„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე“

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი კოდექსი და ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე.

ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციაზე განუცხადა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაცია ეცნობა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი კოდექსი და ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების ინტერესი გარკვეულწილად უკანა პლანზეა გადატანილი და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის, ასევე დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული, როგორც სისხლის სამართლის წარმოების პროცესში, ასევე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი არასრულწლოვნის მიმართაც. აღნიშნული კანონმდებლობა არის გაერო-ს კანონმდებლობის მოდელზე შექმნილი, თუმცა, აქ გათვალისწინებულია ქართული სამართლებრივი კულტურისა და ტრადიციების არსებობის საჭიროება, რომელიც ქართულ რეალობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას ყოველთვის ახლდა, მაგრამ ეს კანონმდებლობა გაბნეული იყო სისხლის სამართლის მატერიალურ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ქართული კანონმდებლობა არის პირველი, რომელმაც გააერთიანა და კომპლექსურად შეაჯამა აღნიშნული ნორმები და რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე, ბავშვის მოსმენის უფლებაზე და სხვა მრავალ საერთაშორისო პრინციპზე ორიენტირებული კანონმდებლობა შექმნა.

გვენეტაძის განმარტებით, ახლა უმთავრესია ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია.

„თქვენ იცით, რომ ის სრული სახით 2016 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და ერთ-ერთი მთავარი როლი, ამ შემთხვევაში სამართალწარმოების განხორციელების ეტაპს უჭირავს“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წლის 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალუზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ.

არასრულწლოვანთა მიმართებით, ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი. დაგეგმილია, რომ კოდექსი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდეს.