„ეჭვი მეპარება, დასავლეთის დიპლომატიამ ალასანიას განცხადებას მძიმე რეაქცია არ მოაყოლოს“

„ეჭვი მეპარება, დასავლეთის დიპლომატიამ ალასანიას განცხადებას მძიმე რეაქცია არ მოაყოლოს“

ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მასობრივი ტერორი უკვე ლოგიკის ჩარჩოებს სცილდება. ხელისუფლების მსგავსი ქმედება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გახდეს მასობრივი გამოსვლებისა და საპროტესტო ტალღის აგორების საფუძველი.

რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებისგან, როგორ შეიცვლება დასავლეთის განწყობა, ერთი მხრივ, ქართული ოპოზიციური სპექტრის, ხოლო მეორე მხრივ - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის მიმართ, ან გაუძლებენ თუ არა  ხელისუფლება  და ოპოზიცია არჩევნებამდე ნერვების ჭიდილს, ამ თემებზე ქართველი ექსპერტები გვესაუბრებიან.

საქართველოში მიმდინარე პროცესები ყოველთვის წარმოადგენს დასავლეთის ინტერესის საგანს. ექსპერტი  სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთი თავის წარმოდგენებში ერთგვაროვანი იყოს. რადგან დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ გემოვნების ამბავია. ცისკარიშვილის ვარაუდით, ზოგი ფიქრობს, რომ  შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ჭირს, ხოლო სხვები სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ სჯობს სხვა და ახალი, ვიდრე ის, რაც გვაქვს და არ მოგვწონს. ამიტომ, შეიძლება ერთი და იგივე ქვეყნის ელიტაშიც იყოს განსხვავებული აზრები ამ მიმართულებით.

„ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო აბსოლუტური თავისტკივილია ნებისმიერი დასავლური ხელისუფლებისთვის, რადგან მათ საკუთარი უზარმაზარი  დავები გააჩნიათ, როგორც პოლიტიკურ, ასევე - ეკონომიკურ სფეროებში და ამიტომ ურჩევნიათ, საქართველოში იყოს სიმშვიდე და არ იყოს მუდმივი ინტერესის საგანი ის უკმაყოფილება საზოგადოებისა, რომელიც სულ უფრო მძლავრად ისმის მათ კარზე. ამიტომ, ცხადია ინტერესი ივანიშვილის მიმართ არსებობს და არსებობს შესაძლებლობა, სააკაშვილის ნაბიჯების შეფასებისაც.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურ ნეგატიურ ინფორმაციაში, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი თავისი თანაშემწეებისგან იღებს, სისტემატურად, ერთმანეთზე არაადექვატური ნაბიჯები აქვს სააკაშვილს გადადგმული,“- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ადრე თუ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრა ქართული ოპოზიციისთვის დიდი და ღირშესანისნავი მოვლენა იყო, დღეს საქართველოში ჩამოსული პოლიტიკოსების თუ ელჩების ინტერესი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პარტიების მიმართ საკმაოდ დიდია.

სოსო ცისკარიშვილი უცხოელი სტუმრების ამ ინტერესს  პოლიტიკაში ივანიშვილის მოულოდნელი შემოსვლით ხსნის.

„იმდენად მოულოდნელი იყო ივანიშვილის პირველი განცხადებები, რომ ძნელია გადააჭარბო იმ ინტერესს, რომელიც  გასული წლის შემოდგომაზე წარმოიშვა. მითუმეტეს, როდესაც ჯერ არჩევნებისთვის მზადების რუტინული პროცესია და ამ ეტაპზე რაიმე სახის პიარაქციები ამ პოლიტიკური კოალიციის თვითმიზანი არ არის. ამის დროც დადგება, ანუ აქტუალიზაცია უფრო მეტი იქნება და მაშინ მოხდება დასავლეთის მხრიდან იმ ინტერესის შესაბამისად გამოხატვა, რომელიც ცხადია, არსებობს. თუმცა, არ შეიძლება ეს იყოს მუდმივად მზარდი ინტერესი“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

