საქართველო ევროპისთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით პასუხისმგებლიანი პარტნიორი იქნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ გასწია უდიდესი სამუშაო დავალების შესრულების კუთხით.
"პრაქტიკულად, ყველა მუხლი ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში შესრულებულია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გავცდით კიდევაც იმ სავალდებულო ჩარჩოებს, რომლებიც მოცემული გვქონდა. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იქნას აღმოჩენილი ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში. ასე რომ, ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ანგარიში, რომელიც უნდა იქნას გამოქვეყნებული დეკემბრის შუა რიცხვებში, იქნება დადებითი. რაც შეეხება ამის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველოსთვის გახსნილი იქნას ვიზლიბერალიზაციის საკითხი, ანუ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ და ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროპის ტერიტორიაზე, აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დადებითი პერსპექტივაა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადებებს გამოეხმაურა.
"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ვიზიტს ფედერიკა მოგერინის, მის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველომ ნამდვილად ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია და დიდი ალბათობით, ჩვენ უნდა ველოდოთ, პოზიტიურ ახალ ამბებს ამ მიმართულებით. ასევე მთავრობის ყველა სტრუქტურა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპულ სახელმწფოებთან ორმხრივ რეჟიმში, რათა კიდევ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების თაობაზე და მათ მაქსიმალურად განვუმარტოთ, რომ რისკები ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან არ არსებობს. საქართველო ევროპისთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით პასუხისმგებლიანი პარტნიორი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.