უცხოური ბრენდები ლაურა ღაჭავას ფაბრიკასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ

უცხოური ბრენდები ლაურა ღაჭავას ფაბრიკასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ

TAC-მა საქართველოს შეკვეთები შეუწყვიტა, Zara-მ კი ქართულ მხარესთან თანამშრომლობის დაწყება გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს" სამკერვალო ფაბრიკა "ელ ჯი"-ს დამფუძნებელმა, ლაურა ღაჭავამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მისი კომპანია ტექსტილის თურქული ბრენდის, TAC-ისთვის პროდუქციას წლების განმავლობაში კერავდა, თუმცა ბრენდის წარმომადგენლებმა ქართული ბაზარი ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო დატოვეს.

ანალოგიური მიზეზი დაასახელეს ესპანური ბრენდის, ZARA-ს წარმომადგენლებმაც, რომლებიც ლაურა ღაჭავას ფაბრიკისათვის შეკვეთების მიცემას აპირებდნენ.

„ზარას" წარმომადგენლებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს, პოლიტიკური სიტუაცია არ მოგვწონს და ცოტა ხნით თავს შევიკავებთო. TAC-მა კი ბაზარი დაახლოებით ორი თვის წინ დატოვა. ბოლო ორი თვეა გავიყინეთ. ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები არ შემოდიან. მიზეზად არსებულ მდგომარეობას ასახელებენ - გინდა, არ გინდა, ბიზნესი მაინც პოლიტიკასთანაა მიბმული, სხვანაირად გამორიცხულია. არ უნდათ ინვესტიცია ჩადონ და მერე რაღაც აირიოს. ძალიან ფრთხილები არიან" - განმარტავს ღაჭავა.

მისი ინფორმაციით, კომპანია მოლაპარაკებებს იტალიურ და შვედურ კომპანიებთანაც აწარმოებს. 

„იქნებ ევროპაში სხვა შეკვეთები მაინც ავიღოთ. შვედური მხარის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი ფაბრიკა, აღფრთოვანებულები წავიდნენ და შეგვატყობინებენ პასუხს, რას გადაწყვეტენ. მეშინია, პოლიტიკური ვითარების გამო მათაც უარი არ თქვან" - აცხადებს ღაჭავა.