იმ ჭკუაზე არ ვართ, რომ ქვეყანა ორი-სამი ინდივიდის არასწორ ქმედებებს გადავაყოლოთ

იმ ჭკუაზე არ ვართ, რომ ქვეყანა ორი-სამი ინდივიდის არასწორ ქმედებებს გადავაყოლოთ

გუშინ presage.tv (for.ge)-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი. თავდაპირველად მან ისაუბრა მურმან დუმბაძის ურთიერთობაზე კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ და კონკრეტულად - „რესპუბლიკურ პარტიასთან“. უსუფაშვილის თქმით, დღიდან „რესპუბლიკური პარტიის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დაწყებისა, ყველა საკითხი შეთანხმების გზით წყდება და არც ერთ მხარეს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე. დავით უსუფაშვილის თქმით, მურმან დუმბაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრის შესახებ იცოდა კოალიციის წევრმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრის შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ გაურკვეველია, რა სახის ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს მურმან დუმბაძეს „ქართულ ოცნებასთან“.

Presage.tv -ს კითხვაზე: - „ამერიკის სენატში საქართველოს საკითხის განხილვა, ასევე - ევროკავშირის წარმომადგენლის, ფილიპ დიმიტროვის განცხადება, „მომავალი არჩევნები სერიოზული გამოწვევა იქნება საქართველოსთვის“ - ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად ინტერესდება საქართველოში მოვლენებით, ვიდრე აქამდე“, - დავით უსუფაშვილი ასე პასუხობს: 

„მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ინტერესი დემოკრატიულ სამყაროში არის დიდი და დიდი ხანია, ჩვენც ამაზე ვსაუბრობთ. თქვენც გესმით სხვადასხვა ლიდერების გამონათქვამები ამ თემაზე, ნატოს წარმომადგენლები იქნებიან, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის სრულიად სხვა თვალით დანახული მოვლენა, ვიდრე ეს იყო რომელიმე არჩევნები 2003 წლის შემდგომ პერიოდში. კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებამ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ ძალიან სერიოზული ცვლილებები გამოიწვია საერთაშორისო სამყაროშიც. ეს ცვლილებები უკავშირდება კონკრეტულად იმ ფაქტს, რომ საქართველოში გაჩნდა ხელისუფლების დემოკრატიული ალტერნატივა და ის ვითარება, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა მცდელობებით იყო შექმნილი, თუნდაც გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, როცა ბევრი ოპოზიციური ძალა ვერ ახერხებდა ერთიანი ცენტრის ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

შეიქმნა ძლიერი პოლიტიკური პარტიებით, ძლიერი ლიდერებით დაკომპლექტებული ალტერნატივა და ჩვენმა არა მხოლოდ გამოჩენამ, არამედ ძალიან სერიოზულმა მიზანმიმართულმა საქმიანობამ საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა მნიშვნელოვან ორგანიზაციაში და ყველა მნიშვნელოვან დედაქალაქში, თავისი შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა, ეს ჯერ დასაწყისია. იგივე შეერთებული შტატების კონგრესში კიდევ იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკის სენატორების მხრიდან, რომლებმაც სპეციალურად მიიღეს ზომები, რომ ეს კითხვა-პასუხი გამხდარიყო საჯარო. ეს არ იყო მარტო სიტყვა-პასუხი კონგრესის კედლებში, ეს იყო ყველა იმ მოქალაქის თუ პოლიტიკური ძალის გასაგონად ნათქვამი სიტყვა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. იგივე ხდება ევროკავშირში, ევროპარლამენტში. არ არის გამორიცხული სერიოზული განხილვების, ღონისძიებების და დოკუმენტების მიღება.

ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, რადგან კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს სწორი და ადეკვატური ინფორმირება მიმდინარე მოვლენებზე და მათი მხარდეჭერით არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა. აქვე შევნიშნავ, რომ ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ხელისუფლების ძალიან მძიმე შეცდომებმა, რომლებიც მათ დაუშვეს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე - მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით, ივანიშვილის საკუთრებასთან, კონკრეტულად ოფისთან დაკავშირებული საკითხები, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელმაც მთელი სამოქალაქო საზოგადოება სამართლიანად შეაშფოთა, რეპრესიები კონკრეტული აქტივისტების წინააღმდეგ და, ბოლოს, ის მასობრივი რეპრესიები, რომელსაც დაახლოებით 300-მდე აქტივისტის გამოძახება და მრავალსაათიანი დაკითხვები მოჰყვა, თუმცა, ამ ყველაფერმა თავისი უკუეფექტი გამოიღო ხელისუფლებისთვის. მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ დაინახა, თუ რისთვის ემზადება სინამდვილეში ხელისუფლება. დაინახა, რომ ამ ხელისუფლებისთვის სამართლიანი არჩევნები დანახულია, როგორც პოლიტიკურად სასიკვდილო საფრთხე. 

ამდენად, ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო სერიოზულ განცხადებებს, მაგრამ ეს არ შემოიფარგლება მარტო განცხადებებით. იქნება კონკრეტული ქმედებები არჩევნებთან და სხვა თემებთან დაკავშირებითაც, რათა პოლიტიკური თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. 

თქვენ ნახეთ ხელისუფლების რეაქციაც, რომელმაც მოგვაგონა შევარდნაძის მიმავალი ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციები. გვახსოვს, როგორ გაბრაზდნენ და გაიბუტნენ ისინი უცხო ქვეყნების ელჩებზე, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებზე. ეს ძალიან კარგად გვაგონებს და აკავშირებს ამ მოვლენებს ისეთი ლიდერების განცხადებებთან, როგორიცაა ლუკაშენკო და სხვები, რომლებსაც დასავლეთთან ფუნდამენტური პრობლემები აქვთ. ამ მიმართულების და ამ შინაარსის განცხადებების კეთება დაიწყო ხელისუფლებამ, პარლამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად აქვთ და დაიწყეს დასავლეთის კრიტიკა. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია და რას მოიმკიან ამით, ვნახავთ.

ცხადია არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის  უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა. კონტროლის პალატის მიერ მასობრივი დაკითხვების მოწყობის პროცესში ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ ჩვენი აქტივისტები არ ეპუებიან ასეთ ქმედებებს. დაშინების და მათი წელში გატეხვის ნაცვლად ხელისუფლებამ მიიღო უკუეფექტი. ამ პროცესის შემდეგ ჩვენთან ერთად პოლიტიკურ აქტიურობაში ჩართვის  მეტი მსურველი გამოჩნდა და ეს პროცესიც გაგრძელდება. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, იურისტებს, რომლებმაც დროული ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ობიექტური ინფორმაცია გავრცელებულიყო.

პირველ დღეებში ამაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ  ამ დაკითხვების პირველივე დღიდან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით მოქმედმა ორგანიზაციებმა NDI, IRI უშუალოდ საელჩოს წარმომადგენლებმა, ძალიან ბევრი იშრომეს. ისინი პირადად შეხვდნენ იმ დაკითხულ ადამიანებს და მათი მონათხრობი პირველწყაროდან მოისმინეს. ის, რომ შემდგომ სენატიდან და სხვა ორგანოებიდან ამ პროცესს სათანადო შეფასება მიეცა, ამ ადამიანების შრომის დამსახურებაა და მე ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ ყველამ“.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემა - არ მიცემის საკითხს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი ორივე სცენარით მოვლენების განვითარებისთვის არიან მზად. თუ ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენენ, „ქართული ოცნება“ ასე გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ თუ მოქალაქეობას არ აღუდგენენ, კოალიცია მაინც აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. ამიტომ, უსუფაშვილის თქმით, ორივე შემთხვევა მათთვის მომგებიანი იქნება.

დავით უსუფაშვილი საქართველოს პატრიარქის მიერ დიპკორპუსისადმი მიმართვასაც შეეხო, სადაც ილია მეორემ ელჩებს მომავალ არჩევნებში დახმარება სთხოვა.

