დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკუთარი განცხადების გადახედვას ურჩევს. როგორც პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ აღნიშა, პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მარგველაშვილმა მმართველ გუნდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უნდა გადახედოს.
"იმ საკითხზე საუბარი ძალიან არ მსიამოვნებს, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო. ჩემსა და ჩემი კოლეგების მიმართ რამდენიმე კითხვა დაისვა, როგორ ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება, მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პარტია, გარდა კოალიციისა, დგას ერთ პოზიციაზე და თურმე ჩვენ გავეყარეთ, გავემიჯნეთ ყველას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს თავის პოზიციას, რადგან მის პოზიციას უსმენენ. მინდა, ჩემს უკრაინელ კოლეგებს მივმართო, როგორ მოეწონებოდათ, რომ იანუკოვიჩი საქართველოში მაღალ პოზიციაზე იყოს და პირდაპირ სისხლისღვრის ორგანიზებას გეგმავდეს უკრაინის ტერიტორიაზე",-განაცხადა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.