გზაგასაყარზე

გზაგასაყარზე

ცოტა ხნის წინ „შპიგელში“ გამოაქვეყნებულმა ინფორმაციამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია გამოიტანა სააშკარაოზე: 1. „შპიგელის“ თანახმად, სააკაშვილს განუცხადებია: „საქართველო მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა არავისი იმედი არ უნდა ჰქონდეს“. თავისი არსით, ქართული საგარეო პოლიტიკისთვის ეს საეტაპო ფრაზაა: დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ახალ ათვლის წერტილად იქცევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიდგომებში, თუმცა უკვე მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე დაფიქრდა.

2. არანაკლებ ნიშანდობლივია თავად „შპიგელის“ კომენტარიც, რომ „ამერიკული სპეცსამსახურების აჩრდილად წოდებული უსაფრთხოების კომპანია „სტრატფორის“ ელექტრონული მიმოწერა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისრაელმა 2008 წელს (აგვისტოს ომამდე) რუსებს უპილოტო საფრენი აპარატების (რომლებიც მანამდე ისრაელმა საქართველოს მიჰყიდა) კოდები გადასცა, რისთვისაც მოსკოვისგან მიიღო ინფორმაცია რუსული მოდელის ირანული რაკეტების შესხებ“. 

ამ ინფორმაციამ ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის წინ საქართველოსთვის სასიგნალო მნიშვნელობა უნდა შეიძინოს: თუ ზემოთმოყვანილი ვარაუდი სწორია და საქართველო ერთხელ უკვე აღმოჩნდა „რაზმენნაია მონეტას“ როლში ისრაელ-ირანის ურთიერთობებში (ანუ ერთხელ უკვე „გაგვცვალეს“ ირანზე), რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული კვლავ იგივე როლი მოგვაკუთვნონ მსოფლიო მასშტაბის მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტში და თუ საქართველო ამ როლს ამჯერად მაინც არ შეეწინააღმდეგება, მისთვის შედეგები გაცილებით დამღუპველი იქნება. მეორე მხრივ, ეს იმის თვალსაჩინო მაგალითიცაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რუსეთისთვის, თუნდაც იგივე ირანთან შედარებით.

ახლა იმის მაგალითი მოვიყვანოთ, როგორ იქცევიან  ჩვენი უახლოესი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი, როცა საქმე მათ სახელმწიფო ინტერესებს ეხება.

აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენს ახლო სამეზობლოში სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის, ჭეშმარიტად ფილიგრანული, აღმოსავლური დიპლომატიის წარმოების მაგალითად. ამჯერადაც მისი გადაწყვეტილება 40-ჯერ გაუზარდოს რუსეთს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის იჯარის ფასი, მეტყველებს იმაზე, რომ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაშიც კი, კარსმომდგარი სირიისა და ირანის კრიზისის პირობებში, აზერბაიჯანი ახერხებს მაქსიმალურად სარგებლიან პირობებზე ეთანამშრომლოს აქეთ რუსეთს და იქეთ ამერიკას (ის, თუ რამდენად ძვირად უფასებს იგი ამერიკას შესაძლო მხარდაჭერას ირანის საკითხში, აზერბაიჯანელი დეპუტატების იმ ინიციატივიდან ირკვევა, რომლებიც აზერბაიჯანისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის სამხრეთ აზერბაიჯანის წოდებას ითხოვენ, იმ მოტივით, რომ დღევანდელი აზერბაიჯანი ორ: ჩრდილო და სამხრეთ ნაწილადაა გაყოფილი და ჩრდილო ნაწილი, ფაქტობრივად, ირანის მიერაა ოკუპირებული. ეს ინიციატივა პირდაპირი კენჭის სროლაა ამერიკელების ბოსტანში: აზერბაიჯანელები პრეტენზიას აცხადებენ ქვეყნის გაერთიანებაზე და როცა ამერიკა აზერბაიჯანს ირანის საკითხში დახმარებას სთხოვს, იქ აზერბაიჯანელთა ეს სურვილიც არ უნდა დაავიწყდეს).

მეორე მხრივ, ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, თუ რამდენად ძვირად უღირს თავად რუსეთს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, სხვადასხვა ხარისხით, თავისი გავლენის შენარჩუნება და რამდენ დათმობაზე შეიძლება წავიდეს ის იმ სიტუაციაში, როცა ფაქტობრივად ხელიდან ეცლება ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენის ბოლო ბასტიონები სირიისა და ირანის სახით. და ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რასაც ეს მაგალითი გვიჩვენებს: როგორ ეფექტურად შეეძლო და როგორ მომგებიან პოზიციაში იქნებოდა ახლა საქართველო კედელთან მიყენებულ რუსეთთან ურთიერთობაში, რომ არა არსებული კონფრონტაციული ურთიერთობები.

