ზღაპრები „აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე“ მთავრდება და კრემლი რეგიონის სრული მიერთების პროცესს იწყებს. დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ რეგიონში „პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლად“ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი დანიშნა. იგი მოსკოვის ყველა ანტიქართული პროექტის მხარდაჭერითაა ცნობილი. ტკაჩოვმაც არ დააყოვნა და უკვე გამოვიდა პირველი ინიციატივით, რომელიც „ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას“ ითვალისწინებს.
„აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობაზე პასუხისმგებლობის აღებით, მე ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პერსპექტივაში ჩვენ ერთიანი ეკონომიკური სივრცე შევქმნათ. პრეზიდენტის ამგვარი დნობა ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. აფხაზეთი ხომ ჩემთვის უკვე დიდი ხანია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკა. ყუბანი ხომ ძმებ-აფხაზებთან ერთად იყო ომის დღეებშიც და მას მხარი მისცა ქალაქებისა და სოფლების აღდგენის დროს“, – აცხადებს ტკაჩოვი და ასევე აღნიშნავს, რომ მას აფხაზ სეპარატისტთა გარდაცვლილ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან მეგობრობა აკავშირებდა, ახალ პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან კი “კონტაქტი და ურთიერთგაგება მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი მხოლოდ გამყარდება“.
აფხაზურ ფრონტზე ალექსანდრ ტკაჩოვის გააქტიურება 2004-2005 წლებში თალშისაცემი ხდება. მაშინინდელ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ სერგეი ბაღაფშმა კრემლის ფავორიტი ხაჯინბა დაამარცხა. ამან ტკაჩოვი განარისხა, – თუ მეორე ტურში ისევ ბაღაფში მოიგებს, პენსიებს ვერ ეღირსებითო - ღიად დაიმუქრა. ცნობისთვის, აფხაზები პენსიას კრასნოდარის მხარიდან იღებენ. ამას გარდა, ტკაჩოვმა აფხაზურ მანდარინსაც დაადო ემბარგო. თუმცა, ამანაც ვერ გაჭრა და აფხაზებმა თავისი არჩევანი არ შეცვალეს.
ამიერიდან, აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევა ტკაჩოვის პირდაპირი მოვალეობა იქნება. გუბერნატორებს კი დამოუკიდებელ ქვეყნებში არ ნიშნავენ. ქართველი ექსპერტების თქმით, მედვედევმა აფხაზეთი თავის გუბერნიად ღიად გამოაცხადა.
ორი რეგიონის რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა პრაქტიკულად ყუბანის მიერ აფხაზეთის შთანთქმას ნიშნავს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ექსპანსიის გაგრძელებას წარმოადგენს. კრემლის პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში მყოფი რუსული ბიზნესი მოსკოვისათვის საუკეთოსო იარაღია, რათა მშიერი და მასზე დამოკიდებული აფხაზები დაიმორჩილოს. აფხაზების „დამოუკიდებლობის“ ნარჩენებს კი უეცარი და სრული გაქრობა ელის.
ამ რეალური პერსპექტივის მიუხედავად, „პრეზიდენტმა“ ანქვაბმა ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა, როგორც „კარგი ახალი ამბავი, სიამოვნებით მიიღო“. მისივე აზრით, აფხაზური ინტერესებიდან გამომდინარე ეს დანიშვნა ძალიან ხელსაყრელია:
„ტკაჩოვი დიდი ენერგიით გვეხმარებოდა ჩვენ მანამ ვიდრე ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდნენ. აფხაზეთში მისადმი კარგად არიან განწყობილნი, ვინაიდან აფხაზეთში მისი სახელით ბევრი კეთილი საქმეა გაკეთებული“.
