ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა Anonymous-მა „ისლამურ სახელმწიფოს" ომი გამოუცხადა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, Anonymous-მა ინტერნეტში ვიდეო განათავსა, სადაც მან „ისლამურ სახელმწიფოს“ ომი პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო გამოუცხადა.
ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია თავისი კიბერ თავდასხმებით საეჭვო ორგანიზაციებსა და ადამიანებზე, ვიდეო ინტერნეტში 13 ნოემბრის ღამეს ატვირთა.
მასში ნიღბიანი პირი ISIS-ს ფრანგულად მიმართავს - „უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გიპოვით და არ გაგიშვებთ".
„ჩვენ ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ თქვენ წინააღმდეგ. მოელოდეთ კიბერ თავდასხმებს. ომი გამოცხადებულია. მზად იყავით. ფრანგი ხალხი თქვენზე ძლიერია და ამ ძალადობის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი იქნება", - აცხადებს ნიღბიანი პირი.
ჰაკერთა ჯგუფმა, რომელშიც აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაწევრიანებულები, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანია იანვარში შარლი ებდოს ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო. Foreign Policy-ს გამოძიების თანახმად, ჯგუფმა „ისლამური სახელმწიფოს" 149 ვებ-გვერდი გატეხა, ამასთან Twitter-ის 101 000 პროფილი და 5 900 პროპაგანტისტული ვიდეო გამოამჟღავნა.
მიუხედავად იმისა, რომ Anonymous თავდაპირველად აპოლიტიკური ჯგუფი იყო და არანაირი იდეოლოგია ან გეგმა არ გააჩნდა, ბოლო დროს ის ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების დამცველად გვევლინება.
13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.