„მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა კოდექსის განხორციელებისთვის საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას“

„მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა კოდექსის განხორციელებისთვის საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას“

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის საშა გრაუმანის განცხადებით, საქართველოში ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებას გულისხმობს.

ამის შესახებ საშა გრაუმანმა სასტუმრო „Holiday Inn“-ში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაცია ეცნობა.

საშა გრაუმანმა აღნიშნულ კოდექსს ინოვაციური და ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

„რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვენი და ძალიან ინოვაციური საქართველოსთვის. დღევანდელი კონფერენცია საშუალებას აძლევს რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისწავლონ და გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება ამ კოდექსთან დაკავშირებით. ახლა დგება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, განხორციელების ეტაპი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ასევე ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ კოდექსის განხორციელებისთვის. ის მოვლენები, რაც გასულ კვირას მოხდა, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატის შემთხვევას ვგულისხმობ, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ბევრი გამოწვევა იქნება. მთავარია, რომ ყველამ გაიაზროს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებების, სამუშაო პრაქტიკის შეცვლას ამ კოდექსის განხორციელების ეტაპზე. ეს ძალიან რთული საქმეა, ამიტომ ყველა პროფესიონალმა უნდა გაიაზროს, რომ კოდექსი მას ბევრ და ახალ პასუხისმგებლობას აკისრებს“, - განაცხადა გრაუმანმა.

საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წლის 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალუზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ.

არასრულწლოვანთა მიმართებით, ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი. დაგეგმილია, რომ კოდექსი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდეს.