სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
"იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი - ჩვენ არ შევდივართ "რუსთავი 2"-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართვაზე, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.
დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს.მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია", - აღნიშნა დავით დვალმა.