბობს, მთელი ალიანსისათვის უმთავრესია ავღანეთის საკითხი.

„ამ კონტექსტში საქართველოს მიმართ ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი  გზავნილი, რომელიც ერთის მხრივ, საქართველოს როლს გამოკვეთს და საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს გაუსვამს ხაზს ნატოსთან ურთიერობებში, არის ძალზე მნიშვნელოვანი და სამომავლო გეგმებზეც გარკვეული განაცხადები გაკეთდება“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენი მთავარი ხაზი გადის ამ არჩევნებზე.

„თუ საქართველოში არ ჩატარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, ეს შეაფერხებს ქვეყნის სვლას ნატოს მიმართულებით. იმიტომ, რომ ისინი ელოდებიან დემოკრატიულ პროცესებს. ამ რეფორმებში, პირველ რიგში, იგულისხმეს არჩევნები და არა ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც ადგილი აქვს დღეს. სწორედ ამ რეჟიმის დამსახურებით ჩვენს ერთ-ერთ თანამებრძოლს მოუწყეს პროვოკაცია, რომ თითქოს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომ, მას პატიმრობა ელოდება. მსგავსი ფაქტების არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყანას, რომელიც ასეთ რეაქციულ რეჟიმში იმყოფება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება იმ მიმართულებით სვლა, რისკენაც თითოეული ჩვენთაგანი ისწრაფვის“, - აცხადებს აბაშიძე presage.tv-სთან საუბრისას.

დავით დარჩიაშვილისთვის აუცილებელი პირობა არის თავდაცვის რეფორმის გაგრძელება, რომ სრული თავსებადობა იყოს მიღწეული ნატოს სტრუქტურებთან.

„ამის გარდა, შესაძლოა, ეს ღიად არ ითქვას, მაგრამ შესაბამისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფონი არის შესაქმნელი, ვგულისხმობ, რუსეთის მიერ აგრესიული ფონის შემცირებას, რაც აუცილებლად მოხდება, ამას მოიტანს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსი ხალხი თვითონ.  გავიხსენოთ თუნდაც თვითონ ჰილარი კლინტონის ნათქვამი, სტრატეგიულ მოთმინებაზე, „არც ერთი მოკავშირე, არ მიერეკება ცხენებს“.  მათი გზავნილია, რომ საქართველოსთან მიმართებაში პროგრესს აქვს ადგილი და რასმუსენმა ეს ჯერ კიდევ საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, როდესაც თქვა, რომ ასე ახლოს საქართველო ნატოსთან არასოდეს ყოფილაო“, - ამბობს დარჩიაშვილი.

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი განმარტავს, ნატომ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი კარი ღიაა საქართველოსთვის და საქართველომ კეთილი უნდა ინებოს, რომ თავად დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები და ისე შებრძანდეს ამ ორგანიზაციაში.

„ამ ვითარებაში სახეზეა ახალი ქართული ტაქტიკა ისინი აპირებენ ნატოსკენ სიარულს პრინციპით - ნაბიჯი - წინ, ორი ნაბიჯი უკან. ასე ნატოში ვერასოდეს გავწევრიანდებით, რადგან აღარავინ იტყუებს თავს, რომ სასამართლოს შენობების გარემონტება არის სასამართლო რეფორმა. სასამართლოს შენობაში შესული ადამიანების გამოკითხვის შემდეგ აღარავინ იტყუებს თავს, რომ სასამართლო არის მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი საქართველოში. ნაციონალური ტყუილების ეპოქამ ჩაილურის წყალი დალია“, - აცხადებს ცისკარიშვილი presage.tv-სთან საუბრისას.

დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი პირობა არის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება, „როგორ და რანაირად ჩატარდება, ამაზე არის ხოლმე ხაზგასმა, ლაპარაკია რეფორმების გაგრძელებაზეც. მნიშვნელოვანია თვითონ ნატოში აზრის მომწიფებაც, იმიტომ, რომ თვითონ ნატოში არის აზრთა სხვადასხვაობები, შესწევს თუ არა საქართველოს ამ ეტაპზე უნარი... ბევრი საკითხია, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსურობას და ამ კომპლექსურობას არავინ არ გაურბის, და თუ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ოპონენტებს რაღაც ნიშნისმოგებით უნდათ ამ თემაზე საუბარი, მათი ნება იყოს“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობის გრაფიკს, რომელზეც რასმუსენს ნაადრევად მიაჩნია ლაპარაკი, დარჩიაშვილი ამბობს, რომ ამ გრაფიკს ადგენს არა გენერალური მდივანი, არამედ ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი ერთობლივად. „ამ გრაფიკზე მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ უფრო ნათელი იყოს კრიტერიუმები, როდის რისი გაკეთება მოიტანს შემდგომ პროგრესს. წინა სამიტზე ითქვა, რომ საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და მოხსენიებული იყო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, ეს უკვე იყო თვისობრივად სრულიად ახალი ნაბიჯი, რომ საქართველოს საკითხი გამოეყო პოსტსაბჭოურ სივრცეს და დაუკავშირდა ბალკანეთს. ამიტომ მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ძალიან სერიოზული პროცესი მიდის, მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი მიმართულებით და ცალკეული გამოსვლებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯით რაღაც სიტყვებზე ჩაჭიდება არ აჩვენებს არავის პროფესიონალიზმს. წინა ვიზიტისას ბატონი რასმუსენი საკმაოდ კმაყოფილი იყო ჩვენი შედეგებით და ისიც თქვა, რომ საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ნატოსთან, როგორც დღეს არისო“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

ზურაბ აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს ქვეყანა, ამის შემდეგ ყველა კარი გაიღება, ნატოსიც და ევროპისაც.

„2008 წლის მოვლენებამდე ძალიან ახლოს ვიყავით „მაპის“ მიღებასთან, მაგრამ დღეს რიტორიკა, რომ ნატოში შევდივართ, ამ ხელისუფლების პირობებში ძნელად არის წარმოსადგენი. ჩვენ ძალიან ღიად განვაცხადეთ, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ეს ხელისუფლება მხოლოდ მუხრუჭია ამ გზაზე“, - მიიჩნევს აბაშიძე.

სოსო ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში ისეთი მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ზოგადად დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით, ნატოს წევრები რომ ვყოფილიყავით, აქამდე გამოგვაგდებდნენ.

„საუბარი იმაზე, რომ ერთ თვეში კანადაში რაღაც ისეთი გადაწყდება, რომ ჩვენ სიამოვნება მოგვგვაროს, ნამდვილად უსაფუძვლო ილუზიაა. სხვათა შორის, უკვე ხელისუფლების ოფიციალურ პირთა გამოსვლებშიც ისეთი სკეპტიკური განწყობა იგრძნობა, რომ არ სურს ნატოში შესვლა რეალურად. ჩვენ ეს თემა გვახალისებს იმდენად, რამდენადაც ნერვები ეშლება რუსეთს. ფაქტი ერთია, სწორედ პუტინის პოლიტიკა მიაქანებს საქართველოს ნატოსკენ“, - ამბობს ცისკარიშვილი.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც შეგნებულად აფერხებს ნატოში გაწევრიანებას, იქ არსებული მაღალი დემოკრატიის სტანდარტების გამო, ეს გახლავთ სწორედ ნაციონალური მოძრაობა. „რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „ედინნაია რასია“ ცდილობს, საქართველო შეიყვანოს ნატოში თავისი სიხისტითა და არაადეკვატური დამოკიდებულებით საქართველოსთან. ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი უგუნური ხელმძღვანელობით დემოკრატიული პროცრესებისა, ასეთ შესაძლებლობას კარგავს“.

ოპონენტთა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატოსთან დაახლოების კუთხით, სახეზე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა ცისკარიშვილი თვლის, რომ „კლდის პირას დგანან და ვიდრე წინ გადადგამენ ნაბიჯს, ჯერ უკან მოიხედონ, რა აქვთ გაკეთებული“.