ფედერიკა მოგერინი - იმედი მაქვს, მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს

ფედერიკა მოგერინი - იმედი მაქვს, მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს

იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს ვიზალიბერალიციის პროცესთან დაკავშირებით,– განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესებში რეალურად პოზიტიურია.
"მართალია ვერ გავაკეთებთ წინასწარ პროგნოზს, მაგრამ აშკარად ვხედავთ და ვჭვრეტთ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ,"–აღნიშნა მოგერინიმ.
მისივე თმით, ევროკავშირი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს შიდაპოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვეს მომავალი საარჩევნო წლის მნიშვნელობას. 
"ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ეს გახლავთ მედიაპლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში", - "–განაცხადა მოგერინიმ. 
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფედერიკა მოგერინის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და შეხვედრის შედეგები შეაჯამა. 
"გვქონდა საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავდროულად, საქმიანი შეხვედრა. ვისაუბრეთ დღის წესრიგში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე. ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოს, წარმატებისათვის. ქალბატონ მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა, რათა დასახული საერთო მიზნები რეალობად ვაქციოთ. ზუსტად ერთ კვირაში, 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შევაჯამოთ არსებული პროგრესი და მოვამზადოთ საფუძველი ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის,"–განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიზანია იყოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში წარმატების ნათელი მაგალითი. 
"ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებას ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად, ჩვენ გამოვთქვით მზაობა 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას,"–განმარტა პრემიერ–მინისტრმა. 
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტია. მისი თქმით, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი დააჩქარებს ქვეყნის ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ მიმართულ ძირეულ რეფორმებს. 
"ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება. ეს გადაწყვეტილება იქნება ნათელი დასტური საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს,"–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღის ბოლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად ეწვევა ე.წ. გამყოფ ხაზს, რაც მოგერინის განმარტებით, არის ევროკავშირის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხშირად გავაჟღეროთ ეს მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ–მინისტრისგან მოვისმინე ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის მნიშვნელობის აღიარება და ჩვენ გავაგრძელებთ სასაკუთარი წვლილის შეტანას სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით,"–განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 
ფედერიკა მოგერინის ვიზიტი პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. 
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.