საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , ღონისძიებას მსხვილი ბერძნული ბიზნეს ჯგუფების ხელმძღვანელები, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და საბერძნეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრის მარდასი დაესწრნენ.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ბერძნული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტის ამოქმედების შემდგომ არსებულ შესაძლებლობებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2016 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლოს.