უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოში ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში უცნაური გამოცოცხლება შეიმჩნევა. მაგალითად, რუსული გამოცემა „Новые хроники“-ის ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს“. როგორც გამოცემა წერს, „ახალი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსგან დამოუკიდელობა სურს, შესაძლოა, თანამედროვე საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახკის ისტორიულ რაიონში ჩამოყალიბდეს“. მისივე ცნობით, ადგილობრივი დიასპორა საქართველოს ნატო-ს სამხედრო ბლოკთან მიერთების კატეგორიული წინააღმდეგია და პრეზიდენტ სააკაშვილის ამ საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერი აგას არაბიანი აცხადებს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანული მოსახელობით დასახლებულ ბორჩალოს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები ბორჩალოს საზოგადოებრივ პარლამენტს ქმნიან. ამის შესახებ „რეგნუმს“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა კონფედერაციის პრეზიდენტმა დაშგინ გიულმამედოვმა განუცხადა. ყოველივე ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში აჩენს ეჭვებს, ხომ არ კეთდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური ბატალიებიდან რეგიონალურ საკითხებზე იქნეს გადატანილი. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ მხრივ მართლაც არსებობდეს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის რეალური საფრთხე და საერთოდ რატომ გახდა ეს თემა ასე აქტუალური, ამაზე presage.tv-ს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ესაუბრება. მამუკა არეშიძე: „რატომღაც ქართველი ჟურნალისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ორგანიზაციას, რასაც ქვია „ჯავახკის მოსკოვის ფილიალი“ და მის განცხადებებს. ეს არაბიანი, რომელიც ამ განცხადებების ავტორად გვევლინება, რომ გითხრათ, რომ რაღაც სერიოზული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გვევლინება, ასე არ არის. გარდა ამისა, მის განცხადებებს როდესაც კითხულობ, ყოველთვის გიჩნდება ასეთი განწყობა - ჯერ ერთი, ეს ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად იტივტივოს პოლიტიკურ სივრცეში, თავისი თავი შეახსენოს საზოგადოებას და მეორე არის ის, რომ მისი განცხადებები ხშირ შემთხვევაში, ინსპირირებულია რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ. ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს ჯავახეთში. ყველამ იცის ჯავახეთში მისი წარმომავლობისა და მისი მდგომარეობის შესახებ. ის არ არის ისეთი პიროვნება, რომლითაც შეუძლია რეგიონს თუ რაიონს იამაყოს. შემიძლია დელიკატურად მხოლოდ ეს გითხრათ. რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი რღვევის საფრთხე ამ მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ საფრთხეს ამ წუთში მე ვერ ვხედავ. ოფიციალური ერევნის მხარდაჭერის გარეშე, ჯავახეთში არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც საქართველოს შეუქმნის საფრთხეს. ოფიციალურ ერევანს კი დღეს არ აწყობს არანაირი კონფრონტაცია საქართველოსთან იმიტომ, რომ სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული იმ კომუნიკაციაზე, რომელიც საქართველოზე გადის. ეს ერთი და მეორე - სომხებისთვის ახალი კონფრონტაციის თემა გადაუწყვეტელი ყარაბაღის ფონზე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თუმცა სკეპტიკოსს შეუძლია თქვას, რომ ჯავახეთში არსებობს რუსული აგენტურული ქსელი, რომელიც იქ ჯერ კიდევ ბაზის პერიოდიდან არის შემორჩენილი და რომელსაც შეუძლია გარკვეული დაძაბულობა შექმნას რეგიონში, თუ რუსეთს ეს ძალიან მოუნდა. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ამ ქსელის მეშვეობით იქ სიტუაციის დრამატულად შეცვლა ჩემთვის წარმოუდგენელია. საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომელიც ავტონომიაზეა ორიენტირებული, მაგრამ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ იქ ხმის ამომღები არავინ არის. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიის თემა შეიძლება გაააქტიურონ, თუკი საჭირო გახდა, ისიც ვიმეორებ, რუსეთის მუშაობის შედეგად. ასე რომ, არაბიანის განცხადებები ისეთ საშიშროებას არ შეიცავს, როგორც ეს ზოგიერთს თბილისში წარმოუდგენია. არ ფიქრობთ, რომ მოვლენათა დამთხვევა შემთხვევითი არ არის? - სხვა საკითხია, რომ ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. ჯავახეთის მიმართულებით კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები და ქვემო ქართლში კი რაღაც ორგანიზაციას ქმნიან, რომელსაც ჰქვია „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი“. გიულმამედოვზე, რომელმაც ეს განაცხადა, ვერ ვიტყვი, რომ უჭკუო კაცია და განათლება მიღებული არ აქვს. ის საკმაოდ მცოდნე პიროვნებაა, მაგრამ ისიც ავანტურული ბუნების ადამიანია. ჩამოთვლილი ორგანიზაციები, რომლებიც ვითომდა ქმნიან ამ საზოგადოებრივ პარლამენტს, პრინციპში, მარნეულის მოსახლეობის დიდ ნაწილს არაფერს ეუბნება იმიტომ, რომ მათი აქტივობის თაობაზე ბევრს არაფერი სმენია. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია საერთოდ შეთხზულია, ყოველ შემთხვევაში, აქედან ერთ-ერთი ორგანიზაციის არსებობის თაობაზე არაფერი გამიგია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მარნეულის რაიონის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრს. თუმცა ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ, რომ ესეც გარკვეულწილად ინსპირირებულია რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ იმიტომ, რომ ეს კაცი დიდხანს მუშაობდა რუსეთში და იქ ძალიან კარგი კავშირები აქვს. და რა შედეგები შეიძლება ამან მოიტანოს? - ოფიციალური ბაქოს პოზიციის გარეშე იქ ვერაფერი ისეთი ვერ განხორციელდება, რაც საქართველოს შეუქმნის საფრთხეს. თავისთავად ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სახელმწიფოს სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ტიპის ექსცესები თავის ტერიტორიაზე არ დაუშვას და ამას გაგებით შეხვდებიან, როგორც ერევანში, ასევე ბაქოში, დარწმუნებული იყავით. თუმცა, ერთ რამ უნდა ითქვას, თუ ჩვენ ეროვნული პოლიტიკა არ გამოვასწორეთ და იმ რეგიონების მდგომარეობა არ შევცვალეთ, რასაც ქვია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, ყოველთვის ასეთი საფრთხის წინაშე ვიქნებით. თქვენ ახსენეთ რუსული სპეც-სამსახურები, რომელთა ინტერესებსაც შეიძლებაატარებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ სეპარატისტულ განცხადებებსაკეთებენ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება აგონიურ მდგომარეობაშია,თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, ხომ არ ხედავთ იმისსაშიშროებას, რომ ხელისუფლებამ რეგიონებში დაძაბულობის მომატებას ხელიშეუწყოს იმისთვის, რომ აქაური პოლიტიკური ცხოვრებიდან სხვა რამეზეიქნეს ყურადღება გადატანილი? - რასაკვირველია, ასეთი რამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებაში არის ისეთი ვინმე, რომელსაც ჰგონია, რომ ბოთლიდან ჯინის გამოშვების შემთხვევაში, მერე ამ ჯინის უკან დაბრუნება იოლი იქნება, ძალიან ცდება. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არის ინსპირირებული იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაში. ასე რომ, შეიძლება თქვენი ეჭვი იყოს საფუძვლიანი, მაგრამ ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია, რომ ამ ეჭვის გაქარწყლებას შევეცდებოდი. ქვემო ქართლში ე.წ. „საზოგადოებრივი პარლამენტის“ შექმნა დროში საეჭვოდდაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტს. ამ ვიზიტთანდაკავშირებით საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2020 წლისფეხბურთის ჩემოპიონატის ერთობლივი მასპინძლობის საფასურადსააკაშვილმა ალიევს შესთავაზა საქართველოში მცხოვრებიაზერბაიჯანალებისთვის კულტურული ავტონომია. ამასთან დაკავშირებითრას ფიქრობთ? - კულტურულ ავტონომიასთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ თქმულა. კულტურული ავტონომია დევს ნებისმიერ საერთაშორისო დოკუმენტში, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ეხება და ასევე დევს ჩვენს კონსტიტუციაში. მაგრამ ზუსტად იმაშია საქმე, რომ რადგანაც ჩვენ გვაქვს გაუმართავი რეგიონალური პოლიტიკა და შესაბამისად, გაუმართავი ნაციონალური პოლიტიკა, ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას უხდება ხოლმე ლავირება და რეაგირება კონკრეტულ მოვლენებზე, რაც იწვევს ასეთი ტიპის დაპირებებს და გამონათქვამებს. მე არ ვიცი რეალურად დაპირდა თუ არა სააკაშვილი ამას ოფიციალურ ბაქოს, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდა, რადგან ასეთი შემთხვევები გვქონია სხვა დროსაც, მაგალითად, რამდენჯერმე თურქეთთან მიმართებაში, იგივე აზერბაიჯანთან მიმართებაში. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების რეგიონალური პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და სპონტანური ქმედებების გამო, ხშირ შემთხვევაში, იძულებულია მეზობლებთან დათმობებზე წავიდეს. მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონებთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საზოგადოების აღშფოთებას იწვევს ხოლმე. ასევე მარნეულის რაიონში სომხეთთან მიმართებაში დათმობილი ტერიტორიები, აზერბაიჯანთან მიმართებაში დათმობილი ტერიტორიები, იგივე სოფელ ერისიმედის საკითხი, დავით-გარეჯის თემა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის გაუგებარია ხელისუფლების ქმედება. მე შედარებით ინფორმირებული ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი რეგიონალური პოლიტიკისა, რომელიც სტრატეგიაზე არ არის აგებული და ამა თუ იმ მოვლენაზე წამიერი რეაგირების შედეგია. |