ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომისართან გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების უფლების უზრუნველყოფის საკითხი განვიხილეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე - რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ საერთაშორისო მისების დაშვება მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დღეს არის ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად ხელშეწყობა.
"მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დღეს გახლავთ მაქსიმალურად ხელშეწყობა ადამიანებს შორის ურთიერთობის განვითარების, მხედველობაში მაქვს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი. ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, მათ შორის, იმ საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა, რომლებიც მოწოდებულები არიან ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმთ, დღეს შეხვედრა გაიმართა ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომისართან, სადაც განხილულ იქნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.
"სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომისართან, სადაც განხილული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის, როგორიცაა, მაგალითად, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების უფლების უზრუნველყოფა. ჩვენ მივიღეთ დაპირებები, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება მიექცევა ამ პრობლემას და ასევე გვქონდა განხილვა, თუ რა მექანიზმებით შეიძლება უზრუნველვყოთ საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობა მოწოდებულია, რომ გამოძებნოს ასეთი ტიპის ინსტრუმენტები და გზები, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რუსეთთან დიალოგის გზით, საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა ამ პრობლემების გადაწყვეტაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.