„მისი უწმინდესობა გამოირჩევა სიბრძნით და კრიტიკულ მომენტებში, არა მხოლოდ ერის სულიერი მამის დარი მოქმედებებით, არამედ ერისკაცის დარი მოქმედებებითაც. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არ არის რელიგიური თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ყველასთვის და ამიტომ, მხოლოდ მივესალმები მისი უწმინდესობის მცდელობებს, რომ შეიქმნას სათანადო განწყობა, დამოკიდებულება მოსახლეობაში, უნდა დაიძლიოს ნიჰილიზმი, უნდა განვითარდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ქვეყნის სრულფასოვან შვილებად და პატრონებად უნდა იგრძნონ თავი. ამ საკითხებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შემოხიდება და აქტიურობა მხოლოდ მისასალმებელია“- აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

Presage.tv-ს კითხვაზე - როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო ასპარეზზე ირაკლი ალასანიას მიერ შეიარაღებული ფორმირებების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, დავით უსუფაშვილი პასუხობს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და დელიკატური თემაა, რომ ერთი მხრივ, ამ თემებზე უსაგნო საუბარი არის დაუშვებელი, მეორე მხრივ, თუ არის რაიმე საფუძველი და ინფორმაცია, რომ ასეთი რამ ხდება, ამაზე გაჩუმება არის ასევე დაუშვებელი. 

მისივე თქმით, საქართველოს კონკრეტული გამოცდილება აქვს ჩვენივე განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ რაოდენ სახიფათოა ამ ტიპის საკითხებში მოვლენების უკონტროლოდ განვითარება.

„მე ვთვლი, რომ ირაკლი ალასანიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ეს საქმე გაახმოვანა. ამასობაში, არ მგონია, რომ ისეთი რამ გაახმოვანა, რაც რომელიმე თქვენგანისთვის იყო ახალი. მედიასაშუალებებით და საყოფაცხოვრებო კონტაქტებით ყველას ჰქონდა ინფორმაციები, რომ რაღაც გაუგებარი, ოფიციალურ სამართალდამცავ სტრუქტურების საქმიანობაში ვერჩამჯდარი ქმედებები ხორციელდება სხვადასხვა ადგილებში. ამიტომ, საკითხის დასმა იყო სწორი და დროული და საერთაშორისო სამყარომაც ეს ასე მიიღო. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს და არა ის, რომ რაღაც მოხდეს და შემდეგ იმის კონსტანტაცია მოვახდინოთ. ამ, თვალსაზრისით, ირაკლი ალასანიას გაცილებით მეტი ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია აქვს ვიდრე მე და ამიტომ, კოალიციაში მას უფრო მეტად მიჰყავს ასეთი თემები და საკითხები. ჩემი მხრიდან შემიძლია, მხოლოდ ის დავამატო, რომ მაქვს პასუხგაუცემელი კითხვა, მაგალითად - რეზერვისტთა ახალი კონცეფციის თაობაზე. გაუგებარია, რა საჭიროებაა რაღაც მეორე ტიპის რეზერვის სისტემის გაჩენის (ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი), რომელიც სამოქალაქო ხელისუფლებას რაღაც გარკვეულ სიტუაციებში დაეხმარება. რა კრიზისული სიტუაციებია ხელისუფლების მხრიდან დანახაული, რომელსაც სჭირდება ამ ტიპის რეზერვის შექმნა. ჩვენთვის ეს მთლად გარკვეული არ არის, არადა უნდა ვიცოდეთ. კიდევ ვიმეორებ, ეს ხდება იმ დროს, როდესაც რეზერვისტთა ეს ჩვეულებრივი სისტემა არსებობს. 