სააკაშვილს ვერ დავწამებთ, რომ დასავლეთის ყურადღების ცენტრში ვერ მოექცა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის დროს. მერე საკუთარი თავის რეფორმატორ და დემოკრატ ლიდერად წარმოჩენასაც შეეცადა, თუმცა რაც დღეს საქართველოში ხდება, დასავლეთს აიძულებს სურს თუ არა, საქართველოს მიმართ ინტერესი, უფრო კი ყურადრება, არ შეანელოს

 „იმდენად მძიმე მოსასმენი იყო ის, რაც ალასანიამ ილაპარაკა დიპლომატებთან შეხვედრისას, იმდენად მძიმე რეალობას ასახავდა, რომ ძალიან მეპარება ეჭვი,  დასავლეთის დიპლომატიამაც ასეთი მძიმე რეაქცია არ მოაყოლოს. ალასანიას გამოსვლაში პირდაპირ იყო ხაზგასმული, რომ სანამ გვიან არ არის, დასავლეთი უნდა ჩაერიოს იმ პროცესებში, რაც ხდება საქართველოში“ - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საკითხი არჩევნების ფარგლებს სცდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. მისი განმარტებით, დიპლომატებთან შეხვედრისას იყო საუბარი აფხაზეთის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზეც, რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდეც მიგვიყვანოს.

საუბარია ზუგდიდის რაიონში მოსახლეობის მასობრივ შეიარაღებაზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა მოტივით მიმდინარეობს.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, ასეთი შეფასებაც კი გავრცელდა, რომ რაც 2008 წლის ომის დროს, რაც სამხრეთ ოსეთში მოხდა, როდესაც იქაურ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა შეუიარაღებელი შეხვდა ოკუპანტებს, ამიტომ მსგავსი პროცესის პრევენციისთვის რიგდება იარაღი ზუგდიდში. ეს ინფორმაციები კი, რომელიც ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ბოლო პერიოდში გავრცელდა, ბუნებრივიასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს ყურადღების მიღმა არ რჩება.

„როგორც ჩანს, ასეთი ინფორმაციებიც იყო მიზეზი  საქართველოში მყოფი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებისა, როდესაც მან პირდაპირ, ღია ტექსტით მოუწოდა ქართულ ჯარს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩარეულიყვნენ. როგორც ჩანს, მათ ამგვარი ინფორმაციები საკმაო დოზით აქვთ მიწოდებული და გაანალიზებული. საქართველოში არაერთხელ  ჩატარებულა არჩევნები და არც ერთ მათგანს არ ჩაუვლია,  უცხოეთის მეთვალყურეობისა და ჩარევის გარეშე, მაგრამ  დასავლეთის მხრიდან მოწოდება, რომ ჯარი არ ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში, არასოდეს მომხდარა. რაკი ასეთი რამ გაჟღერდა დასავლეთის დიპლომატების მხრიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ გადამოწმებული ინფორმაცია აქვთ და, როგორც ჩანს, მსგავსი რამ მოსალოდნელია. აქედან გამომდინარე, მინდა მჯეროდეს, რომ დასავლეთი რეაქციას მოახდენს, იმაზე, რაც ხდება საქართველოში. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოში სტაბილურობა მართლაც დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებსი შედის, რადგან თუ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე მივიდა, არ მგონია ეს ლოკალური კატასტროფით დამთავრდეს, თუნდაც ამაში საქართველოს კატასტროფა ვიგულისხმოთ.

საქართველო არ მდებარეობს ისეთ მშვიდ რეგიონში, სადაც ერთ ქვეყანაში წამოჭრილი პრობლემები შეიძლება მხოლოდ ამ ერთ ქვეყანაში დარჩეს. თუ დასავლეთი არ ჩაერია, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირიპირებამ ძალიან ცუდი კონტურები მიიღოს და შემოტრიალდეს ზოგად კავკასიურ კონტექსტში. თუ საგარეო პროცესების მიმართ რაიმე ლოგიკა აქვთ შენარჩუნებული, მგონია, რომ დასავლეთს ეს არ უნდა აწყობდეს,“- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

გარდა ამისა, ექსპერტი კიდევ ერთ საყურადღებო ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი ნატოს დროებითი ბაზის ულიანოვსკში განთავსებაზე დათანხმდა, რომელზე გავლითაც განხორციელდება ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა.

