ექსტრემისტული საფრთხეების გამო მოსკოვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს მოსკოვის სამმართველოს უფროსმა ანატოლი იაკუნინმა, ტელეკომპანია "როსია24"-ის ეთერში განაცხადა.
"მოსკოვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობა გავაძლიერეთ იმ საფრთხეების გამო, რომლის შესახებაც ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ", - განაცხადა მან.
იაკუნინის ცნობით, პოლიცია ამოწმებს სამეწარმეო ზონებს, ბაზრებსა და ყველა იმ ადგილს, სადაც შესაძლოა, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან ტერორიზმთან დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ. როგორც იაკუნინმა განაცხადა, გაძლიერებულია სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მეტროპოლიტენის კონტროლი.
პარალელურად, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება დაიწყეს, რომლის მიხედვითაც, ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩასული 18 თვითმკვლელი ტერორისტი მოსკოვსა და ყაზანში ტერაქტებს გეგმავს. შეტყობინებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მოსახლეობამ სახალხო ადგილებში ყოფნისგან თავი უნდა შეიკავოს, განსაკუთრებით კი, ეს სავაჭრო ცენტრებს ეხება.
როგორც რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევმა განაცხადა, "შსს ყველა საჭირო ზომას მიმართავს აღნიშნული ტექსტის გავრცელების წყაროს დასადგენად".
რუსეთში აღნიშნულ ინფორმაციას "პროვოკაცია" უწოდეს, რომლის მიზანიც "საზოგადოებაში დაძაბულობისა და პანიკის დათესვაა".