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს პასუხს, ამ პასუხმა ცოტა არ იყოს მეტი ბუნდოვანება შეიტანა ამ საქმეში, ვიდრე ნათელი მოჰფინა. ამ პასუხში ნათქვამია - რა გაუკვირდა ამ ხალხს, ესენი ხომ ოფიციალური შენაერთების თუ ქვედანაყოფების თანამშრომლები არიანო. თუ უშიშროების საბჭოს ეს წინადადება ვრცელდება ყველა იმ პიროვნებაზე, რომელიც დანართშია ჩამოთვლილი, მაშინ კითხვა ასე ისმება - ჩვენ ვხედავთ იქ ადამიანებს, რომლებიც არ არიან და არ შეიძლება იყვნენ რაიმე ოფიციალურ შეიარაღებულ სტრუქტურაში, თუნდაც იმიტომ, რომ აქვთ ნასამართლვეობა და, თუ მაინც არიან, მაშინ რა საფუძვლით არიან? უკვე ვთქვი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და დელიკატური თემა, აქ რაღაც უსაფუძვლო სპეკულაციები არაფრით არ შეიძლება. ამიტომ უფრო წინ არ წავალ, მაგრამ გარკვეული აზრები კი გვიჩნდება ყველას და ხელისუფლების მხრიდან გვინდა მეტად დამაჯერებელი პასუხები. 

მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაა ვალდებული დაგვარწმუნოს იმაში, რომ არაფერი ხდება, რადგან აქ საუბარია ხელისუფლების ქმედებებზე. მოქალაქემ, მათ შორის - პოლიტიკოსმა, კითხვა უნდა დასვას, როგორც კი ამის საფუძველი გაუჩნდება. ხელისუფლებამ კი ისეთი პასუხი უნდა გაგვცეს, რომელიც ასპროცენტიან დამაჯერებლობას შეიცავს და არა მიკიბვ-მოკიბვით და ბურთის აქეთ გამოგდებით. ეს თემები, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ამ დონეზე შემაშფოთებელი, ჩვენ რომ არ გვქონოდა ჩვენი ისტორიის უკვე გავლილი გარკვეული მონაკვეთები. 

მაგალითად 2007 წლის მოვლენების დროს ჩვენ ვამბობდით, ხომ ხელისუფლება ამზადებს ზონდერბრიგადებს, რომლებიც ოფიციალური ძალოვანი სტუქტურების მიღმა არიან ჩამოყალიბებულნი და რაღაცისთვის არიან მზად. 2007 წლის ნოემბერში ჩვენ ეს ხალხი ვნახეთ მოქმედებაში რუსთაველზე, ზოგი მენაგვეების კოსტიუმებში და ზოგჯერ პოლიციის ქურთუკში და დახეული ჯინსებით. ვნახეთ ეს ხალხი, როგორ უსწორდებოდა დემონსტრანტებს.

ჩვენ 2009 წლის აქციების დროსაც ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლება გარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისა იყენებს სხვა ტიპის ორგანიზებულ ჯგუფებს. გახსოვთ ყოველ ღამე იყო ასეთი შემთხვევები, ზოგს სადარბაზოში ხვდებოდნენ და სცემდნენ, ზოგს რუსთაველიდან იტაცებდნენ და იქვე ფურცელაძის ქუჩაზე უსწორდებოდნენ და ა.შ. ამიტომ საიდან მოგვივიდა ჩვენ ასეთი აზრი, მოახლოებული არჩევნების წინ ხელისუფლება ხომ არ ემზადება უფრო უარესისთვის, მე მგონი აქ კითხვებიც აღარ არის. ხელისუფლებამ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ის არაფრისთვის ემზადება. ამას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან უშიშროების საბჭოს ის პასუხი კითხვას უფრო მეტს ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ ხელისუფლება ვა-ბანკზე წავიდეს და თუნდაც სამოქალაქო ომის პროვოცირება მოაწყოს, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან საქართველო ისე უნდა გაათავისუფლოს, რომ თავად ქვეყანა არ დაზარალდეს. უსუფაშვილის განცხადებით, მართალია ზოგიერთი მოქალაქე „ქართულ ოცნებას“ უმოქმედობაში ადანაშაულებს, მაგრამ კოალიცია თავის ქმედებებს იმის მიხედვით გეგმავს, თუ რამდენად არის ნიადაგი მომზადებული ჩვენი თანამოქალაქეების დაცვისთვის. 