„ეს თუნდაც დროებით განთავსება იყოს, მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს იმ გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც დღემდე იყო მსოფლიოში,“- ამბობს ლაგაზიძე.

თავის მხრივ, ობამას ადმინისტრაცია არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მოსკოვს გადასცეს ზოგიერთი საიდუმლო მონაცემები აშშ-ს სარაკეტო სისტემაზე, რომლებმაც უნდა დაიცვან ევროპა ირანის სარაკეტო დარტყმისგან.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, ნატოს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის დუმაში გამოსვლიდან არის ციტირებული, ხოლო სარაკეტო სისტემების შესახებ ინფორმაცია - სააგენტო „როიტერს“ პენტაგონის პრეს-მდივანმა მიაწოდა. არც ერთი და არც მეორე, ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ლაგაზიძე თვლის, რომ  რაკი ამაზე საუბარი მიდის, ეს უკვე თავისთავად უზარმაზარი, გლობალური გარღვევის მაჩვენებელია.

„ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რას მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს, მაგრამ ერთ რამეზე შეიძლება საუბარი, რა კონფიგურაციაც არ უნდა განლაგდეს, საქართველოში დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ხილვა არავის აწყობს. არც არავის არ უნდა ჰქონდეს იმისი იმედი, რომ ერთმანეთის პარტნიორობაში გართული რუსეთი და ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს იგნორირებას გაუკეთებს.

საქართველოს საზღვრის გასწვრივ უკონტროლო პროცესები, რამაც შეიძლება იგივე აფხაზეთში შექმნას უმართავი პროცესების განვითარების საფრთხე, არავის არ უნდა აწყობდეს, მითუმეტეს, თუ რუსეთი და ამერიკა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან,“- აცხადებს ლაგაზიძე.

მოკლედ, ექსპერტების შეფასებით, საქართველო კვლავ დასავლეთის ყურადღების ცენტრში რჩება, თუმცა ამ ისედაც ცხელ არჩევნებს, რომელიც საქართველოს შემოდგომაზე ელოდება კიდევ უფრო ართულებს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა და ფაქტობრივად, მოსახლეობის ტერორი.

„არც სტალინს და ბერიას და, სხვათა შორის, არც სხვა დიქტატორებს არ მოსვლია თავში, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიეწვიათ მოქალაქეები, მანდილოსნები გაეშიშვლებინათ საუბრის წინ და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სტრიპტიზ-ბარებად გადაექციათ. საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთ დამოკიდებულება არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაშიც ვერ დამშვიდდება, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა და ესეც კარგად წარმოუდგენიათ არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც, ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც, არქტიკაშიც და ანტარქტიდაზეც,“ - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

თუ ამომრჩეველს, რომელშიც საპროტესტო ელექტორატის წილი ძალიან დიდია, არ მიეცა არჩევნებში რეალური მონაწილეობის საშუალება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მოსახლეობას მოთმინების ძაფი მართლაც, საბოლოოდ გაუწყდეს.

„ფორმალურ არჩევნებს არ ვგულისხმობ და ეს არ არის უშუალოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი არჩევნებამდე - თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგება, ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ საზოგადოება ნიჰილიზმში ჩაიძირება, არჩევნებზე არ წავა და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. თვითონ საზოგადოებიდან შეიძლება წამოვიდეს ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი, რომლის შეჩერებაც შეიძლება გაუჭირდეს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ამაზე ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს,“- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

რამდენად აწყობს ხელისუფლებას ხალხის მღელვარება, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ აქამდე არაერთხელ, არჩევნების წინ, ქუჩაში გამოსული ოპოზიცია ქუჩაშივე, არჩევნებამდე დაამარცხა ხელისუფლებამ და შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც იგივე სცენარით ცდილობდეს წარმართოს მოვლენები. თუმცა, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი თვლის, რომ ხელისუფლების ქმედებას სხვაგვარი ახსნაც შეიძლება მოეძებნოს.