იშვიათად საინტერესოა სომხეთის გარშემო განვითარებული პროცესებიც, ისევ და ისევ ირან-სირიის საკითხების გამწვავების ფონზე: როგორც ირკვევა, ზაფხულში დაგეგმილია ამერიკის ეგიდით სომხეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებები, რასაც შემოდგომაზევე მოჰყვება უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ამჯერად უკვე რუსებთან. ის სომხური მედია საშუალება, რომელიც ამ ინფორმაციას აქვეყნებს, ძალზედ საინტერესო ანალიზსაც ურთავს იმის თაობაზე თუ რამდენად აუცილებელია, რომ სომხეთმა მაქსიმალური მოგება ნახოს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესთა შეჯახებიდან თუ თანამშრომლობიდან რეგიონში, ისე რომ დარჩეს მოთამაშედ (და არა გასათამაშებელ პარტიად!) მისთვის ძალზედ მნიშვნელოვან თამაშში ისე, რომ არც დასავლეთის რუსეთზე შეტევის მონაწილედ იქცეს და არც რუსეთის მხრიდან დასავლეთზე მიტანილი კონტრშეტევის პლაცდარმად. დამეთანხმებით, რომ სამაგალითოა ჩვენი უახლოესი მეზობლების ხელისუფალთა თუ სტრატეგთა ხედვები და სახელმწიფოებრივი მიდგომები.

ჩვენთან კი დიდი ხანია, რაც საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების წარმოებისას სახელმწიფოებრივი ინტერესები ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებს ექვემდებარება. მოახლოებული არჩევნების და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე გარდამტეხი პროცესების ფონზე კი დიდია რისკი იმისა, ხელისუფლების შენარჩუნებაში გადახდილი ფასი გამოუსწორებელი კატასტროფით მოუბრუნდეს საქართველოს. ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ 2008 წელს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ცნობის დროს რუსეთი დასავლეთს კოსოვოს პრეცედენტს ცხვირწინ უტრიალებდა. სულ ახლახანს, კიდევ ერთი საქართველოსთვის მძიმე პრეცედენტის მოწმე გავხდით: 24 თებერვალს ბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, „სერბეთი მართალია ოფიციალურად არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ნებას რთავს მას დამოუკიდებლად წარსდეგს საერთაშორისო არენაზე. კოსოვოს ხელისუფლებას შეეძლება საკუთარი სახელით გამოვიდეს ყველა რეგიონალურ ფორუმში და ხელი მოაწეროს ახალ ხელშეკრულებებს“ - ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო „ფრანს-პრესი“. სანაცვლოდ სერბეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

საუბრები იმაზე, რომ ჩვენს შემთხვევაშიც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თუნდაც ეტაპობრივი (სერბეთ-კოსოვოს მსგავსად), სხვადასხვა ტერმინებით შელამაზებულ-შეფარული აღიარება, შეიძლება ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებელი ხარკი იყოს, არ ახალია, ძველია. ამიტომ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს თემა ზემოთხსენებულ საერთშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებთან გაწევრიანების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების პროცესში, უმძიმეს ტვირთად დააწვება საქართველოს არაერთ ხელისუფლებას.

ამ პროცესში მთავარია საზოგადოებამ შეძლოს ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ვინმეს ხელისუფლების შენარჩუნების ფასად არ გვექცეს.

მთავარი, რაც დღეს ჩვენს გარშემო მიმდინარე ეპოქალური რეგიონალური ძვრების ფონზე, ჩვენს დიპლომატიას მართებს, არის ის, რომ მოახერხოს და დაანგრიოს კლიშეებით აზროვნება. თუნდაც იგივე თურქეთის აღზევების და რეგიონალური ლიდერის მზარდი ამბიციების ფონზე, გამორიცხული არ არის, რუსეთს დაუბრუნდეს რეგიონში ბალანსის ისტორიული როლი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ საქართველოს არჩევანია იქცეს ამ ორი რეგიონალური გიგანტის  მეტოქეობის ობიექტიდან პარტნიორობის სუბიექტად.

იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, იწყება მსოფლიო რუქის გადაწერის პროცესი, საქართველომ უნდა შეძლოს და იპოვოს თავისი ახალი როლი. ჯერჯერობით, საქართველოს რეგიონში „დემოკრატიის ფანტომის“ როლი აკისრია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია იგივე აშშ-ის შორსმიმავალი მიზნებისთვის ახლო აღმოსავლეთში: თუ ლიბიაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს განვაზოგადებთ, სადაც უკვე დაიწყო ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონის ავტონომიის მოთხოვნის პროცესი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს  აშშ-ის გეოპოლიტიკურ-ენერგეტიკული ინტერესების შესაბამისად, რეგიონის რუკის გადაწყობის მცდელობასთან (ახლა ამაზე არავის საუბრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ აშშ-ის ანალიტიკურ სანახებში როგორც დასაშვებობა დამუშავებულია „დიდი ქურთეთის“ თემაც, მის მიერ გაზაფხულით გაერთიანებული სახელმწიფოების ფარგლებში მცხოვრები ქურთული თემების გაერთიანების ხარჯზე, რომლებზეც მოდის რესურსებით ყველაზე მდიდარი რეგიონები). ამისთვის კი ამერიკას სჭირდება „არაბული გაზაფხულით“ გაერთიანებული ქვეყნების რიცხვის გაფართოება და შემდეგ მათი განმტკიცება. აი, “განმტკიცების“ საქმეში კი საქართველოს, როგორც „რევოლუციის შემდგომი აყვავებული დემოკრატიის ფანტომს“ სამაგალითო  როლის შესრულება შეუძლია. მაგალითად, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სულ ახლახანს „აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიწვევით  ტუნისში იმყოფებოდა, სადაც პროგრამა ”ამომავალი ვარსკვლავის” ფარგლებში ტუნისის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გამოცდილება გაუზიარა“.

ამ ფანტომის ტირაჟირება მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება აშშ „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში რევოლუციის შემდგომ პერიოდებში. „გაზაფხულის“ გზით რეგიონის ფართომასშტაბიანი ათვისების გზაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა ეგვიპტეში მიმდინარე პროცესები აშშ-ის არასამთავრობოების წინააღმდეგ: ქაიროში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი „ეგვიპტის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების უკანონო საქმიანობის შესახებ. ადგილობრივ არასამთავრობოებთან კავშირში, ქაოსისა და არასტაბილურობის გაღვივებაში ეგვიპტის ხელისუფლება ბრალს სდებს აშშ-ის საყოველთაოდ ცნობილ ეროვნულ-დემოკრატიულ (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსიტუტებს (IRI), Freedom House-სს, გერმანიის კონრად ადენაუერის ფონდს და ა.შ. ეგვიპტის სპეცსამსახურების აზრით, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობოები ცდილობდნენ  სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და მისი პოსტრევოლუციური განვითარების წარმართვას აშშ-ისა და ისრაელისთვის ხელსაყრელი მიმართულებით. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ ფართო მასშტაბები მიიღო და გადაიზარდა ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში ეგვიპტის საშინაო საქმეებში უცხოეთის ჩარევის წინააღმდეგ.“

ამ ტიპის პროცესები ძალიან ცუდი პრეცედენტია აშშ-სთვის. საპირწონედ არსებობს საქართველო, როგორც „სამოდელო სახე“, მიზანი (ფანტომი) რომლისკენაც უნდა მიისწრაფვოდნენ, რომელსაც დაუსახავს ამერიკა „გაზაფხულის“ რიგში ჩამდგარ ქვეყნებს. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოახლოვებული არჩევნების წინ, ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ეს შანსია საქართველოსთვის: რადგან ამ ფანტომის სამოდელო როლისთვის თანაბრად დამღუპველია ისიც, რომ თავად ძალადობით და გაყალბებით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ისიც, რომ რევოლუციის გზით გადააგდონ ხელისუფლებიდან. ასე რომ, გვინდა გვჯეროდეს, რომ ამერიკისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის, ობიექტურობისა და სამარლიანობის ეგიდით წარიმართოს. და თუ ამერიკელთა ბოლოდროინდელი კომენტარებით და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციებით ვიმსჯელებთ, ამ იმედს რეალური საფუძველი აქვს. თორემ არც ათწლეულების მანძილზე აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორ ეგვიპტელებს ჰქონიათ სურვილი ამერიკელებში პარტნიორის ნაცვლად მოძალადე დაენახათ.