აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები დაგმო და საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტ ობამას განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ობამას შეფასებით, ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე.
ბარაკ ობამას თქმით, აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს. "ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ არის ტერაქტების ორგანიზატორი, თუმცა აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ტერორისტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.
შეიარაღებულმა პირებმა თეატრ "ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეების გაქცევა არ დაუშვან.