თბილისში, სასტუმრო "მერკურში", საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის - "კომბინირებული მატარებელი ვიკინგის" (VIKINGI train) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისიტკური კომპანიების სამუშაო თათბირი იმართება.
საქართველოს რკინიგზა VIKINGI train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.
კომბინირებული სატრანსპორტო მატერებელი VIKINGI train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. კომბინირებული სატრანსპორტო მატარებლის, "ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა "ბალტიის ზღვა – შავი ზღვის" მიმართულებით საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდვების სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის, საკონტეინერო და საკონტრეილერო მატარებლების მარშუტების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.
"პროექტში საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია იმისთვის, რომ საქართველომ შეიძინოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.
საქართველო გახდება "ვიკინგის" და "ტრასეკას" სატრანზიტო კორიდორის შემაერთებელი კვანძი", – აღნიშნულია პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირის სატრანსპორტო კომისიის მიერ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი "ვიკინგი" დასახელებულია, როგორც საუკეთესო ევროპული პროექტი სატვირთო გადაზიდვების სექტორში.
მოახლოებულ შეხვედრაზე მხარეების მიერ განიხილება ანგარიში პროექტის მიმდინარეობის და სამომავლო პესპექტივების თაობაზე, მიღებული იქნება ახალი კონკერუნენტუნარიანი სატარიფო გადაწყვეტილებები, ასევე დღის წესრიგის თანახმად განიხილება აზერბაიჯანული მხარის პროექტზე მიერთების საკითხი.
"აღნიშნული პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩრდილეოთევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები დაუკავშირდნენ შავი ზღვის აუზს. აღნიშნულ პროექტში გაწევრიანებულია რვა ქვეყანა, მოსალოდნელია, რომ მოხდება აზერბაიჯანის მიერთებაც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ შუა აზიის ქვეყნები დავაკავშიროთ ჩრდილოეთ ევროპას", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.