ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დროებითი მმართველის, დავით დვალის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს.
გვარამიამ დავით დვალის განცხადებებს ბოდვა უწოდა და აქვე მოუწოდა, რომ მივიდეს სასამართლოში და აღიაროს, რომ მიმდინარე პროცესები, მის ინტერესებში არ შედის.
"რაც შეეხება ბოდვას, რომლიც მოვისმინეთ, რომ აქ აპირებს ვინმე ტექნიკის დაზიანებას და ა.შ. ნუ იმსჯელებთ თქვენი გაფუჭებულობის ხარისხიდან მეგობრებო, ამ კომპანიაში მე 3 წელია ვმუშაობ, სისხლი მაქვს ჩანთხეული გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე თქვენ - ბატონო დვალო. ეს არის მედიაქალაქი და არა ოროთახიანი ოფისი, აქ ყველაფერს ჩემი ხელი აქვს შეხებული, მათ შორის ტექნიკასაც, რომელსაც არათუ დავაზიანებ, ყველანაირად გავუფრთხილდები. თქვენ ხართ მშიშრები, თქვენ თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან და დღეს, სამი დღე სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ. ჩვენ აქ გამოკეტილები ვართ, როგორც ქაჯეთის ციხეში და კომპანიის ინტერესებს ბოლომდე ვიცავთ. დღეს დაადასტურეთ, რომ მთელი ეს დემაგოგია, რომ ტელეკომპანია უნდა დაიცვათ, სრული სისულელეა. პირველივე ხელის დაქნევაზე გაიქცევით აქედან, თქვენი სახლიდან გაიქეცით დღეს და უკანალზე ირტყამთ ფეხებს, ისეთი ტემპით გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ? გამოსავალი ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ეს არ შედის თქვენს ინტერესებში. სამართლებრივად ეს უმარტივესია და მიიღებთ სამართლებრივ შედეგს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ "პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე, "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა და რეზო საყევარიშვილმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანაახმადაც, ტელეკომპანიის მართვის უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს გადასცა. თავის მხრივ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს დროებითი მმართველის უფლებამოსილებაზე.