ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის დავით დვალის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაში მოყვანილმა ფორმულირებებმა, მათი დანიშვნის შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
როგორც "პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე დვალმა აღნიშნა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ნაჩქარევად იყო მიღებული.
"არსებობს მრავალი დადასტურებული ინფორმაცია იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული გეგმები ისახება "რუსთავი 2"-ში, საუბარია ახალი ტელევიზიის შექმნაზე, საუბარია იმაზე, რომ ისე წავალთ იქიდან, აპარატურას დავაზიანებთ და ა.შ. რეალურად პრობლემა იყო ის, რომ ორგანიზაციას რაიმე ზიანი არ მიყენებოდა და მის ფუნქციონირებას პრობლემა არ შექმნოდა. ჩვენი მოტივაცია, როდესაც დროებით მმართველობას დავთანხმდით, იყო ეს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევად იყო მიღებული. ფორმულირებებმა, რაც იქ გაჟღერდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეც ვეთანხმები, რომ მოსამართლის დადგენილებაში საკამათო პუნქტებია გაჟღერებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვები რამდენად ვარ მიუკერძოებელი პირი. რადგან ამაზე ეჭვები არის, ჩვენ მზად ვართ გასაჩივრდეს შემდეგ ინსტანციაში და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით ფუნქციონირებას", - განაცხადა დავით დვალმა.