"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, ზაალ უდუმაშვილისთვის დროებითი მმართველის უფლებების გადაცემა ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.
როგორც საყევარიშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, 15 ნოემბრამდე უნდა მოგვარებულიყო დროებით მმართველთან დაკავშირებული პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა.
"ჩვენ ვიცით ერთი კონკრეტული თარიღი 15 ნოემბერი, როდესაც უნდა მოხდეს ტელეკომპანიის მხრიდან საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ის ხდება ურჩი გადამხდელი და მას შეიძლება დაეკისროს გარკვეული სანქციები. სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, იმისთვის, რომ ტელეკომპანია იყოს პირნათელი, გამოინახა გზა, რომ ჩვენ ამ უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინოთ იმ ადამიანზე, რომელიც როგორც ვიცი, მისაღებია კოლექტივისთვისაც, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობა. ეს არის პირველი რიგის პრობლემა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს", -განაცხადა საყევარიშვილმა.