„ჩვენ უკვე რომ არ გვქონოდა გარღვეული კედელი დასავლეთში, მაშინ კონტროლის პალატის ამ ბოლო ქმედებებს მოჰყვებოდა არა 200 და 300, არამედ 2000 და 3000 კაცის ასე დაკითხვა და შეურაცხყოფა, და ბოლოს დანარჩენი მოქალაქეებიც იფიქრებდნენ, რა აზრი აქვს აქტიურობას, როდესაც პარტიები საკუთარ ხალხს ვერ იცავენ? ვინაიდან ჩვენ მოვახერხეთ ამ ადამიანების დაცვა იურიდიულადაც, პოლიტიკურადაც და ინფორმაციულადაც, ამან ხელისუფლება შეაჩერა, მაგრამ ეს მექანიზმები იყო მოსამზადებელი, თავისთავად ეს არ ხდება. დღევანდელი მდგომარეობით სერიოზული ამოცანაა საინფორმაციო სივრცის გარღვევა რეგიონებში, ეს ხერხდება და კიდევ მეტად მოხერხდება. შესაბამისად, რეგიონებშიც აქტიურობა უფრო გაიზრდება. ასე რომ იმ საფრთხეებს და გამოწვევებს, რასაც ხელისუფლების ჩემდა სამწუხაროდ არარაციონალური და არარეალისტური მიზნებიდან ველით, ჩვენ ვუპირისპირებთ ადეკვატურ ტაქტიკას“, - აცხადებს უსუფაშვილი. 

რაც შეეხება სამოქალაქო ომს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ პროცესში უნდა არსებობდეს ორი მხარე, „ქართული ოცნება“ კი მხარე არ იქნება. თუმცა უსუფაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, თავად ხელისუფლებაში მოხდეს გარკვეული დაპირისპირება. დავით უსუფაშვილის თქმით, როდესაც გუნდი ფორმირებულია ძალიან ბევრი არაკანონიერი ქმედებებით გაერთიანებული ადამიანებით, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ დასამალი, ერთმანეთზე აქვთ ძალიან ბევრი კომპრომატი, თუ ისინი დაინახავენ, რომ ყველას ერთად უჭირს და ყველა ერთად ვერ გადარჩება, შესაძლოა, ვიღაცამ ვიღაც გაწიროს, რათა თავისი თავი გადაირჩინოს. უსუფაშვილის თქმით, ამ ტიპის აზრები და შესაბამისი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან არ არის გამორიცხული. იმ პირობებში, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები რაიმე დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვემდებარებაში კი არ არის, არამედ კონკრეტული ინდივიდების სამწყსოდ არის ქცეული, რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხეები არსებობს.

„ამიტომაც არის ხელისუფლება სწრაფად შესაცვლელი, რომ ეს საფრთხეები კი არ შესუსტდება, არამედ გაიზრდება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს იმედი საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის, რომლებიც ამ სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობენ, არიან გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები, მოადგილეები და ა.შ. მთლად ასეც არ არის საქმე, რომ მერაბიშვილს, ახალაიას, ან კიდევ ვინმეს რაღაც თავისი პერსონალური ამოცანების გადასაწყვეტად არმიები და შენაერთები ჰყავდეს უსიტყვო მორჩილებაში. იქ კონკრეტული ადამიანები არიან, ღირსეული მეთაურები, ღირსეული ოფიცრები, ჯარისკაცები და ა.შ. ამიტომ მე არ ველი, რომ საქმე აქამდე მივა, თუმცა ველი, რომ სახელისუფლებო შიდა ფენაში შესაძლოა, გაჩნდეს ამ ტიპის ცდუნებები, რომ ვიღაცის ხარჯზე თავისი თავი გადაირჩინონ. ვსაუბრობ შიდასახელისუფლებო პრობლემებზე, და არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პრობლემებზე, რადგან ოპოზიცია არა მხოლოდ ჩვენს საქმეს გავუმკლავდებით სწორად, არამედ ზოგადად სახელმწიფოებრივად მივუდგებით ყველა საკითხს, და არ ვართ იმ ჭკუაზე, რომ ქვეყანა გადავაყოლოთ ორი-სამი ინდივიდის არასწორ ქმედებებს“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.