ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილეს.
ანგარიშში ასახულია 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმების და აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინდელმა განხილვამ ნათლად წარმოაჩინა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე მიაღწია ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები; წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება; უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც არის - პრემიერ-მინისტრთან ადამიანის უფლებათა საბჭოს დაარსება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავება და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება.
„ეს განხილვა ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და გაერო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან თავიანთ გამოსვლებში ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფა. ანგარიშის განხილვის პროცესში გამოითქვა რეკომენდაციები იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში კვლავ რჩება. წევრი სახელმწიფოების მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა ადამიანის უფლებათა პრაქტიკულად ყველა სფეროს, თუმცა, ყველაზე ხშირად და მწვავედ დასმულ პრობლემებს შორის გამოიკვეთა ქალთა და ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია და ა.შ“ , - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, 12 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ანგარიშის დამტკიცება, რომელშიც აისახება საქართველოს მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაცია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში ამგვარი პროგრესის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს აფასებენ და ხედავენ ჩვენი პარტნიორები“, - აღნიშNა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის დელეგაცია მადლობას უხდის განხილვაში მონაწილე დელეგაციებს გამოთქმული შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის. განხილვაში მონაწილეობა გაერო-ს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო.
„ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს განვითარების პროგრამას დაინტერესებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით და მოხარული ვართ, რომ ქვეყანამ ღირსეულად შეაბიჯა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი დონის გაერთიანებაში, სადაც ის გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დაცვას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.