ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უფლებამოსილებაშეჩერებული გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელევიზიის დროებით მმართველებს ერთადერთი ეფექტური გამოსავალი დარჩათ.
როგორც გვარამიამ განაცხადა, დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა უნდა აიძულონ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომ აღიაროს "რუსთავი 2"-ის საჩივარი.
"მესმის ბატონი დვალის და ბატონი საყევარიშვილის, რომ მათ სურთ ამ პროცესებიდან გასვლა. გამოსავალი ერთადერთია - მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ეს გსურთ. აიუძლეთ თქვენი გუნდის წევრს, როგორც დღეს თავი წარმოადგინეთ გუნდად, ბატონ ხალვაშს, რომ აღიაროს ჩვენი საჩივარი. კი ბატონო, ქონებრივი დავა გააგრძელოს, ის არ კარგავს საკუთრებით უფლებებს, მაგრამ აღიაროს ის საჩივარი, რაც შევიტანეთ და ეს პროცესი ამოწურული იქნება. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური და ეფექტური გამოსავალი", - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ "პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველმა, დავით დვალმა და რეზო საყევარიშვილმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანაახმადაც, ტელეკომპანიის მართვის უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცა. თავის მხრივ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს დროებითი მმართველის უფლებამოსილებაზე.