იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მიუჟნიეკის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება გააცნო.
"ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ მას ეს ესმის, თუმცა, როგორც ჩანს, მან არ მიმართა რუსეთს და ვერ ამიხსნა რატომ, იმისთვის, რომ მოეთხოვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა. იმის ახსნა, რომ რუსეთი აკონტროლებს ამ ტერიტორიებს, ის, რომ რუსეთია ოკუპაციის ავტორი, ალბათ არ უნდა გვიწევდეს მრავალჯერ, იმიტომ, რომ ეს არის რეალური. დასანანია, რომ ყველა ძალისხმევას არ მიმართა კომისარმა იმისთვის, რომ ამ ვიზიტისას მაინც მოხვედრილიყო იმ ტერიტორიებზე და ენახა რა უფლებრივი მდგომარეობაა იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იურისდიქციას ვერ ახორციელებს. ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ამას შეეხო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, თეა წულუკიანის ინფორმაციით, მათ პროკურატურის რეფორმაზეც ისაუბრეს.