მარინა ჩიტაშვილის შეფასებით, ხელისუფლებისათვის  ნამდვილად მომგებიანი იქნება არასამართლებრივი გზით წასვლა.

„ვგულისხმობ ქუჩაში გამოსვლას, დემონსტრაციებს, ბუნტის მსგავს მოვლენებს. მსგავს შემთხვევაში, კოალიციის განაცხადი, რომ მათ სურთ, არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება. თანაც, ამისი პროპაგანდირება მშვენივრად მოხდება სამი ნაციონალური არხით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „იმედი“. მაგრამ იმის განცხადებაზე, რომ ხელისუფლების მოქმედება, მაინც და მაინც, ამ მიზანს ემსახურება, თავს შევიკავებდი. ასეთი ქცევა შეიძლება იმისკენაც იყოს გამიზნული, რომ ადამიანები დააშინონ და მესამე, ამ ქცევის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიუდებელი სასამართლო და არ არსებობს გამიჯნული აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, რაც ასეთ შემთხვევაში, იძლევა კარგ საშუალებას იმისათვის, რომ თავისი მოქალაქეების მიმართ განხორციელდეს არასამართლებრივი ქმედება.

ამ სამიდან რომელი კონკრეტული მოტივით არის განპირობებული ხელისუფლების ქმედებები, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ სამივე შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად, მაინც და მაინც დაცულად ვერ გრძნობს ადამიანი თავს ამ ქვეყანაში,“- აცხადებს მარინა ჩიტაშვილი.

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლების ქმედებებზე ოპოზიციას, რა იქნება მათთვის და ქვეყნისთვისაც უფრო მომგებიანი, საზოგადოების ფართო ფენებისთვის ნაკლებად გასაგებია. ხალხი ხედავს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ბოლო ხმაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ლანძღავს და აგინებს ოპოზიციას. მისი გუნდი კი მოსახლეობის მასობრივი ტერორს აწყობს.

მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლისგანაც საზოგადოება ბევრს ელოდება, თუმცა ჰიპერაქტიური სააკაშვილისგან განსხვავებით, მათი ქმედებები საკმაოდ დინჯია. საზოგადოების ნაწილში ოპოზიციის პასიურობა ხშირად უკმაყოფილებასაც იწვევს, განსაკუთრებულად კი ბიძინა ივანიშვილისგან მოელიან საპასუხო ქმედებებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების შეშფოთების მიზეზი ამ ეტაპზე ნაკლებად აქვს და ოპოზიცია დაგეგმილი, რაციონალური ნაბიჯებით მიიწევს წინ.

„წარმოვიდგინოთ საპირისპირო ვითარება, რომ ივანიშვილია სუპერაქტიური და სააკაშვილი დინჯი, დაწყნარებული. ვისი რეიტინგი უფრო მყარი იქნებოდა ასეთი ქმედებით? მე მგონი, მივალთ დასკვნამდე, რომ დღეს უნდა გაკეთდეს დღევანდელი გასაკეთებელი, ხვალ ხვალინდელი და წინმსწრები, მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული ქმედებები მხოლოდ ვნებს პოზიტიურ შედეგს,“- მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საზოგადოების განწყობაც გასაგებია, რადგან ბოლო წლებში დეფიციტი იყო ისეთი ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც მისი ინტერესების დაცვას შეძლებდნენ. სწორედ აქედან იყო ის ნიჰილიზმიც  განპიროპბებული, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს ოპოზიციური პარტიების მიმართ გააჩნდა.