როგორც ანქვაბი აღნიშნავს, აფხაზეთისათვის ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა მომგებიანი იმიტომაცაა, რომ იგი კარგად იცნობს იმ პრობლემებს რომლებიც აფხაზეთს აქვს და მისი ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათ, მრავალი პრობლემის მოგვარება გაცილებით უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი: „ამიტომაც არაფერი შემთხვევითი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ არის. ეს ძალიან კანონზომიერი გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით“.
ამასთან, ანქვაბმა მხარი დაუჭირა ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის „ელჩს“ სემიონ გრიგორიევს, რომლის მისამართითაც ბოლო დღეებში ტკაჩოვის დანიშვნის კონტექსტში მრავალი არაერთმნიშვნელოვანი შეფასება გაჟღერდა. ანქვაბის სიტყვებით, „რუსეთის ფედერაციას აფხაზეთში ჰყავს ღირსეული ელჩი და მისი პოლიტიკა არც ისე უკბილოა, როგორც ზოგიერთები ამის ხაზგასმას ცდილობენ“.
თავად „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი კი „იმედოვნებს“, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება „ყველა აუცილებებლი გადაწყვეტილება“ მასსა და მედვედევის მიერ აფხაზეთში პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშნულ ალექსანდრე ტკაჩოვს შორის ფუნქციების განაწილების თაობაზე.
ტკაჩოვის დანიშვნა თბილისში გააპროტესტეს. დეპუტატები ამბობენ, რომ მედვედევის ეს ბრძანებულება ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან ოფიციალურად მიერთებას ნიშნავს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან რეაგირებას ელიან. დავით ბაქრაძის შეფასებით, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის – ტკაჩოვის აფხაზეთში რწმნებულად დანიშვნა უპრეცედენტო ფაქტია:
„შემაშფოთებელია, რომ ეს ნაბიჯი ოლიმპიადის ქვეტექსტით კეთდება. ის არ კმარა, რომ აფხაზეთში საოკუპაციო ჯარი დგას და ყველაფერი რუსეთის და ოკუპანტი ჯარის მხრიდან კონტროლდება?! ახლა უკვე პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ადგილობრივ მარიონეტულ ხელისუფლებას პირდაპირი უფროსი დაუნიშნეს, რომელმაც აფხაზეთი ფაქტობრივად უნდა მართოს.
ეს არა ამ ტერიტორიის ოკუპაციაა, არამედ ანექსია და იმის ჩვენება, რომ არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი არ არის. რა ინფორმაციაც მაქვს, აფხაზებიც კი შეშფოთებულები არიან, რადგან ამით კრასნოდარის მხარესთან აფხაზეთის მიერთება ხდება. ეს ბრძანებულება ოლიპიური თამაშების ჩატარებას უკავშირდება. მინდა დავსვა საკითხი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ და ოლიპიურმა კომიტეტმა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართონ და საქმის კურსში ჩააყენონ“ – აცხადებს პაატა დავითაია.
საგარეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სოხუმში ადგილობრივი ხელმძღვანელობისადმი უნდობლობის გამო მოსკოვს აფხაზეთში კონტროლისათვის დამატებითი მექანიზმი შეჰყავს: „რუსეთმა აღმოაჩინა, რომ არ შეიძლება ოკუპაციური რეჟიმის ნდობა და ამიტომ დაიწყო გენერალ-გუბერნატორების დანიშვნა, ესე იგი რწმუნებულების, - განაცხადა ვაშაძემ.- აქ არაფერია გასაკვირი. თქვენ გახსოვთ, ვის ნიშნავდა მესამე რეიხი? ახლაც გაულიაიტერია დანიშნული“.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული შეშფოთება აფხაზებშიც შეინიშნება. ცოტა ხნის წინ, ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ძალიან მალე აფხაზეთი დამოუკიდებლობას დაკარგავდა და რუსეთის გუბერნია გახდებოდა. „რუსეთის კაცისგან“ ასეთ განცხადებას არავინ ელოდა. 2004 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ მას პირადად ვლადიმერ პუტინი უჭერდა მხარს. როგორც ჩანს, ხაჯინბას პროგნოზის ასრულების დრო მოახლოვდა.
