ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს , ტელეკომპანია "დისტანციურად მართონ", თუკი ოფისში შესვლა არ უნდათ.
შესაბამისი განცხადება უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განმარტა, რომ დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზებაზე, შეასრულოს დროებითი მმართველის ფუნქცია, უარს ამბობს.
"მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა და მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა, ჩემი თანხმობა. თქვენ, ბატონებო, გაქვთ ყველანაირი ვალდებულება მიღებული თამაზ ურთმელიძისგან, რომლის გადაწყვეტილებასაც თქვენც არ ეთანხმებით თურმე. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება. თუ არ მობრძანდებით აქ და არ შემოხვალთ ოფისში, დისტანციურად შეასრულოთ უფლებამოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას აქვს, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ ყველანაირი წვდომა ბუღალტერიასთან. ჩვენ ეს აღარ გვაქვს უკვე მას შემდეგ, რაც თქვენ დაინიშნეთ დროებით მმართველებად. ასე რომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები", - მიმართა უდუმაშვილმა დავით დვალსა და რეზო საყევარიშვილს.
მისივე შეფასებით, "მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში".
"თუმცა, ბატონებო, ამას ვერ მოესწრებით, გპირდებით", - აღნიშნა უდუმაშვილმა.