„მოდით ასე დავსვათ საკითხი - რა შეიძლება დღეს გააკეთოს ოპოზიციამ? შეიძლება ვუპასუხოთ - ძალიან ბევრი რამ. ბოლო დღეების აქციების პასუხად ოპოზიციას შეუძლია მართლაც ასიათასობით ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში, მაგრამ მერე რა? არჩევნები არის ოქტომბერში ეს ასიათასობით ქუჩაში გამოსული ადამიანი სად უნდა წაიყვანოს, ისევ სახლებში შეაბრუნოს ოქტომბრამდე? ეს გაცილებით ცუდი შედეგი იქნება, ვიდრე ის ტაქტიკა, რაც დღეს ოპოზიციას აქვს არჩეული. ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანა ძალიან ადრეა და ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ეს მძაფრად უარყოფითი მუხტი, რომელიც საზოგადოებაშია, პატარა ნაპერწკალს ელოდება, რომ აფეთქდეს,“- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტის განმარტებით, როდესაც საზოგადოება ვიღაცის მხარდასაჭერად გამოდის, ის ასეთივე დოზით ელოდება მხარდაჭერას და გაცილებით მეტადაც. როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზურგის გარეშე დარჩნენ, მათი გულისწყრომაც გასაგებია, მაგრამ გარდა იმისა, რაც ხდება, ექსპერტი თვლის, რომ რთული წარმოსადგენია სხვა რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ.

„დიპლომატებთან შეხვედრაზე იყო მოთხოვნა, რომ დასავლეთი ბევრად მეტი აქტიურობით უნდა ჩაერთოს პროცესებში, თუ მას არ უნდა საქართველოში შეუქცევადი პროცესების მოწმე და თანამონაწილე გახდეს. შესაძლოა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თუ დასავლეთმა თავისი მკვეთრი რეაქცია არ დააფიქსირა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის იქნება იმ პროცესების თანამონაწილე, რომელიც საქართველოში შეიძლება განვითარდეს. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, საქართველო არ სარგებლობს დღეს დამოუკიდებლობის იმ ხარისხით, რომ თვითონ მოახდინოს ხელისუფლების არჩევა. საქართველოში ხელისუფლების არჩევის პროცესში ბოლო 20 წელია არანაკლები ინტენსივობით მონაწილეობენ დასავლეთის პოლიტიკური ელიტები და სწორედ ახლაა ის პროცესი, როდესაც დასავლეთმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალი არსებობის პროცესში,“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მარინა ჩიტაშვილის განმარტებით, აქამდე ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა ოპოზიციის ქუჩაში გამოტყუებას, თუმცა დღეს სიტუაცია შეცვლილია.

„სპონტანური, დაუგეგმავი ქცევა დამახასიათებელია ისეთი ჯგუფისათვის, რომელიც იღებს მაღალ რისკს, რომ ეგებ, ამ კონკრეტული მომენტისთვის შეიცვალოს რაიმე. საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც დაგეგმილად და მეთოდურად მიდის, ყოველთვის ირჩევს რაციონალურად გათვლილ ნაბიჯებს. ამისი სასუკეთესო მაგალითია პოლონეთის მოძრაობა „სოლოდარობა“, რომელსაც ჰქონდა აღმავალი პერიოდი, როდესაც გამოსვლები და დემონსტრაციები დაიწყეს, თუმცა შემდეგ, პოლონეთის გათავისუფლებას 11 წელი დასჭირდა. თუმცა, ისინი რაციონალურად გათვლილი ნაბიჯებით მიდიოდნენ წინ.

ამ ეტაპზე, ოპოზიციის წყობიდან გამოყვანას მე მგონია, ალბათ, ვერ შეძლებენ და ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს ამისი მიზეზი, შესაძლოა, იყოს ქუჩაში ხალხის დახვრეტა, დაახლოებით იგივე სიტუაცია, რასაც ასადი აკეთებს სირიაში,“-აცხადებს მარინა ჩიტაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის რეიტინგს არჩევნებისთვის, ექსპერტები თვლიან, რომ ეს მაინც მათ სტრატეგიასა და ტაქტიკაზეა დამოკიდებული. არჩევნებამდე დიდი დროა, თუმცა არ არსებობს წინაპირობა ოპოზიციის რეიტინი ისე დაეცეს, რომ სამართლიან და ობიექტურ არჩევნებში დამარცხებისთვის იყოს განწირული.