თავის მხრივ, ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე არამბი ხაპაი სააგენტო „Натпресс“–თან
საუბრისას ამბობს, რომ „ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა, განსაკუთრებით მისი მეორეჯერ გუბერნატორად მოვლინების პარალელურად, კარგს არაფერს გვიქადის“. მან ასევე აღნიშნა, რომ „საინტერესო იქნებოდა იმის გაგება თუ რას ფიქრობენ თვით აფხაზები და დაეკითხნენ თუ არა მათ ამ დანიშვნის თაობაზე“.
ამასთან ერთად ხაპაიმ აღნიშნა, რომ საეჭვოა ალექსანდრე ტკაჩოვს თავი კარგ ხელმძღვანელად წარმოეჩინა; მან მიუთითა კრასნოდარის მხარეში სამართალდარღვევების დიდ რაოდენობაზე - დაწყებული უკანონო მშენებლობის მასობრიობითა და გადასახადების გადაუხდელობით, ასევე კრიმინალური განუკითხაობებით დამთავრებული: „კიდევ რამდენი „კუშევკა“ უნდა მოხდეს, რათა საპასუხოდ რუსეთის ხელმძღვანელობამ ის მორიგი ორდენით დააჯილდოვოს, ხოლო დამატებით დანიშნოს სპეცწარმომადგენლად - უკვე არა აფხაზეთში, არამედ, ვთქვათ, გაეროში?“.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ტკაჩოვის დანიშნვას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს: „ამ მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციით რუსეთი ცდილობს, სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში აფხაზეთის თავის სხეულში სრული ინტეგრაცია უზრუნველყოს“.
„ამ გადაწყვეტილებით აფხაზეთი ფაქტობრივად, კრასნოდარის მხარის ნაწილი ხდება, ტკაჩოვი კი - მისი რეალური მმართველი. რუსეთი ცდილობს, მართვის ერთიანი სისტემა შექმნას, რადგან ალექნსადრე ანქვაბს არ ენდობა. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვი დღეს ძირითად აქცენტს ოლიმპიადისთვის აფხაზეთის ტურისტული ობიექტების გამოყენებაზე აკეთებს, ტკაჩოვი ყველაფრის მაკონტროლებელი ხდება“.
ამასვე უკავშირებს ზაქარეიშვილი ტკაჩოვის ინიციატივას „ერთიანი ეკონომიკური სივრცის“ შექმნის თაობაზე: „ეს იმისთვის კეთდება, რომ მართვა უფრო ეფექტური იყოს“.
რაც შეეხება ქართული მხრიდან აუცილებელ საპასუხო ნაბიჯებს, კონფლიქტოლოგის აზრით, „საქართველოს ხელისუფლებამ ამის საპირწონედ აფხაზებს სამეგრელოში იაფი ეკონომიკური გარემო უნდა შეუქმნას“:
„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ გადმოსვლას, დავანახოთ, რომ აქ ყველაფერი უფრო იაფია, რადგან იქ ფასები ახლა ძალიან გაიზრდება. ამავე მიზნით უნდა გავამარტივოთ პირადობის მათი მოწმობებით გადაადგილება, აფხაზური ავტონომრებით მოძრაობა. როცა ამ ყველაფერს დაინახავენ, მეტი შანსი გვექნება, თუ არადა ისევ იგივე მდგომარეობაში დავრჩებით“.
ზაქარეიშვილის თქმით, ამ დანიშვნას არანაირი საერთო არ აქვს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან: „ეს სულ სხვა თემაა და მაზე პასუხი სააკაშვილს უნდა მოვკითხოთ, თუ რატომ გააუქმა ქართულ - აფხაზური ურთიერთობები. ტკაჩოვის დანიშვნის მიზანი კრასნოდარის მხარეში აფხაზეთის ინტეგრაციის მეტად გარღმავებაა“.